x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ჰუმანიზმი,როგორც მსოფლმხედველობრივი და ეთიკური სისტემა
imageჰუმანიზმზე საუბარს, ამ ტერმინის განმარტებით დავიწყებ, ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „Humanus“ და ადამიანურს ნიშნავს. ჰუმანიზმი შეხედულებათა ისეთი სისტემაა, რომელიც ძირითად ღირებულებად ადამიანს მიიჩნევს, აღიარებს პიროვნების უფლებას იყოს ბედნიერი, თავისუფალი, თანასწორი, ჰქონდეს უფლება მოახდინოს საკუთარი ცოდნის, ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზაცია და გააჩნდეს ყველა საჭირო პირობა რათა შეძლოს სახელმწიფოს სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება.

მცირეოდენ ისტორიულ მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ, თუ საიდან მოდის ჰუმანიზმი როგორც მსოფლმხედველობრივი და ეთიკური სისტემა. მისი წარმოშობა უკავშირდება ე.წ. აღორძინების (რენესანსის) ეპოქას, ეს იყო მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც ყველაზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით. ეს იყო პროგრესული მიმდინარეობა, რომელმაც გამოაცხადა პიროვნების თავისუფალი განვითარების პრინციპი, ადამიანის გათავისუფლება ფეოდალიზმისა და კათოლიციზმის ბორკილებისაგან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰუმანიზმის თანამედროვე გაგებამ XVIII-XIX საუკუნეებში მიიღო დასრულებული სახე, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი წყობა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური თუ უბრალო სამოქალაქო სისტემაც კი დამყარებული უნდა იყოს ადამიანზე, მის სურვილებსა და უფლებებზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. ცნობილია იმანუელ კანტის (1742–1804) მიერ ჩამოყალიბებული თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ადამიანი სხვა ადამიანისათვის შეიძლება იყოს მხოლოდ მიზანი და არა საშუალება, ამ თვალსაზრისმა უდიდესი მნიშვნელობა იქონია ჰუმანისტური მსოფლმხედველობის განვითარებაში.

ჰუმანიზმზე საუბრისას, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ე.წ. დეჰუმანიზაციის პროცესზეც, რაც გულისხმობს ჰუმანიზმის პრინციპთა შესუსტებას ან სულაც გაუფასურებას, უარის თქმას
ცხოვრებისა და აზროვნების ისეთ წესზე, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებზე, პიროვნების, როგორც ინდივიდის, გათვალისწინებასა და ხელშეუვალობაზე. დეჰუმანიზაციის ეს პროცესი კი თავისთავად
გულისხმობს, დაპირისპირებას საზოგადოების წევრებს შორის, დისკრიმინაციასა და ჩაგვრას განსხვავებული შეხედულებისა და აზრის მქონე ინდივიდების, რაც გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის ისე თითოეული ინდივიდის ცხოვრების ხარისხსა და წესზე.


ჰუმანიზმის ძირითად პრინციპად განსხვავებული აზრის პატივისცემა, სხვა აღმსარებლობის თუ კულტურის მქონდე პირთა შემწყნარებლობა –მიღებაა, მთელი ზნეობრივი კანონი ერთი სიტყვით გამოითქმება: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (მთ., 19, 19).
დეჰუმანიზაცია კი, ამ ყველაფრის შებრუნებული პროცესია, რაც არა მხოლოდ, „მასის ადამიანს“ წარმოშობს, არამედ ქმნის საზოგადოებას რომელიც შეუწყნარებელი და დაუნდობელია მათ მიმართ ვისაც განსხვავებული შეხედულებები გააჩნია.

ერთი სიტყვით ჰუმანიზმი, როგორც მსოფლმხედველობრივი და ეთიკური სისტემა თანდათან სულ უფრო მძლავრად იდგამს ფესვებს მსოფლიო ხალხების აზროვნებასა და კულტურაში, ხდება ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლა, პროგრესულად აზროვნება და გასხვავებული აზრის პატივისცემის კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ თუ მსოფლიოს საერთო სურათით ვიმსჯელებთ, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანის ჩაგვრა და დისკრიმინაცია ხდება, განსხვავებული რასის, აღმსარებლობის, სქესის, ასაკის თუ აზრის ქონის გამო, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ჰუმანიზმია ის რაც, ადამიანებს
მოგვცემს საშუალებას ვეზიაროთ მსოფლიო კულტურას, ტრადიციებსა და სხვადასხვა ხალხებისათვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს. რაც ყველაზე მთავარია ესაა სისტემა, რომელიც თითოეულ ადამიანს თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად აგრძნობინებს.

8 აგვისტო, 2014 წელი

0
2201
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
2201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0