x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ელიტრაუნდი (მე-3 ჯგუფი): დღე პირველი
image დღეს, თბილისში უეფას 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის მატჩებმა აიღო სტარტი. პირველი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” საქართველოსა და ესპანეთის 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის შედგა.

ქართველ ახალგაზრდებს მატჩის დებიუტშივე შეეტყოთ, რომ ჯგუფის ფავორიტად წოდებული მეტოქის სიძლიერის შიში არ ჰქონდათ და ეს სწრაფ გატანილ გოლშიც აისახა. მე-2 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ივან საესის ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გოლად აქცია.

გაშვებულმა გოლმა “ფურია როხა” გამოაფხიზლა, ესპანელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და ალექსანდრე ადამიას კარს რამდენჯერმე დაემუქრნენ, მატჩის დებიუტში ბურთი ერთხელ ძელსაც გაარტყეს, თუმცა პირენეელთა აქტიურობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მატჩის 32-ე წუთზე ჩვენი გუნდის კაპიტანი გიორგი აბურჯანია დაშავდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო: მოედანზე გიორგი გოროზია გამოვიდა, რომელსაც, სხვათაშორის, დღეს იუბილე აქვს. აქვე გეტყვით, რომ აბურჯანიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ტაიმის შუაწელს ქართველმა ახალგაზრდებმა გარკვეული უპირატესობის დაუფლება მოახერხეს და შეხვედრის ნახევრის მათ სასარგებლოდ დასრულება შეძლეს.

მეორე ტაიმი ესპანელმა ფეხბურთელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და ცვენი ნაკრების მეკარისა და მცველების რამდენიმე შეცდომის წყალობით სახიფატო მომენტების შექმნაც მოახერხეს. ქართველი ახალგაზრდები ყრუ დაცვაში არ ჩადგნენ და რამდენიმე “ჩხვლეტაც” განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ, პირინეელებმა კი გოლის გატანა მაინც შეძლეს: მათი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ივან საესმა დაუხვედრა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა 1:1.


შეხვედრის დასკვნით ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, დიდი იყო წუნი გადაცემების დროს, ესპანელები ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს პირინეელებს მეტი ენერგია ჰქონდათ შერჩენილი. ტაიმის ბოლოს ესპანელები გააქტიურდნენ და მოსაგებად გაიბრძოლეს, თუმცა ქართველებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და მეტად მნიშვნელოვანი პირველი ქულა ჩაიწერეს.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ქართველთაგან გოლის ავტორმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა:
“გუნდმა იბრძოლა, მოედანზე ყველაფერი დავდეთ. მომენტები მეტოქე გუნდსაც ჰქონდა და ჩვენც გვქონდა, კარგი თამაში გამოდგა და გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის”.

მეორე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ინგლისისა და უკრაინის 17-წლამდელთა შორის გაიმართა. ბრიტანელებმა გამარჯვება კინკილა გოლის წყალობით მოახერხეს: თავი 56-ე წუთზე კალუმ ჩამბერსმა გამოიჩინა.

ამრიგად, ჯგუფს სათავეში ინგლისის ნაკრები სამი ქულით ჩაუდგა, თითო-თითო ქულით მეორე-მესამე ადგილებს ქართველი და ესპანელი ფეხბურთელები ინაწილებენ, მეოთხე პოზიციაზე უკრაინის ნაკრები ქულის გარეშეა მოთავსებული.

მე-3 ჯგუფის მეორე ტური ოთხშაბათს გაიმართება. “მიხეილ მესხზე” 14:00 საათზე საქართველოსა და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან, “დინამო არენაზე” 16:00 საათზე კი, ურთიერთობას ესპანელები და უკრაინელები გაარკვევენ.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:elminio
elminio
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0