x
image
beko777
6 თვის ორსული ქმარს გავშორდი და....
პირადი აღსარება - 6 თვის ორსული ქმარს გავშორდი და....


imageიმდენად ვღელავ, არც ვიცი, ჩემი სათქმელი როგორ გადმოგცეთ. ახლახან ტელევიზიით გადმოცემულმა პატარა გიორგის ბედმა შემაძრწუნა. დიდი საშინელება მოხდა, დიდი ცოდვა და უბედურება. მადლობა ღმერთს, რომ ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდა და იქნებ, მომავალში თითების პლასტიკური ოპერაციაც გაუკეთონ. ასეა, ხშირად ადამიანები უფრო ღორულად ვიქცევით, მაგრამ მე მის დედას (კურდღელია) ვერ გავკიცხავ! ჯერ იმიტომ, რომ მე არ ვიცი მის ცხოვრებაში რა ცოდვამადლი აიწონა, მეორე კიდევ იმიტომ, რომ არც მე ვარ ამ მხრივ სუფთა და ალბათ მთელი დარჩენილი წლები გულზე ლოდად მედება ყოველივე.


imageჩემს ქმარს ძალიან ცუდად დავშორდი: წივილ-კივილით, თეფშების დალეწვით და უკადრისი სიტყვების ძახილით. იკითხავთ: რატომ? იმიტომ რომ მას ერთ ახალგაზრდა გოგოსთან მივუსწარი. სახლში მისულმა თვალებს ვერ დავუჯერე – ისინი ჩვენს ლოგინზე იწვნენ აბსოლუტურად შიშვლები და ნაზად ეალერსებოდნენ ერთმანეთს. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ნოდარიმ თავისი საყვარელის სახლში მოყვანა. ადრე ასე თავხედურად მაინც არ იქცეოდა. თუმცა, კარგად მესმოდა, რომ დრო და დრო ვიღაცასთან დადიოდა, მაგრამ ვცდილობდი, ჩემი ყურადღების ღირსად არ გამეხადა ეს მომენტი.


imageალბათ, ამიტომ წამასხდნენ თავზე. ამ ფაქტის ამოტივტივების შემდეგ აღარ შემეძლო სირაქლემასავით ქვიშაში თავის წაყოფა და დაჯერება – ვითომ არაფერი ხდება. იმ დროისათვის 6 თვის ორსული ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე გავშორებოდი ნოდარს. მეზიზღებოდა მისი დანახვა, მის გვერდით ყოფნა. ნოდარი პატიებას მთხოვდა და ყველაფრის დავიწყებას მევედრებოდა, მაგრამ თვალწინ მუდამ მისი და მისი ტუტრუცანა ბოზის ალერსის სცენა მედგა. როცა ქმარი მიხვდა, რომ აღარ ვაპირებდი მოღალატესთან ცხოვრებას, შეტევაზე გადმოვიდა, დამყვიროდა და მადანაშაულებდა, რომ ჩემი მუცლის გამო ვაიძულე მას სხვასთან დაწოლა. რომ ის ნორმალური კაცია და სექსის გარეშე არ შეუძლია, არადა 6 თვე ახლოს არ ვიკარებდი, რომ მის სიტყვებში სიმართლის ნატამალი იყო, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება აღარ შემიცვლია.



imageის თავის მშობლებთან წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ პრაქტიკულად ყოველდღე აგრძელებდა სხვადასხვა საბაბით ჩემთან შემოვლას – რაიმე ნივთის, ტანსაცმლის ან სხვა რამის წასაღებად და სკანდალებს მიწყობდა. კვლავ და კვლავ პატიებას ითხოვდა, ლაპარაკობდა ბავშვზე, რომ მას მამა უნდა ჰყოლოდა. მაგრამ ჩემი მორიგი უარის თქმის შემდეგ კვლავ ცოფდებოდა. ასე გრძელდებოდა ორ თვეს, რომლის დროსაც საბუთები შევიტანე გაყრაზე (მმაჩის თანამშრომელს კინაღამ თვალები გადმოსცვივდა გაკვირვებისგან: ორსული ეყრებიო?). მერე საავადმყოფოში დავწექი და მკვდარი ბავშვი გამიჩნდა. ექიმებმა თქვეს, რომ ეს ჩემს მიერ ბოლო პერიოდში გადატანილი დიდი ნერვიულობის შედეგი იყო.


imageსახლში ცარიელი კედლები და იმის შესახებ ფიქრები მელოდა, რომ მე თვითონ მოვკალი ჩემი შვილი. ამიტომ ქმრის შემოთავაზებას – შემხვედროდა საავადმყოფოდან გაწერისას – დავთანხმდი. ის ისეთი წყნარი იყო, ხელი მომხვია და ატირდა. იმ ღამეს ნოდარი ჩემთან დარჩა. სიმართლე რომ ვთქვა, იმ დროისათვის მის მიმართ სიბრალულის და ზიზღის გარდა, არაფერს განვიცდიდი, მაგრამ ჩემგანაც აღარ ვაგდებდი. რამდენჯერმე ლოგინიც გვქონდა, მაგრამ რაღაცა ჩვენში ნამდვილად გაქრა. ნოდარი ჩვეულებრივ მოდის, ჯდება, ვახშმობს, ტელევიზორს უცქერს. მაინც მეცოდება, რადგან ის დამნაშავედ გრძნობს თავს. აი ასე უღიმღამოდ ვცხოვრობთ და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, არ ვიცი.


ინგა, 26 წლის თბილისი


რედაქციისაგან: - არც არასოდეს! სიბრალულის გრძნობა მეტად დადებითად გახასიათებთ! ჩვენთვის სამშობიარო სახლიდან „ცარიელად“ წამოსვლის მწარე შეგრძნებაც გასაგებია, ამიტომ სავსებით ვამართლებთ თქვენი ფსიქოლოგიური თვითგადარჩენის ინსტინქტის ამოქმედებას. მაგრამ არსებობს მეორე „მაგრამ“ ნოდარი ისეთი კაცების ტიპს ჰგავს, რომელიც მხოლოდ იმისთვის ჩერდება, რომ დამნაშავედ გრძნობს ვინმესთან თავს და ვერ ბედავს შინაგანი მოთხოვნილების მიუხედავად, რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. თქვენი საქმის თქვენ იცით, თუმცა ვალდებულები ვართ გაგაფრთხილოთ: მასზე ბოლომდე დაყრდნობა არ შეიძლება. იგი „გადამფრენი ფრინველია“, რომელიც თქვენთან „იზამთრებს“, ხოლო როცა კვლავ მომაგრდება, ისევ „ცაში“ აიჭრება შესაფერისი ფრინველის საძებრად და თავისუფალი ფრენის შესაგრძნობად. თუმცა, შანსის გამოყენების უფლება ყოველთვის ყველას აქვს, თუნდაც იგივე წყალში გიხდებოდეთ შესვლა!

0
1461
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0