x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
"რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ?!" (ქართული სოციუმის შეფასება კულტურებს შორის განსხვავებათა კუთხით)
თანამედროვე ქართული საზოგადოება რადიკალური შეხედულებებითა და შეფასებებით ხასიათდება. ჩვენში ხშირად გაისმის "ხმამაღალი" განცხადებები იმის შესახებ, რომ ქართველები ყველაზე ნიჭიერები და ჭკვიანები ვართ.

ქართველი ქალი ხომ გამორჩეულია კლდემამოსილებითა და სილამაზით, კაცი კი ვაჟკაცობითა და რაინდობით სხვა ერის შვილებზე აღმატებული, მაგრამ რატომღაც არ გვიკვირს, რომ

"ყველაზე მაგრები" უცხოელებს მეტ პატივს ვცემთ, ვიდრე ქართველებს. მათი ნააზრევიც უფრო ანგარიშგასაწევად გვეჩვენება, ვიდრე ჩვენი თანამემამულეების. გადაჭარბებასა და რომანტიკული ბუნებისთვის დამახასიათებელ წარსულის გაიდეალებას რომ მივეჩვიეთ ესეც ნათელია. თუმცა, ამავდროულად მშვენივრად ვახერხებთ გამუდმებით უკმაყოფილოები ვიყოთ აწმყოთი... საქმე რომ ფუჭდება, დამნაშავეთა ძებნას არა საკუთარ თავებში, არამედ სხვა ადამიანებში ვიწყებთ. პირადი პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა თუ გაგვიძნელდა კოლექტიურ უპასუხისმგებლობას ვაფარებთ თავს.

ჩვენი სოციუმის დამახასიათებელი თვისებები აქტუალური თემაა და მასზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება. თანაც თუ გადაწყვეტთ სიმართლეს ვაჟკაცურად გაუსწოროთ თვალი, ვფიქრობ, დაფიქრება და რაღაც-რაღაცებზე გულისდაწყვეტა არ აგცდებათ, მაგრამ სტატიის მიზანი თქვენთვის პესიმისტური განწყობის შექმნა სულაც არ არის. პირიქით, შევეცდები საკითხი განსხვავებული კუთხით დაგანახოთ.


თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მხოლოდ ერთ თვისებაზე -ქართველთა თვითკრიტიკულობაზე, რომელსაც კულტურათა ორ ტიპს შორის განსხვავებების ჭრილში განვიხილავ. იცოდით თუ არა, რომ კულტურა უდიდეს გავლენას ახდენს "მე–ს კონცეფციის" ჩამოყალიბებაზე, რაც ადამიანის უნარებისა და თვისებების შესახებ საკუთარ შეფასებებს გულისხმობს. ერთმანეთისგან განარჩევენ ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

"ინდივიდუალისტური "

ამ კულტურიდან აღმოცენდება დასავლური საზოგადოება. ის მხარს უჭერს ინდივიდის უფლებებს, მის დამოუკიდებლობას. "დამოუკიდებლობის კულტურული მიზნის მიღწევა მოითხოვს საკუთარი თავის განმარტებას, როგორც ინდივიდისა, რომლის ქცევა ორგანიზებულია და, ძირითადად, ადამიანის საკუთარ, და არა სხვების აზრებთან, გრძნობებთან და ქმედებებთან მიმართებაში ხდება მნიშვნელოვანი." (Markus & Kitayama, 1991, გვ. 226)

"კოლექტივისტური"

რაც შეეხება კოლექტივისტურ კულტურებს, ისინი ურთიერთდამოკიდებული მე-ს გაგებას ემხრობიან, რაც გამოიხატება

ადამიანის მიდრეკილებაში საკუთარი თავი დაინახოს გარემომცველი სოციალური ურთიერთობების ნაწილად და აღიაროს, რომ ადამიანის ქმედება დიდწილად განსაზღვრული და ორგანიზებულია იმით, თუ

რას აღიქვამს მოქმედი პირი სხვების აზრებად, გრძნობებად და მოქმედებებად. (Markus & Kitayama, 1991 გვ 227)

თუ განმარტებებს დავუფიქრდებით, არ გაგვიჭირდება დავასკვნათ, რომ კოლექტივისტურ კულტურას უფრო ვემსგავსებით, ვიდრე ინდივიდუალისტურს. დამოუკიდებელი აზროვნებას რომ გადაჩვეულნი ვართ და საზოგადოებაში სწორად, ჭეშმარიტად აღიარებული შეხედულებების კრიტიკული გააზრებით თავს ნაკლებად ვიწუხებთ ცხადია. თუმცა, საინტერესოა, რომ თვითშეფასების დროს კოლექტივისტური კულტურისთვის დამახასიათებელი თვიტკრიტიკულობა არ გვახასიათებს და საზოგადოების გაუმჯობესებაზე ზრუნვას საკუთარი ინდივიდუალური მიღწევების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით სულაც არ ვცდილობთ.ჩემი აზრით, ამ მხრივ, ინდივიდუალისტურ კულტურებს ვემსგავსებით, რომლებიც მიდრეკილნი არიან აქცენტი წარმატების სიტუაციებში საკუთარ თავზე გადაიტანონ, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევები კი სხვებს დაუკავშირონ. შესაძლებელია, სწორედ ამ თვისებით აიხსნებოდეს ჩვენი სწრაფვა წარმატებულ, ძირითადად უცხოეთში წასულ ქართველებთან გავაიგივოთ თავი და ამაყად ვთქვათ, რომ "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ", თუმცა, " ქართველობა" დავივიწყოთ და შორს დავიჭიროთ თავი მათგან, ვინც წარუმატებლობას განიცდის. აბა წარუმატებლობა "ქართველობის ბრალი" ხომ არ იქნება...

და ბოლოს, სტატიას დავასრულებ დიდი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის მოსაზრებით, რომელიც თვლიდა, რომ არ არის სწორი სუბიექტურად და გადაჭარბებულად დადებითად შევაფასოთ ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი, ის მოგვიწოდებდა თავი გაგვეაზრებინა რიგით სახელმწიფოდ, სხვა ჩვეულებრივ რიგით სახელმწიფოთა შორის ერთ რიგით სახედ და ფერად ქვეყნიერების ხალიჩაზე, ოღონდ კი ისეთად, რომლის გარეშეც ხალიჩა თავისი ბრწყინვალების ნაწილს დაკარგავდა.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0