x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ავტორები: მარიამ შონია

თამთა ჯოლოხავა



ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სახელით ცნობილი დაპირისპირება, უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის და ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. კონფლიქტმა დღემდე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მისი წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ტერიტორიული დაპირისპირება სახელდება, თუმცა არ გამორიცხავენ რელიგიურ მოტივსაც, რომელშიც აღთქმულ მიწაზე დაბრუნება მოიაზრება. დღეს ქვეყნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ისინი ვერ თანხმდებიან აღმოსავლეთ იერუსალიმისა და მდ. იორდანის დასავლეთ სანაპიროს სტატუსზე. მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის მიზეზები უფრო ღრმა წარსულშია საძებნი. სწორედ ამიტომ, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით საჭიროდ მივიჩნიეთ მოკლე ისტორიული ფონი მოგვეყვანა .
ძვ.წ. I საუკუნეში დღევანდელი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოები იყო განთავსებული. თუმცა, ახ.წ-ით 70 წელს, ებრაელებს იძულებით დაატოვებინეს იერუსალიმი, როგორც სასჯელი რომის იმპერიისადმი აჯანყებისთვის. მოგვიანებით კი მათმა უმეტესობამ პალესტინის ტერიტორიებიც მიატოვა, ამჯერად ნებაყოფლობით და სხვა ქვეყნებში მიგრირდნენ. დღესდღეობით, პალესტინის მიწებზე არაბი მოსახლეობა სახლობს, რომლებიც აქ ხალიფატის მიერ დაპყრობის შემდეგ, მერვე საუკუნეში გადმოვიდნენ. (გაჩეჩილაძე, 2003, 317)
აღმოსავლეთის კონფლიქტის სათავედ შეიძლება ჩაითვალოს 1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს შექმნა . ეს გადაწყვეტილება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, ისევე როგორც 1974 წლის 29 ნოემბერს პალესტინის ტერიტორიაზე ინგლისის მანდატის გაუქმება და ერთ მიწაზე ორი - ებრაული და არაბული სახელმწიფოს შექმნა . ამან რეგიონში ვითარების ცვლილებას მისცა დასაბამი, რაც გულისხმობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ებრაელთა ტალღის მოდინებას და არაბებს შორის დასახლებას . ამან ბუნებრივია არაბული სამყარო გააღიზიანა და „პალესტინელი არაბების შევიწროების ფაქტორად იქნა აღქმული და არცთუ უსაფუძვლოდ“ ( ღირსიაშვილი, 2003) . გაეროს რეზოლუციის თანახმად, პალესტინის ტერიტორია არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებად გაიყო, შესაბამისად 43, 5 % და 56, 5 % შეფარდებით. იერუსალიმი კი საერთაშორისო კონტროლქვეშ ქალაქად გამოცხადდა ( კვიტიაშვილი, აბდალაძე, 2008, 226-227).
იმ ფაქტმა, რომ არაბები მოსახლეობის რაოდენობით ებრაელებს აღემატებოდნენ და ნაკლებ ტერიტორიას ფლობდნენ, უსამართლობის გრძნობა გააღვივა ხალხში და ინტერსეთა კონფლიქტი საომარ მოქმედებებში გადაზარდა. ომი როგორც უკვე აღვნიშნეთ 1948 წლის 14 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას პალესტინის გარდა, კიდევ 5 არაბული სახელმწიფო იღებდა ესენია : ეგვიპტე, იორდანია, სირია, ლიბანი და ერაყი . საომარი ქმედებები პალესტინისთვის არცთუ სახარბიელოდ დამთავრდა, რადგან გამარჯვება ისრაელს ხვდა წილად და მეტი ტერიტორია მიიღო როდოსის ზავის თანახმად. პალესტინა-ისრაელის 1948 წლის ომის შედეგებით, ამ უკანასკნელის „გავლენა გავრცელდა იერუსალიმის დასავლეთ ნაწილზეც, აღმოსავლეთი იერუსალიმი კი იორდანიას დაექვემდებარა. ღაზას სექტორი ეგვიპტის გამგებლობაში აღმოჩნდა. 1950 წელს კი, ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გადავიდა და იგი დედაქალაქად გამოაცხადა (მალაყმაძე, ანთაძე, 2013).
სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ, რომლითაც ისრაელმა მოიპოვა კონტროლი აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდ.იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, არაბული რაიონების ჩათვლით . ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც დღემდე დავის საგნად რჩება ისრაელსა და პალესტინას შორის . კონფლიქტის მოგვარებაში, თავის მხრივ, სხვადასხვა სახელმწიფოები ჩაერთვნენ, მათ რიგებში, ბუნებრივია, ამერიკაც მოხვდა. მათი ინიციატივით მოწვეულ იქნა არაერთი კონფერენცია, რომლებზეც იქმნებოდა ებრაულ-არაბული კომისიები. განსაკუთრებით საგულისხმოა 1993 წლის სექტემბრის შეთანხმება, რომელიც დაიდო ისრაელსა და პალესტინას შორის, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. ამ შეთანხმების თანახმად, უნდა შექმნილიყო პალესტინური ავტონომია ღაზას სექტორსა და იერიქონში, ჩამოყალიბებულიყო პალესტინის პოლიცია და ადმინისტრაცია. ოსლოში დაწყებული მოლაპარაკებების დასკვნითი აკორდი, ვაშინგტონში გაფორმდა ბილ კლინტონის მონაწილეობით, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა და პალესტინის წარმომადგენელმა იასირ არაფატმა თავიანთი ხელმოწერით დაადასტურეს მშვიდობის დამყარების სურვილი .ეს კი ოსლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას გულისხმობდა.
ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე წელია ჩიხში შევიდა. პალესტინელების განცხადებით, ისინი მოლაპარაკებებს იმ პირობით განაახლებენ, თუკი ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობას შეაჩერებს და ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს.ისრაელის პოზიცია კი ამ საკითხზე შემდეგია - პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდას წინაპირობების გარეშე უნდა დაუბრუნდნენ ( ამერიკის ხმა, 2014).
ბოლო პერიოდში, პალესტინაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ რადიკალურად განწყობილი ძალები, რომლებსაც მიზნის მისაღწევ მთავარ საშუალებად ტერორიზმი მიაჩნდათ. ისინი ახორციელებდნენ, ტერორისტულ აქტებს სადავო ტერიტორიებზე, მათ კი "ვალში არ რჩებოდა" ისრაელიც, რომელიც თავის მხრივ დამსჯელ პოლიტიკას ატარებდა. ძალადობა კიდევ უფრო დიდ ძალადობას იწვევდა. მის ყველაზე სისხლიან გამოვლინებად იქცა ახლად ჩამოყალიბებული დაჯგუფებები : "ჰამასი", " ისლამური ჯიჰადი "და " ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები" . ამ ორგანიზაციებშიც იყოფა აზრი.ერთნი ისრაელის განადგურებას ისახავენ მიზნად, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს არარეალურია და მთავარია კონცენტრირდნენ პალესტინის დეოკუპაციაზე, რათა შემდგომში მშვიდობიანი თანაარსებობა შეძლონ.
სამწუხაროა ფაქტი, რომ ტერორისტული ქმედებები დღესაც არ წყდება. ბოლო ინფორმაციით, ღაზის სექტორში ვითარება კვლავ იძაბება. ოფიციალური ისრაელი აცხადებს, რომ მათმა ანტისაჰაერო სისტემამ ჰამასის მიერ თელავივის მიმართულებით ნასროლი რაკეტა ჩამოაგდო. საერთო ჯამში, პალესტილენელების მხრიდან 130-მდე ნასროლი რაკეტა დაფიქსირდა, რომელსაც საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ისრაელის მხარემ.პალესტინელთა ინფორმაციით კი, ისრაელის საჰაერო შეტევებმა 16 ადამიანი იმსვერპლა. BBC-ის ცნობით, ჰამასმა განაცხადა, რომ ახლა ყველა ისრაელელი მათი სამიზნეა. პალესტინის პრეზიდენტო მაჰმუდ აბასი კი სამხედრო შეტევების შეწყვეტის მომხრეა. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ებრაელები ემზადებიან ჰამასთან საბრძოლველად, რაც დროში გაჭიანურდება ( ქიქოშვილი, 2014).
ამრიგად, ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტს ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს. მიუხედავად ძალისხმევისა, რომელსაც არ იშურებს საერთაშორისო საზოგადოება, ეს ქვეყნები მზად არ არიან რაიმე დათმობაზე წასასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტი უფრო მასშტაბურ სახეს არ მიიღებს და აღმოსავლეთის რეგიონში სიმშვიდე დაისადგურებს.









ბიბლიოგრაფია :
1.ღირსიაშვილი, ლევან. 2003. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი : ორი ერი, ერთი მიწა. ახლო აღმოსავლეთი. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.10&d=HASH6109b9c446f1b58d2b368c.5 ;
2.გაჩეჩილაძე, რევაზ. 2003. ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი, პოლიტიკა. თბილისი ;
3.ჯიჯავაძე, თამთა. 2010. ისრაელი-პალესტინას დაუსრულებელი კონფლიქტი. http://gipa-military.blogspot.com/2010/10/blog-post_30.html ; ბოლო ნახვა, 30 ოქტომბერი, 2010 ;
4. ისრაელის საელჩო საქართველოში. 2013 . პალესტინა-ისრაელს შორის მოლაპარაკებები განახლდა . http://embassies.gov.il/tbilisi-ge/NewsAndEvents/Pages/Relaunching-of-Israel-Palestinian-talks.aspx ; ბოლო ნახვა, 30 ივლისი, 2013 ;
5. კვიტიაშვილი, ნინო, აბდალაძე, გვანცა . 2008. უახლესი ისტორია. თბილისი: საქართველოს მაცნე;
6. მალაყმაძე, მარიკა, ანთაძე, ქეთევან. 2013. ტერიტორიისათვის ბრძოლა თუ რელიგიური მოტივები? - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამომწვევი რეალური მიზეზები . http://irtoday.ge/dir/conflicts/t'erit'oriisatvis_brdzola_tu_religiuri_mot'ivebi_israel_p'alest'inis_k'onplikt'is_gamomts'vevi_realuri_mizezebi/8-1-0-12 ; ბოლო ნახვა, 17 ივლისი, 2013 ;
7. ამერიკის ხმა . 2014. არაბული ლიგა სამშვიდობო პროცესში ერთვება. http://www.amerikiskhma.com/content/israels-palestinians-react-cautiosly-to-arab-league-land/1653045.html ; ბოლო ნახვა, 18 აგვისტო, 2014;

1
3626
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამშონია
მარიამშონია
3626
  
2015, 29 ივლისი, 21:49
დიდი მადლობა ავტორებს, საინტერესო ინფორმაციისთვის, თუმცა ციფრებს შორის გაიპარა შეცდომა.
1947 წელი უნდა იყოს 1974 წლის ნაცვლად, როდესაც პალესტინის ტერიტორიაზე ინგლისმა მანდატზე უარი თქვა...
0 1 1