x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ედუარდ შევარდნაძის ბიოგრაფია ნაწილი 1
imageედუარდ შევარდნაძის როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის შეფასება მუდამ წინააღმდეგობრივი იქნება, მისი სახელი ყოველთვის გამოიწვევს კამათს, აზრთა სხვადასხვაობას და დაპირისპირებას, უცხოეთისგან განსხვავებით სადაც შევარდნაძის პერსონა პრაქტიკულად მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიება, ქართულ საზოგადოებაში მის მიმართ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ არსებობს.მომხრეებისთვის შევარდნაძე მსოფლიო მაშტაბის უდიდესი პოლიტიკოსი იყო რომელმაც საქართველო ქაოსს გადაარჩინა, მოწინააღმდეგეები კი პირიქით შევარდნაძეს გამყიდველს უწოდებენ და მიაჩნიათ რომ მან ქვეყანა დააქცია.შევარდნაძემ ზედმიწევნით იცოდა პოლიტიკის კულუარული ენა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის იცავდა ბალანსს და სასურველი მიზნის მიღწევას მკვეთრი ნაბიჯების გარეშე ცდილობდა.შეეძლო მანევრირება და მოწინააღმდეგის ყურადღების მოდუნება, ამ თვისებების გამო მას ზედმეტსახელად “თეთრ მელას" ეძახდნენ.იგი უდავოდ იყო პოლიტიკური ჭადრაკის დიდოსტატი, სადაც გამარჯვება მხოლოდ იმ მოთამაშეს რჩება რომელიც წინასწარ თვლის რამდენიმე სვლას.ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მანძილზე შევარდნაძემ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პარტია მოიგო, იგი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ეს მარცხი მას კარიერის დასრულებად დაუჯდა, თუმცა შესაძლოა ესეც თამაში და წინასწარ გათვლილი სვლა იყო.

image

საბჭოთა კავშირის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა.იგი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, მას 3 ძმა და 1 და ჰყავდა.10 წლის იყო როდესაც ფოსტალიონად დაიწყო მუშაობა, ედუარდ შევარდნაძის პოლტიკური კარიერა კომკავშირიდან დაიწყო სადაც იგი 1946 წელს შევიდა, 2 წლის შემდეგ 20 წლის ასაკში იგი უკვე კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, მშობელთა დაჟინებული მოთხოვნით მან მართალია თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში ჩააბარა მაგრამ მედიცინას არ გაჰყოლია, მას უფრო პარტიული კარიერა იზიდავდა, 1948 წელს ედუარდი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტ-სკოლაში ჩაირიცხა და მისი დასრულების შემდეგ საქართველოს კომკავშირის სეკას ინსტრუქტორი გახდა.1953 წელს როდესაც შევარდნაძე 25 წლის იყო მას ქუთაისის კომკავშირული ორგანიზაცია ჩააბარეს, ქუთაისშივე მიიღო ედუარდმა უმაღლესი განათლება.1959 წელს მან ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი დაუსწრებლად დაამთავრა, იმ დროისთვის საქართველოს პარტიულ იერარქიაში შევარდნაძეს უკვე ანგარიშგასაწევი პოსტი ეკავა, ენერგიულმა ახალგაზრდამ რომელსაც კომუნიკაციისა და იუმორის შესაშური ნიჭი ჰქონდა მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა შეძლო.

image


1957 წელს იგი საქართველოს კომკავშირული ორგანიზაციის პირველი პირი გახდა, აშკარად ჩანდა რომ ედუარდი ამ თანამდებობაზე დიდხანს არ გაჩერდებოდა, მომდევნო წლებში მან კიდევ უფრო წინ წაიწია, შევარდნაძე ჯერ მცხეთის, ხოლო შემდეგ კი თბილისის პირველი მაისის რაიონის პარტიული კომიტეტის მდივანი გახდა.ახალგაზრდა ფუნქციონერმა რომელიც ენერგიითა და ინიციატივით გამოირჩეოდა სულ მალე მინისტრის პოსტიც მიიღო.1965 წელს შევარდნაძეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბარეს რომელსაც ის საერთო ჯამში 7 წელი ხელმძღვანელობდა.საბჭოთა კავშირში კორუფცია ცხოვრების ნორმას წარმოადგენდა, ქრთამით ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა, ქვეყნის ეკონომიკა კლანური სისტემით იმართებოდა, სადაც ჩართული იყო მმართველი ელიტის მთელი ვერტიკალი, საბჭოთა საქართველო მექრთამეობისა და კორუფციის სანიმუშო მაგალითი იყო, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ სისტემაზე შეტევა გადაწყვიტა, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ მაშტაბური კამპანია დაიწყო, მართალია ეს კამპანია კარგად იყო რეკლამირებული მაგრამ მას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.საბჭოეთის პირობებში კორუფციული სისტემის დანგრევა შეუძლებელი იყო, სავარაუდოდ ეს თავად შევარდნაძემაც კარგად იცოდა, მაგრამ მას ახალ პოსტზე საკუთარი აქტივობა უნდა დაეფიქსირებინა, ამ კამპანიის საშუალებით შევარდნაძემ ენერგიული, ეფექტური, მიზანდასახული და მებრძოლი მმართველის სახელი დაიმკვიდრა.

შევარდნაძის ძალისხმევას მოსკოვშიც ამჩნევდენ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საკავშირო ცენტრთან საჭირო კავშირის დამყარება მოკლე დროში შეძლო, მას განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრთან ნიკოლაი შოლოკოვთან ჩამოუყალიბდა, რომელიც ბრეჟნევის უახლოეს გარემოცვას ეკუთვნოდა.მოსკოვის მხარდაჭერით შევარდნაძემ საქართველოში დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, ცენტრთან ახლო კავშირმა სულ მალე შესაბამისი შედეგიც გამოიღო.

image

1972 წელს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე პენსიაზე გაუშვეს და მის ნაცვლად ედუარდ შევარდნაძე დანიშნეს, 44 წლის შევარდნაძე საქართველოს პირველი პირი გახდა, მდგომარეობის გამყარებას შევარდნაძე უკვე ნაცადი მეთოდით შეუდგა, თუ შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში მოქმედების თავისუფლება გარკვეულწილად შეზღუდული ჰქონდა, ამჟამად ედუარდი ანგარიშვალდებული მხოლოდ მოსკოვთან იყო, შევარდნაძემ ძველი კადრების წმენდა დაიწყო, წმენდა ეხებოდა როგორც პარტიულ ფუნქციონერებს ისე სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირებს, წელიწად ნახევრის განმავლობაში შევარდნაძემ 20 მინისტრი, 44 რაიკომის მდივანი და 3 ქალაქკომის თავჯდომარე მოხსნა, ძირითადად კორუფციისა და მექრთამებობის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა 30 000 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა შორის ნახევარზე მეტი პარტიის წევრი იყო, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ამ კამპანიის შედეგად მექრთამეობა არ მოისპო, ძველი კადრები შევარდნაძის ფავორიტებით შეიცვალა, ხოლო კორუფციული სისტემა არსებითად იგივე დარჩა.

1
440
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
440
  
2016, 3 ნოემბერი, 22:56
მეორე ნაწილს როდის დადებთ?
0 1 1