x
image
david danelia
ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, იღებს სათავეს, როდესაც ბიზანტიის კეისრის imageჯარისკაცებმა ხატების დევნა დაიწყეს. სასტიკად აოხრებდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებლებს, არბევდნენ სიწმინდეებს, ხატებს. ამ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვა. ერთ–ერთმა მათგანმა მას მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე
მთელი ღამე ილოცა . შემდეგ ზღვის პირას წაიღო. იქ მიწაზე დაემხო და სთხოვა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისაგან, ხოლო თავისი წმინდა ხატი – ზღვაში დანთქმისგან. ემთხვია ხატს და ზღვაში შეაცურა. დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე პირდაპირ აღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა.
მას შემდგომ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით, ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ შეღამებისას ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომლის წვერიც ცას იყო მიწვდენილი. ხილვა რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში მეორდებოდა. სხვადასხვა მონასტრიდან მეუდაბნოეებმა სანაპიროს მიაშურეს და დაინახეს, რომ სვეტი წყალზეაღმართულ ღვთისმშობლის ხატს ედგა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ, უფრო მეტად შორდებოდა ნაპირს. ივერიის მონასტრის ბერები ტაძარში შეგროვდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, რომ სასწაულებრივად მოვლენილი ხატი მათთვის მიეძღვნა. ამ დროისთვის ივერიის სავანეში იმყოფებოდა ღვთისმოსავი ქართველი ბერი გაბრიელი, რომელიც ცხოვრობდა “ვითარცა მიწისა ანგელოსი და ზეცისა კაცი”.

ზაფხულობით მიუვალ კლდეებში მკვიდრობდა, ზამთრობით კი – მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმიდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: “შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.” გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში, საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: “მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო”. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება “პორტაიტისად”, ანუ “კარიბჭის მცველად”.

ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და ამიტომ ხატს “ივერიის ღმრთისმშობელსაც” უწოდებენ.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელისა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე:


ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია დაბრძანებული.



1
92
2-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
92
  
2014, 28 აგვისტო, 17:32
ძალიან საინტერესო სტატიაა :)
0 1 1