x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რატომ მიმართავენ ადამიანები ტერორიზმს?
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მრავალი სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს, ალბათ, ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა თუ რატომ ხდებიან ადამიანები ტერორისტები და რა უბიძგებთ მათ იყვნენ ასეთი აგრესიული და დაუნდობლები, მაგრამ სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს განვიხილოთ თუ რა არის ტერორიზმი და საიდან იღებს იგი სათავეს.


ტერორიზმი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა დაშინების ან ძალის გამოყენების გზით, რომელიც ხშირად ეროვნული მთავრობების წინააღმდეგ არის მიმართული. ტერორიზმი სათავეს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იღებს. უკვე 1605 წელს ინგლისელ ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმს პირველის მოკვლა. ტერორისტული ჯგუფის, ნაროდნიკების მიერ 1881 წელს მოკლული იქნა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე რომანოვი. ტერორისტული მოქმედებების გეოგრაფია განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში გაიზარდა, კერძოდ კი მის მეორე ნახევარში. დღეს მსოფლიოს მაშტაბით მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები უამრავ ადამიანს აერთიანებს. საინტერესო იქნება გავიგოთ ის ფაქტორები, რომლებიც ადამიანებს უბიძგებს ტერორიზმისკენ.


საზოგადოებაში ტერორისტების შესახებ უამრავი სტერეოტიპი არსებობს. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ტერორისტები ხდებიან ღარიბი, მენტალური პრობლემების მქონე, გაუნათლებელი ადამიანები. ტერორისტად გახდომის ნამდვილი მიზეზები კი უფრო კომპლექსური და რთულად გასაგებია, ვიდრე ხალხის მიერ შექმნილი სტერეოტიპები, რომლებიც ნამდვილად ვერ ახსნიან მაგალითად, თუ რამ უბიძგა 38 წლის თეთრკანიან, კათოლიკე ქალს შეეცვალა სარწმუნოება, ეღიარებინა ისლამი, წასულიყო ირანში და 2005 წელს აეფეთქებინა თავი. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული ტიპური ტერორისტის სახე. ზოგიერთი ტერორისტი მართლაც შეიძლება იყოს ღარიბი, მენტალური პრობლემების მქონე, გაუნათლებელი, კრიმინალი ან თუნდაც ძალადობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ დაქირავებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ტერორისტების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ასეთი დაჯგუფებების ხელმძღვანელები არიან განათლებული, საშუალო ან მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენლები.


ტერორიზმის ექსპერტი ბრიუს ჰოფმანი აღნიშნავს, რომ ძალიან რთულია დაადგინო თუ რატომ იღებს ესა თუ ის ადამიანი ხელში იარაღს, რადგან ადამიანებს გააჩნიათ განსხვავებული მოტივაციები, რწმენები, წყენები. ჰოფმანის მიხედვით, მართალია არ არსებობს ფართოდ აღიარებული პროფილი ტერორისტებისა, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით ტერორისტების შესახებ. მაგალითად ის, რომ ტერორისტები უმრავლეს შემთხვევაში მოტივირებულნი არიან ალტრუიზმისა და თავდაცვის ძლიერი გრძნობებით. ტერორისტები, რომლებიც იბრძვიან რელიგიური მოტივით დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ქმედება გამართლებულია არა მარტო სარწმუნოების კუთხით, არამედ ისინი ღვთიური განკარგულების შემსრულებლები არიან. შესაბამისად, ტერორისტები საკუთარ თავს განიხილავენ როგორც ალტრუისტებს და ეჭვიც არ ეპარებათ იმაში, რომ ისინი ემსახურებიან "კეთილ" საქმეს, რომელსაც მოაქვს სიკეთე უმრავლესობისთვის. სწორედ ასეთი მოსაზრებები, საკუთარ სიმართლეში თავის დარწმუნება, ვალდებულების განცდა, "სამართლიანობის" დამყარების სურვილი, თავდადების გრძნობა და რადიკალიზმი უბიძგებს ადამიანებს გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგნიზაციებში.



ფსიქოლოგები მრავალი წლების განმავლობაში იკვლევდნენ იმ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, რომლებმაც შეიძლება ახსნას ტერორისტების მზაობა მონაწილეობა მიიღონ ტერორისტულ აქტებში. ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ტერორისტების უმრავლესობა არ არის მენტალური პრობლემების მქონე ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ერთ-ერთი ფსიქოლოგიური კვლევის დროს გამოკითხულ იქნა დაახლოებით სამოცამდე ყოფილი ტერორისტი. კვლევის შედეგად გამოიყო ტერორისტებისთვის დამახასიათებელი ცალკეული ნიშნები:


ტერორისტები ხშირად არიან აგრესიული, სამოქალაქო უფლებებ ჩამორთმეული ადამიანები.


მიიჩნევენ, რომ მათი პოლიტიკური მდგომარეობა არ აძლევს მათ ძალას მოახდინონ რეალური ცვლილებები.


ებრძვიან სოციალურ უსამართლობას.


გრძნობენ ვალდებულებას რომ იმოქმედონ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ისაუბრონ პრობლემებზე.


ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობაში ჩაბმა სულაც არ არის ამორალური.


ფიქრობენ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საჭიროა ადამიანი დაჯილდოვებული იყოს ისეთი თვისებებით, როგორებიცაა: გამბედაობა, მეგობრული სულისკვეთება, თავდაჯერებულობა.


ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ტერორიზმი ყველაზე კარგად შეიძლება აიხსნას იმ შემთხვევაში თუკი მას პოლიტიკური კუთხით შევხედავთ. ფსიქოლოგიის დოქტორი და ეთნოპოლოტიკური კონფლიქტების მკვლევარი კლარკ მაკოლი ტერორიზმს უყურებს როგორც "სუსტების ბრძოლას", რომელთაც საკმარისი პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნიათ რეალური ცვლილებების მოსახდენად.


შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ასევე ტერორისტების მიერ დაფინანსებულ იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდებში აგრესიის დამკვიდრებას. ამის მაგალითია ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის მოქმედება, რომელიც წლების განმავლობაში მანიპულირებდა ღაზის სექტორის მოსახლეობით, რათა მათში ისრაელის მოსახლეობისადმი ზიზღი გაეღვივებინა.


როგორც ზემოთ უკვე მრავალგზის ავღნიშნე, შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ ის მიზეზები, რომლებიც ადამიანებს ტერორიზმისკენ უბიძგებს, ამასთანავე, ამ თემაზე ჩატარებული უამრავი კვლევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ტიპური ტერორისტის პროფილის შემუშავება, რაც შესაძლებელს გახდიდა განზოგადება მოგვეხდინა სხვა მაგალითებზე. ვფიქრობ, ის ძალები, რაც ახალგაზრდებს უბიძგებს გახდნენ ტერორისტები, ჩაიდინონ უსასტიკესი დანაშაულები არის ინდივიდუალური. ნათელია მხოლოდ ის, რომ ადამიანების გადაწყვეტილებაზე გახდნენ ტერორისტები მოქმედებს როგორც სიტუაციური ასევე დისპოზიციური ფაქტორები.

0
462
შეფასება არ არის
ავტორი:ნინი მამალაძე
ნინი მამალაძე
462