x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანი რომელმაც კიბოს სძლია…
image

დავეთანხმე!!! ვიბრძოლე!!! გავიმარჯვე!!!



დედა: შენ ძალიან კარგად უნდა იყო!



მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოვიდა ანტალიაში. ზღვიდან ისევ სასიამოვნოდ უბერავდა ნიავი. ყველაფერი ნორმალურზე უკეთ იყო ჩემთვის. ოჯახი მხარში მედგა. 23 წლის ასაკში შეყვარებულიც მყავდა, სამსახურიც და მომავალი სამაგისტრო გამოცდებისთვისაც ვემზადებოდი…

მუხლი ამტკივდა… ვის არ სტკენია მუხლი?! ყველას! მაგრამ მე ძლიერი ტკივილი მქონდა. ფიზიოთერაპევტთან მივედი. ექიმის პატარა შეცდომას ჩვენი დაუდევრობაც დაემატა და საბოლოოდ სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ ფეხს, ფიქრებით: ‘არაუშავს, მალე გამივლის…’


ტკივილმა არ გამიარა და პირიქით გამიძლიერდა. მაგნიტური რეზონანსი გადამიღეს (MR) და აქედან დაიწყო…

დედაჩემს მუდამ ცრემლით აქვს სავსე თვალები. ყველა თვალებში შემომციცინებს, თითქოს უნდათ რომ კარგად დამიმახსოვრონ. მე ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა ამბავია ჩემს თავს… არ მეუბნებიან! მიმალავენ!


ერთხელ დედამ მითხრა: შენ ძალიან კარგად უნდა იყო! რამე რომ მოგივიდეს თავს არ ვაპატიებ!

იზმირში გადავედით, საუკეთესო სპეციალისტებით დაიმედებულნი. ექიმმა თქვა რომ 23 წლის გოგო ბავშვი აღარ არის და მან უნდა იცოდეს რა ხდება მის თავს!!!


მე კიბო მაქვს! მე კიბო მაქვს! მე კიბო მაქვს!


ისევ დედაჩემის სიტყვები გამახსენდა: შენ ძალიან კარგად უნდა იყო! რამე რომ მოგივიდეს თავს არ ვაპატიებ!’

კარგად უნდა იყო! შენ კარგად უნდა იყო! კარგად! კარგად!..’

დავეთანხმე!


დაიწყო ქემოთერაპიის ხანგრძლივი პროცესი!.. ვინც არ იცის ეს რას ნიშნავს არც ვუსურვებ გამოსცადოს… მტერსაც არ ვუსურვებ! ხანგრძლივი პროცესი რთული იყო, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემს გარშემო მყოფებისთვის. არ მომწონდა არანაირი საჭმელი. მეზიზღებოდა წყალი, მაგრამ მინიმუმ 2 ლიტრი უნდა დამელია დღეში. ვლაპარაკობდი გაბრაზებული, ყვირილით. არ მომწონდა არაფერი. მაღიზიანებდა სველი ჭიქაც კი…

გავწამდით მთელი ოჯახი, მაგრამ გამოჯანმრთელების იმედით ვუძლებდით.

ერთ დღესაც ძალიან ახალგაზრდა ექიმმა-პროფესორმა გამოიკითხა ჩემი მდგომარეობა, შემდეგ დამხედა და ზედმეტი მორიდების გარეშე თქვა: ასეთ ფეხს ჩვენ ვაჭრით!!!

ვაჭრით!!! ვაჭრით!!! ვჭრით!!!

ჩემი თავი ფეხის გარეშე ვერ წარმომედგინა! აჭარულს ვეღარ ვიცეკვებდი, ველოსიპედზე ვეღარ ვიკატავებდი, ვერ ვირბენდი…


რომ მოვიდა ოპერაციის დრო, ექიმმა მითხრა: ჩვენ შეგვიძლია გამოვცვალოთ მარტო მუხლის ძვალი და დიდია შანსი იმისა, რომ მეტასტაზები გაიპაროს დანარჩენ ორგანიზმში… ან მოვჭრათ ფეხი, ვიყოთ მშვიდად… და პროტეზით დღესდღეისობით ყველაფერია შესაძლებელი…

რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ცივი გონებით დავფიქრდი საკუთარ თავზე და ვუთხარი: მე ყველაფრისთვის ვარ მზად. თქვენ ჩემს ადგილას რას იზამდით? ექიმი გაოცდა ჩემი გაბედულობით და ამ მდგომარეობაში ფეხის მოჭრა მირჩია.

მარტო ერთი რამის მეშინოდა, რომ გავიღვიძებდი და საკუთარ თავს ფეხის გარეშე ვნახავდი, შოკში არ ჩავვარდნილიყავი…

ვიბრძოლე!!!

გავიღვიძე და ისევ ცოცხალი ვარ. ვახერხებ იმდენს რომ ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ ბარში მივდივარ ლუდის დასალევად!


ჩემს ისტორიას იმიტომ გიყვებით რომ მინდა ყველამ შეიგნოს, კიბო არ არის დასასრული! ცხოვრება გრძელდება! მთავარია ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ და თავში ხელების ცემის მაგივრად, გავამხნევოთ, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ.


მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Mustafa Göker-ს რომელიც 24 საათის განმავლობაში მამასავით მედგა მხარში; დედას ყველა მეგობარს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის, დამეხმარნენ მორალურად და მატერიალურად; უდიდესი მადლობა თურქეთის სახელმწიფოს, მე ამ ქვეყანაში უცხოელს, საქართველოს მოქალაქეს, მომცეს 1 წელი საზღვრის გადაუკვეთავად ცხოვრების და დაზღვევის უფლება; ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც შეძლებისდაგავარად არ მშორდებოდნენ გვერდიდან, არც ისე ადვილია საქართველოდან უცხო ქვეყანაში გადაფრენა…

ყველაზე დიდი მადლობა კი დედაჩემს, რომელიც ჩემი ავადმყოფობის პერიოდში უნდა ყოფილიყო საქმიანი ქალი, რომელსაც უნდა ემუშავა და შეენახა ოჯახი; დიასახლისი, რომელსაც უნდა გაეკეთებინა ყველა საოჯახო საქმე; მედდა, რომელსაც უნდა მოევლო კიბოთი დაავადებული შვილისთვის (რომელსაც 24 საათის განმავლობაში ტკივილები ჰქონდა და არანაირი გამაყუჩებელი არ უყუჩებდა); ამ ყველაფერთან ერთად დედა მუდმივად იღიმებოდა, რომ ჩემთვის უფრო მეტი სტრესი არ მოეყენებინა… დედა მართლაც საამაყო და განსაკუთრებული ადამიანია რომელმაც უცხო ქვეყანაში მიაღწია იმდენს რომ ყავს ასეთი კარგი მეგობრები, რომლებიც მუდამ გვერდში უდგანან.

ძალიან დიდი მადლობა ყველას. დღეს რომ ცოცხალი და ბედნიერი ვარ იმ ადამიანებს უნდა ვუმადლოდე, რომლებიც მძიმე წუთებში მედგნენ გვერდში. მინდა, რომ ჩემი შემთხვევა ყველასთვის სამაგალითო გახდეს და არასდროს დაყარონ ადამიანებმა ფარხმალი…

რამდენიმე თვე გავიდა, თმაც ამომივიდა, პროტეზით სიარულიც ვისწავლე და ცხოვრებაც იქიდან გავაგრძელე სადაც შევწყვითე… რაც იმას ნიშნავს რომ მე გავიმარჯვე…

გავიმარჯვე!




მარი მაროშვილი

4
4815
22-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ყიფშიძე
სალომე ყიფშიძე
4815
  
2017, 5 აპრილი, 7:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 6 სექტემბერი, 23:06
მაგარი გოგო! ღმერთმა სულ სიხარული და ბედნიერება არ მოგიშალოს ამის შემდეგ.
2014, 15 ნოემბერი, 22:30
აუ საწყალი ტო.... ახალგაზრდა გოგოა
2013, 22 თებერვალი, 13:17
;(
0 1 4