x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
პუტინს გამოძინება სჭირდება

imageრუსეთის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტი ვადაზე ადრე
დატოვა. მაშინ, როდესაც ავსტრალიურ ბრისბენში მსოფლიო ლიდერები სამუშაო სადილზე იკრიბებოდნენ,
კრემლის ლიდერმა დასამშვიდობებელი პრეს-კონფერენცია
გამართა, რომელზეც სამშობლოში ნაჩქარევად დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. ნაადრევად
წასვლის მოტივად პუტინმა დატვირთული სამუშაო გრაფიკი და უძილობა დაასახელა.
„აქედან ვლადივასტოკამდე ცხრა საათი უნდა ვიფრინოთ,
ვლადივასტოკიდან მოსკოვამდე- კიდევ ექვსი. ორშაბათს სამსახურში უნდა გავიდე. მინდა
4-5 საათი მაინც ვიძინო, “-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, თუმცა როგორც დასავლური მედია
წერს, პუტინს ძილი არა დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა, არამედ ფორუმის მონაწილეების
არაკეთილგანწყობილმა ჟესტებმა დაუფრთხო.
კრემლის აგრესიული პოლიტიკით აღშფოთებული დასავლელი
ლიდერები კორექტურობის ზღვარსაც კი გასცდნენ და პუტინს არა უკრაინიდან გასვლის, არამედ
„გათრევისკენ“ მოუწოდებდნენ. კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა „დერჟავის“
ლიდერს ყველას გასაგონად „ხელის ჩამორთმევაც“ კი დაამადლა.

ბრისბენის სამიტის ყველაზე არასასურველი სტუმარი მაქსიმალურად
შეეცადა პრეს-კონფერენციაზე სიმშვიდე შეენარჩუნებინა და კორექტური ყოფილიყო. ფორუმი მან პროდუქტიულად და
კონსტრუქციულად შეაფასა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, კომენტარების გაკეთება უკრაინის
თემაზეც მოუხდა. პუტინის თქმით, სამიტზე უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა,
თუმცა ორმხრივ შეხვედრებზე მთავარი თემა სწორედ
უკრაინის კრიზისი იყო.

ყველაზე დიდ ინტერესს სამიტზე პუტინისა და მისი აგრესიული
პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის, დევიდ ქემერონის შეხვედრა
იწვევდა. ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე
რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო და კრემლს მეზობელი ქვეყნის
სუვერენიტეტის
პატივისცემისკენ მოუწოდა. დასავლეთის მოთხოვნები
ქემერონმა პუტინს ბრისბენის სამიტზეც სიტყვასიტყვით გაუმეორა და კრემლის
ლიდერს სანქციების
გამკაცრებითაც დაემუქრა, თუმცა დასავლელი კოლეგების კრიტიკასა და მუქარაზე
რუსეთის პრეზიდენტს ამჯერად მისთვის ჩვეული ადექვატური რეაქცია არ
ჰქონია.

„დიალოგი იყო საკმაოდ გულახდილი, კონსტრუქციული და ძალიან საჭირო. ვფიქრობ, ჩემს კოლეგებს გასაგებად
ავუხსენი რუსეთის მოქმედებების მოტივი, მათ კი საკუთარი შეშფოთება გამიზიარეს. ვფიქრობ
ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. რაც უნდა გასაკვირი იყოს, უკრაინაში კრიზისის დარეგულირების
კარგი პერსპექტივა არსებობს. ძალიან მინდა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ეს რაც
შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ, “-განაცხადა პუტინმა.

თუ როგორ აპირებს უკრაინის კრიზისის დარეგულირებას და
რა სახის თანამშრომლობას სთავაზობს „უკრაინელ პარტნიორებს, “ პუტინს არ დაუკონკრეტებია,
თუმცა ფაქტია, რომ დასავლელი ლიდერების არაკეთილგანწყობილ ჟესტებზე წყენა ხმამაღლა
არ გამოუხატავს. პუტინმა ბრისბენი უხმაუროდ დატოვა და დატოვა მანამდე, სანამ სამიტის
მონაწილეები ერთობლივ კომუნიკეს მიიღებდნენ.

ბრისბენი-ვლადივასტოკი-მოსკოვის მარშრუტს პუტინის თვითმფრინავი
დღის ბოლომდე დაფარავს, რის შემდეგაც პუტინს, მისივე სიტყვებით, „გამოძინების საშუალება
მიეცემა.“ წინ კი მძიმე კვირაა. ორშაბათიდან ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების
საკითხს დაუბრუნდება, ნავთობის ღირებულება ვარდნას განაგრძობს, რუბლი უფასურდება, მოსახლეობის
განწყობა იცვლება.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:presa.ge
presa.ge
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0