x
image
beko777
ჯანსუღ ჩარკვიანი ადამ და ადამს, ევა და ევას შესახებ
imageჯანსუღ ჩარკვიანს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება მკითხველის წინაშე, რადგან მისი შემოქმედებით ყველა კარგად იცნობს. ამ რამდენიმე დღის წინ მას შინ ვესტუმრე. კარი კარგ განწყობაზე მყოფმა თავად მასპინძელმა გამიღო. მობრძანდით, მითხრა და შემოსასვლელთან სასტუმრო ოთახამდე ხელგადახვეულმა მიმაცილა. ჩემი აზრით, იგი არც თუ ისე სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, - მუდამ ქალების გარემოცვაში მყოფმა პოეტმა ქალურ ბუნებაზე საუბარი უჩვეულოდ მიიჩნია და პოლიტიკაზე საუბარი არჩია. - არ სჯობია ამ თემაზე ვისაუბროთო? მკითხა ბ-ნმა ჯანსუღმა. - არა, არა, რა პოლიტიკა, ქალები-მეთქი - წამოვიძახე. დიდხანს მაკვირდებოდა ბ-ნი ჯანსუღი და რაღაცას ფიქრობდა. - კაი, კაი ბატონო, რაც თქვენ გნებავთ მასე იყოსო და პირად ცხოვრებაზე საუბარი, დაიწყო.


– ბ-ნო ჯანსუღ, მოდით პირდაპირ მითხარით, როგორი მეუღლე ხართ, თქვენი ცოლისათვის?
image– კი ბატონო, აი, კალაზე როცა შეაბამენ ხოლმე ხარს, უფრო გარედან აბამენ ხოლმე რომ მას ნაკლები სახრე მოხვდეს, ვინც შიგაა შებმული. ასეა მეუღლეობაც. მეუღლე შეიძლება კალაში შიგნითაა შებმული და შენ გარედან ხარ, რომ მეტი სახრე მოგხვდეს, მაგრამ უღელი მაინც ერთი გვაქვს.
– დავიჯერო, თქვენი ცოლის გარდა არასდროს არავინ გაინტერესებდათ?
– ერთხელ ბორია წიფურიამ თავისი გადაცემა „ფორტუნაში” მიგვიწვია მეუღლეებით მე და გიგა ლორთქიფანიძე და მეკითხება ზუსტად იგივეს. მოსკოვში ვარ-მეთქი, ისეთ ადგილზე, რომ ერთ მხარეს რესტორანი „ფიროსმანია”, მეორე მხარეს სასაფლაოები. ჰოდა, ვზივარ ამ რესტორანში ჩემს მეგობრებთან ერთად, ვხედავ მოპირდაპირე მაგიდიდან, ვიღაც გოგო მიმზერს. რაღაც არ მომეწონა, ისეთნაირად მიმზერდა. ავდექი, მივატოვე ის მაგიდა და გავრბივარ.
image– გაიქეცით?
– ჰო, აბა. გავრბივარ უკან მომდევს. შევვარდი ამ სასაფლაოებში ვიფიქრე ახლა გვიანია და აქ მაინც ვეღარ შემოვა-მეთქი.
– კი, მაგრამ სასაფლაოზე რამ შეგიყვანათ სხვაგან ვერ გაიქეცით?
– აბა უცებ სად გავქცეულიყავი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც შემოვიდა. გავრბივარ, ისევ და უცებ ფეხი დამიდო. ახლა ბორია მეკითხება, გაეხარდა ამ ადგილას რომ მივედი, მერე, მერე, რა მოხდაო. მერე აღარაფერი მახსოვს-მეთქი. ახლა მოუტრიალდა ჩემს ცოლს. როგორაო. ესე იგი, გიღალატათ ჯანსუღმაო? ჩემმა ცოლმა უპასუხა – აბა თავს ხომ არ შეირცხვენდაო.
image– აბა ქალბატონი ირმა ყოფილა, აი, ... (იცინის)
– რა ახლა რამეს მეტყოდა თუ რა?
– კი, მაგრამ თუ გინდოდათ ქალი, რაღად გარბოდით?
– რა ვიცი, კაცო, ჯერ გიჟი მეგონა, ისე მიყურებდა. საერთოდ, კი რა არის იცი? მე მგონია, რომ კაცი, რომელიც თავის ცოლს უღალატებს, ის კაცი უნდა დაჭრა ნაკუწ-ნაკუწ და ჩადო მარილწყალში.
– რას ამბობთ, ბ-ნო ჯანსუღ. ეს რა ავი და სასტიკი განზრახვები გქონიათ თქვენივე სქესის მიმართ?
– კი მართლა ასეა, მაგრამ ახლა ამას მე ხომ არ გავაკეთებ. ეს ქალმა უნდა გააკეთოს (იცინის).
ნოდარ დუმბაძესთან ერთად– გმადლობთ, კარგი რჩევებისათვის, მაგრამ თუ გახსოვთ, როდის დაწერეთ სულ პირველი ლექსი და ვის მიუძღვენით ეს ლექსი?
– 8 წლის ვიყავი, როდესაც დავწერე „მიყვარს ნატო, მაგრამ მარტო”, რატომ მარტო ახლა, რომ მახსენდება მეცინება და აი, როგორც პირველი კოცნა მახსოვს, ისე დამამახსოვრდა ის სიბინძურე, როდესაც 1991 წელს ვერის ბაღში ჩემი წიგნები დაწვეს, იმ ე.წ. კარვის ქალებმა.
– უკაცრავად ვის ქალებმა?
– კარვის ქალებმა ანუ ზვიადისტებმა. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება. არ შეიძლება საქართველოს წიგნის დამწველი ჰყავდეს და ის ერი წიგნიერი იყოს.
– ბ-ნო ჯანსუღ, რა ამის პასუხია და ვიცი, თქვენ უკვე დიდი ბაბუა ბრძანდებით. მე რა მაინტერესებს იცით, რა გრძნობაა ეს თქვენთვის?
მამუკასთან ერთად– სიყვარულზე უფრო სიამაყის და წასვლის გრძნობაა. ვიღაცამ რომ მითხრას, მამუკას შვილიშვილს მოესწარიო ცოტა მეუხერხულება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ვთქვათ და ჩამიარა გვერდით და ვერ მიცნო, მაშინ რას შვრები? ხომ აღარ შეიძლება შვილიშვილის შვილი იცნო. ვერ იცნობ და ამიტომ ვფიქრობ, არ უნდა იყო აქ. აი, შვილიშვილის გრძნობა უფრო სხვაა. მეტი სიახლოვეა, მეტი სიამაყეა, მეტი ურთიერთობაა.
– ბ-ნო ჯანსუღ თქვენ ახსენეთ წასვლის გრძნობაც. რატომ წასვლის, ნუთუ ფიქრობთ, რომ დროა უკვე?
– იმდენად ვარ შეჩვეული ამ გრძნობას, რომ არ ვნანობ. იმიტომ, რომ ისეთი გენიალური ცხოვრება მაქვს განვლილი, გენიოსური სიმღერით კი არა, ისეთი სხვანაირი ჯიგრიანი. სავსე ერთგულებით, სიმართლით, ბიჭობით ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე თავისი ჩხუბით, ყოველმხრივ.
– არც გეშინიათ?
შვილიშვილი - ირმა გიგანი– არა, იმიტომ, რომ მთელი თაობის ჭეშმარიტი ნაწილი იმ საქართველოშია, ზეციურში. უკეთესობას არც ველი. მე თავად სულ მეგონა, რომ უკეთესს გავაკეთებდი. ახლა რა უნდა გავაკეთო?. უბრალოდ ვიქნები ისეთივე კეთილი, მაგრამ მაშინ სიკეთეს მეტი ენერგია, მეტი მოძრაობა ახლდა. ადამიანებიც უფრო მიგებდნენ. ახლა ქვეყანა ისე მოდის ჩემთან, როგორც მოდიოდა, რომ სამსახური ვუშოვნო. ის კი არ იციან, რომ მაშინდელი ჩემი დარეკვა სხვა იყო, რომ იქაც სხვა იჯდა, რომელსაც მე ვჭირდებოდი. ახლა იმას ჩემი სახელი და გვარი კი აღარ სჭირდება, იმას სჭირდება ფული და მაშინ ვთქვათ, როცა იყო რაიკომის მდივანი, იმას უნდოდა, რომ პოეტი მისი მეგობარი ყოფილიყო. ახლა ის შენსკენ აღარც იხედება. ერთ წიგნსაც არ გამოსცემს შენსას. არადა ეს ხალხი ისევ მოდის ჩემთან, ძველი მენტალიტეტით თუ უშველე.
image– ბ-ნო ჯანსუღ, ალბათ, სიყვარულზე თქვენი მოსაზრება გაგაჩნიათ.
– კი, რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ წუთიერი სიყვარული არ არსებობს. იგი მარადიული ცნებაა, ამ წუთიერს მხოლოდ ხიბლი ჰქვია და სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო. მე პირადად მთელი ცხოვრება მიყვარდა და ამ სიყვარულმა მიხსნა ყოველგვარი ბოროტებისაგან. ვაჟა ფშაველამ თქვა: „ნისლი ფიქრია მთებისო”. ქალი ფიქრია კაცისა, კაცი, რომელიც ქალის სამყაროში არ გალაღებულა, ჩათვალეთ, რომ არც დაბადებულა და არც უცხოვრია ამ ქვეყანაზე, როცა ლაპარაკია სიყვარულზე ერთი რამ ყოველთვის მახსენდება. ჰოლანდიაში გახლდით მრავალი წლის წინ, მასპინძელთან წავკამათდი. ის ქალბატონი განსაკუთრებით დამოუკიდებლობაში და თავისუფლებაში მჯობნიდა. დავიბოღმე, რადგან ჩემი ყურადღება ახალგაზრდა „ცისფერმა” კაცმა მიიპყრო, რომელსაც დაკარგული ჰქონდა მამაკაცობა და საუბრისას ნაზად ირწეოდა.
imageმე წელში გავიმართე და იმ წუთში მივახალე მასპინძელს. დიახ, საბჭოთა კავშირში მძიმე შემთხვევაა, მაგრამ ასეთი ნაზი ბიჭები ჩვენთან ვერ ხარობენ-მეთქი. მასპინძელმა გამიღიმა და მიპასუხა: ჩვენთან პიროვნების თავისუფლებააო. მე კვლავ წელში გავიმართე და მისებური ღიმილითვე ვუპასუხე: დიახ, თავისუფლებაა, მაგრამ უფლის საწინააღმდეგო თავისუფლება-მეთქი. რათაო, მკითხა, რათადა ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და არა ადამი და ადამი, ევა და ევა-მეთქი. დადუმდა ქალბატონი. დიახ, ყოველივე სიყვარულიდან გადახვევა გახლავთ, მაგრამ მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ 30 წლის შემდეგ ამდენი ადამი და ადამი, ევა და ევა ივლიდა ჩემს თბილისში?


არ ვიცი, თქვენ რამ მაგრამ მე კი მხიარული განწყობა ცოტა სევდამ შემიცვალა. ბატონი ჯანსუღი ორ ადამსა და ორ ევაზე ფიქრებმა შეაწუხა. არადა საქართველოში კიდევ რამდენი საფიქრალი აქვს გაჩენილი კაცს და როგორც დიდმა ილიამ თქვა: „თუკი ამ წუთისოფელს ერთი ბეწო თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსო!” მთავარია ვიფხიზლოთ, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს. ადამებსა და ევებსაც ალბათ მაშინ ეშველებათ.



imageimage

ჟურნალი "ლამაზი ქალი" 2002 წელი

0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0