x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ეთნიკური და რელიგიური ნაციონალიზმი ნიგერიაში
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში. ქვეყანას კონტინენტზე მოსახლეობის რაოდენობით (154 729 000 მილიონი ადამიანი) პირველი, ხოლო ტერიტორიის სიდიდით მე-14 ადგილი უკავია. ნიგერიაში დაახლოებით 250 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. დომინანტი ეთნიკური ჯგუფი არის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ჰაუსა და ფულანი, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 29%-ს შეადგენს და რომელთა უმეტესობაც მუსლიმია. ქვეყნის ჩრდილოეთით ასევე ვხვდებით სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, როგორებიცაა: კანური, ტივი, ნური. იორუბის, კიდევ ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ძირითადად ვხვდებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. საინტერესოა, რომ იორუბას ხალხის ნახევარი არის მუსლიმი, ხოლო მეორე ნაწილი ქრისტიანი. რაც შეეხება ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, აქ დომინანტური პოზიცია უკავია იგბოს წარმომადგენლებს, რომელთა რიცხვიც მთლიანი მოსახლეობის 18%-ს შეადგენს.


ნიგერიაში ძალიან ხშირია რელიგიურ თუ ეთნიკურ საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტები, რაც სულაც არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს გააჩნიათ განსხვავებული კულტურა, რელიგია, ცხოვრების წესი, ტრადიციები. აღსანიშნავია, რომ პირველ დიდ კონფლიქტს ეთნიკურ უმცირესობებს შორის ნიგერიაში ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 1960 წელს, როდესაც ნიგერიამ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. საქმე იმაშია, რომ ნიგერია 1914 წლიდან დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. 1967 წელს ერთ-ერთმა ეთნიკურმა ჯგუფმა იგბოებმა წამოიწყეს სისხლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც სეცესიისკენ იყო მიმართული. მათ ასევე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და ახლადშექმნილ სახელმწიფოს ბიაფრის რესპუბლიკა უწოდეს. ამ ომს, რომელიც საბოლოოდ 1970 წელს დასრულდა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ, დაპირისპირება ნიგერიაში ეთნიკურ ჯგუფებს შორის, მუსლიმურ ჩრდილოეთსა და ქრისტიანულ სამხრეთში ისევ გრძელდება, ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება განვიხოლოთ როგორ მიმართებაშია ნიგერიაში ეთნიკური ნაციონალიზმი რელიგიასთან.


ეთნიკური ნაციონალიზმი და რელიგია


რელიგიური განსხვავებები ნიგერიაში ძირითადად შეესაბამება რეგიონულ და ეთნიკურ განსხვავებებს. როგორც უკვე ავღნიშნე, ჰაუსისა და ფულანის ეთნიკურ ჯგუფს დაკავებული აქვს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის 45%-ს შეადგენს სუნიტი მუსლიმები. სამხრეთით ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანია და შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 45%-ს, მათ შორისაა იგბოები. სწორედ ასეთი თანაფარდობა ძალიან რთულს ხდის ერთმანეთისგან გავარჩიოთ რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტები.



ნიგერიის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობა განსხვავებულ ცხოვრების წესს მისდევს. განსაკუთრებით ნათლად შეიმჩნევა ეს განსხვავება ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნიგერიის ჩრდილოეთში, სადაც ცხოვრობენ ფულანები და ჰაუსები (ძირითადად მუსლიმი მოსახლეობა) ქვეყნის კონსტიტუციის გარდა აღიარებენ ასევე შარიათის კანონებს, რომელიც აერთიანებს ისლამის უფლებებს, მორალურ-ეთიკურ და რელიგიურ ნორმებს. შარიათის კანონები საზღვრავს მუსლიმანების ცხოვრებას და ისლამში მიიჩნევა "მარადიულ და შეუცვლელ" ღვთიურ დადგენილებად. შარიათი რელიგიური უფლებების ერთ-ერთი აღმსარებლობითი ფორმაა. მისი წარმოშობა უკავშირდება ჯერ კიდევ 1500-იან წლებს, როდესაც ისლამმა პირველად მოიკიდა მძლავრად ფეხი ჩრდილოეთ ნიგერიაში. უკვე 2002 წლის აპრილისთვის 12-ჩრდილოეთ რეგიონმა მიიღო შარიათის კანონები. ამ კანონების მიხედვით, ქურდობა ისჯება ხელის ამპუტირებით, საზოგადოებრივ ადგილებში დათრობა-გაროზგვით, ხოლო სასჯელი ღალატისთვის ქვებით ჩაქოლვაა. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთის ზოგიერთ რეგიონში მთავრობა სპეციალურად გამოყოფს სახსრებს მეჩეთებისა და ისეთი სკოლების მშენებლობისთვის, სადაც განსხვავებული სქესის წარმომადგენლებს ერთად სწავლის უფლება არ აქვთ. ნიგერიის მაშტაბით ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეები არიან ვალდებულნი დაექვემდებარონ ქრისტიანულ ან ისლამურ წესებს.


განსხვავება რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ნიგერიის ისტორიაში არაერთხელ გამხდარა მწვავე დაპირისპირებების წარმოშობის მიზეზი. 2001-2004 წლის განმავლობაში 750 000 ადამიანი იქნა შევიწროებული თუ გადასახლებული ისევ და ისევ ზემოთთქმული მიზეზის გამო. განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო კონფლიქტმა ტერორისტული ორგანიზაცია "ბოკო ჰარამის" შექმნის შემდეგ. იგი დაარსდა 2002 წელს და მისი სახელი არაბულიდან ითარგმნება, როგორც: "წინასწარმეტყველის სწავლების გავრცელებისა და ჯიჰადის ერთგული ადამიანები". "ბოკო ჰარამის" წევრებმა 2009 წელს ბრძოლაც კი წამოიწყეს ქვეყნის ჩრდილოეთში ისლამისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნით. მათი მოქმედება ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავაც გრძელდება, ორგანიზაციის წევრები არბევენ ქრისტიანულ სკოლებსა და ეკლესიებს. ისინი აქტიურად იბრძვიან დასავლური განათლების სისტემის წინააღმდეგ. 2014 წლის აპრილში, "ბოკო ჰარამის" დაჯგუფებამ ნიგერიის ქალაქ ჩიბოკის ქალთა პანსიონიდან 276 სტუდენტი გაიტაცა. ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება დღემდე ვერ ხერხდება.


შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტების არსებობა, დაპირისპირება ქვეყნის რეგიონებს შორის, უარყოფითად აისახება ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის დემოკრატიული განვითარების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წლიური შემოსავალი ნავთობის მოპოვების წყალობით ძალიან დიდია, ნიგერიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დღიური შემოსავალი ერთ დოლარს არ აღემატება.

0
229
შეფასება არ არის
ავტორი:ნინი მამალაძე
ნინი მამალაძე
229