x
image
beko777
გაუბედურებული ქალის სინანულის წერილი
ქალის ყველაზე დიდ კაპიტალს შვილები წარმოადგენენ


imageდაქორწინებისთანავე ზღვისპირეთში წავედით საცხოვრებლად. ეს არ იყო ქალაქი, ყველასგან მივიწყებულ სოფელში. არც ისე მხიარული ცხოვრება მელოდა, მაგრამ ქმრის სიყვარული მიქარწყლებდა ყველაფერს. გაგვიჩნდა გოგო – თინიკო. დახატული თოჯინასავით ლამაზი ბავშვი იყო, გრძელი წამწამები წარბებამდე წვდებოდა, სქელი, შავი თმებით მაშინვე იპყრობდა ყურადღებას. ქმარი სულელდებოდა მასზე, ხელიდან არ უშვებდა. მერე ბიჭიც გვეყოლა. ნიკო დავარქვით მამაჩემის პატივსაცემად. სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრენდით. მის დაბადებას მთელი დასახლება აღნიშნავდა. შვილები წამოიზარდნენ. გოგო ჭკვიანი გამოდგა და თავისით ჩააბარა თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტში. ამ დროს დაგვატყდა უბედურება. ქმარი ავტოფარეხში წავიდა მანქანის შესაკეთებლად. სამი საათის გემდეგ იგი ავტოფარეხის კარებთან მკვდარი ვიპოვეთ: - ის ინფარქტისგან გარდაიცვალა.


ვერ აგიწერთ ჩემს ტკივილს და გამწარებას. სამი წელი დამჭირდა მოსასულიერებლად. მარტოდ დარჩენის პანიკურად მეშინოდა, შვილებს გვერდიდან არ ვიცილებდი. რაღაც მომენტში თავს მოვერიე და დავიწყე ახალი, რთული ცხოვრება. მთავარ მიზნად შვილების სწავლა–განათლება დავისახე. მადლობა ღმერთს, მოვახერხე რის ვაიგაჭირვებით. სიძნელეები ერთმანეთის მიყოლებით გვაწუხებდა – საჭმელი, ტანსაცმელი, გადასახადები, პირადი პრობლემები. მაგრამ მათ შრომისმოყვარეობისა და რკინის ნებისყოფის გარდა ვასწავლიდი კეთილმოსურნეობას და სიცოცხლით ხარებას.


imageთვითონ მე? მე კი ავეჯის თაროზე შემოდებულ ქმრის პორტრეტს ვესაუბრებოდი ყოველთვის. ჩვენი ბაღიდან ამოტანილი ყვავილები დაჭკნობას არც ერთ სეზონზე არ ასწრებდნენ – ენძელები, ყაყაჩოები, მზესუმზირები, გარტენზიები, მაგნოლიები. ვერ მოესწრო ჩემი ვახტანგი თავისი შვილების დაექიმებას. ჩემი თეთრხალათიანი მტრედები უკვე მშობლები გახდნენ, შვილიშვილები სკოლაში შევიდნენ. როცა ისინი მესტუმრებიან ტკბილად მეტიკტიკებიან: „ეს ვახო ბაბუა ამ სურათზე? ასეთი ახალგაზრდა იყო?“ რა შეედრება ამ მშვენიერებას, რომელსაც განვიცდი ასეთ წუთებში: ობლის კვერი ცხვა, ცხვა და მაინც გამოცხვა!



მთელი ეს წლები შვილების და შვილიშვილების ცხოვრებით ვცხოვ-რობდი. ხშირად მეუბნებიან: აი, შვილები გაზარდე, დააბინავე, მაგრამ შენზე ხელი ჩაიქნიეო და მაშინ დავფიქრდი – მართლა ასეა? ჩემს სისხლზე და ხორცზე ზრუნვა და სიყვარულიც ხომ ჩემი ცხოვრებისეული მოთხოვნილება იყო. და ამ დროს ვგრძნობ ხოლმე, როგორ მეხვევა მხრებზე ჩემი ქმრის ძლიერი ხელები, თან მეუბნება: „ყველაფერი კარგად გვაქვს ჩემო კარგო! ყოჩაღ შენ, მადლობელი ვარ!“
რატომ დავწერე ეს ყველაფერი? ქალებო, გამწარებულნო და გაუბე-დურებულნო, არასდროს არ ჩაიქნიოთ ხელი ცხოვრებაზე! თუ შვილები გყავთ, გარდაცვლილი ან გაცილებული მეუღლეებისგან, თავი ბოლომდე მიუძღვენით, დაეხმარეთ ადამიანებად ჩამოყალიბებაში. მიეცით და მოგეცემათ და მერწმუნეთ, ცხოვრებაში უკან მოხედვის აღარ შეგრცხვებათ.


ქ–ნი დალი, 62 წლის (აჭარა)

0
486
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0