x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნაციონალიზმი
ნაციონალიზმი არის იდეალოგია, რომლის მიხედვითაც ერი ანუ ნაცია არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე, ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. ეს არის პოლიტიკური იდეალი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრიობა თითოეული ერის პოლიტიკური ორგანიზაციის ოპტიმალური ფორმაა. ნაციონალიზმის წარმოშობა უკავშირდება მე-18 საუკუნის მიწურულს საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ საფრანგეთის დიდ რევოლუციასა და ნაპოლეონის ომებს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ევროპის ხალხების მიერ საკუთარი თავის გაცნობერება როგორც კულტურულ ერთობად. იმის გამო, რომ ნაციონალიზმი დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მისი ანალიზი. ნაციონალიზმი სახელმწიფოს შიგნით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დადებითი მოვლენა, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებასა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. იმავეს ვერ ვიტყვით ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ნაციები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ნაციონალიზმის უარყოფითი გამოვლინებების მაგალითები უხვად მოიპოვება ისტორიაში. ესენია: მსოფლიო ომები (გერმანიისა და იაპონიის აგრესიული ნაციონალიზმი მეორე მსოფლიო ომში), გენოციდი (გერმანელების ნაციონალიზმი ებრაელების მიმართ 1940-იან წლებში, მასობრივი მკვლელობები ბოსნიაში, ბურუნდში, რუანდაში, სუდანში), ქვეყნის შიგნით ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა (სერბების ჩაგვრა ხორვატიაში). განვიხილოთ ნაციონალიზმის რამდენიმე სახეობა და მათი გამოვლინება მსოფლიოს მაშტაბით.


ლიბერალური ნაციონალიზმი


ლიბერალური ნაციონალიზმი ეფუძნება იმის რწმენას, რომ ყოველ ნაციას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო, ერთი კულტურული თუ ეთნიკური ჯგუფი არ უნდა იყოს მართული მეორეს მიერ. ამ იდეის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ისეთ ეთნიკურ, ნაციონალურ ჯგუფებს, როგორებიცაა: ქურთები, იგბოები (ეთნიკური უმცირესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში), ტიბეტელები გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფის შექმნის უფლება. იგივე უფლებით უნდა სარგებლობდნენ ასევე უფრო პატარა ეთნიკური უმცირესობები: სორბები გერმანიაში, ამიშები ამერიკაში. ლიბერალური ნაციონალიზის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული ფართომაშტაბიანი კონფლიქტები, რაც დამახასიათებელია მრავალეროვანი ქვეყნებისათვის.


ტრანსნაციონალიზმი



ტრანსნაციონალიზმი გულისხმობს ურთიერთობებს როგორც სახელმწიფოებს, ისე სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციებს შორის. ტრანსნაციონალიზმი განიხილება როგორც გლობალიზაციის შედეგი, როდესაც განუხრელად მცირდება სახელმწიფოებისა და ერების როლი როგორც ურთიერთობებში, ისე ორგანიზაციებში. იგი მოიცავს ეროვნული საზღვრების მიღმიერ ურთიერთობებს. ტრანსნაციონალიზმი დღეს მრავალი ფორმით ვლინდება. ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ ტრანსნაციონალიზმს არის:

რელიგია (ბუდიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა, ჰინდუიზმი, ისლამი), რომელიც ხშირად კონფლიქტების წარმოშობის წყაროა.


ფილოსოფიები, როგორიცაა კონფუციონიზმი, რომელიც მრავალი ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს ჩინეთში.


იდეალოგიები, როგორიცაა კომუნიზმი, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე მთელ რიგ ქვეყნებში.


ტრანსნაციონალური კომუნიკაციები, როგორებიცაა: CNN, AL Jazzera და ტრანსნაციონალური კორპორაციები.


ფემინიზმი, რომელსაც უფრო და უფრო მეტი გავლენა გააჩნია მსოფლიო პოლიტიკაზე.


ეთნიკური ნაციონალიზმი


ეთნიკური ნაციონალიზმი არის ნაციონალიზმის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ძირითად ღირებულებად აღიარებს ერს, როგორც საერთო წინაპრებისა და საერთო წარმოშობის ადამიანთა ერთობას და მისადმი ერთგულებასა და მისთვის ბრძოლას მიიჩნევს დომინანტურად სხვა ღირებულებებთან შედარებით. ეთნიკური ნაციონალიზმი ეფუძნება რწმენას, რომ ვერავინ ვერ მოხვდება ამა თუ იმ ერის შემადგენლობაში მისი ენის, კულტურისა და ტრადიციების შესწავლის გზით თუ იგი სისხლითა და წარმოშობით სხვა ერს მიეკუთვნება. ეთნიკური ნაციონალიზმი ხაზს უსვამს საკუთარი ერის განსაკუთრებულობას-ეთნოცენტრიზმს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობა მტრულადაა განწყობილი სხვა ჯგუფების მიმართ. ამის მაგალითებია: სერბების დაპირისპირება ბოსნიელი მუსლიმებისა და ხორვატიელებისადმი იუგოსლავიაში, 1990-იან წლებში, თამილებისა და სინჰალების კონფლიქტი შრი-ლანკაში, იორუბები იგბოების წიინააღმდეგ ნიგერიაში. როგორც ვნახეთ, ეთნიკური ნაციონალიზმი ახალი კონფლიქტების წარმოშობის წყაროა ქვეყნის შიგნით, რომელთა მოგვარების ერთ-ერთი გზა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს არის დეცენტრალიზაცია. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა ინარჩუნებს ერთიანობას, ლაგდება დაძაბული ვითარება ქვეყნის შიგნით, ეთნიკურ უმცირესობებს ენიჭებათ დამატებითი უფლებები. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა შეინარჩუნოს მშვიდობა მაინც ხშირია შემთხვევები, როდესაც ეთნიკური ნაციონალიზმი უკიდურეს ფორმას იღებს, ამ დროს ეთნიკური უმცირესობები იწყებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, ცენტრალური ხელისუფლება ამას არ უშვებს და შეიძლება დაიწყოს ეთნიკური წმენდა, გენოციდი. ასეთ შემთხვევაში ასევე იწყება ტერიტორიული დეზინტეგრაცია. ეთნიკური ნაციონალიზმის ასეთმა უკიდურესმა ფორმამ მრავალ შემთხვევაში სისხლიანი სახე მიიღო და მე-20 საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებში მრავალი გამოვლინება ჰპოვა.(ბოსნია, კოსოვო, მთიანი ყარაბახი, აფხაზეთო ყოფილი სამხრეთ ოსეთი, დნეპრისპირეთი, რუანდა, შრი-ლანკა და სხვა.)


რელიგიური ნაციონლიზმი


რელიგიური ნაციონალიზმის მაგალითები მოიპოვება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. რელიგიური ნაციონალიზმი წარმოადგენს რელიგიისა და საერო ნაციონალიზმის სინთეზს. რელიგიური ნაციონალიზმის-თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორის გამოვლინება, შეიძლება ვნახოთ ბანგლადეში, ირანში, ინდოეთში, ისრაელში, ლიბანში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, შრი-ლანკაში, სუდანში. რელიგიური ნაციონალიზმი არის კონფლიქტების წყარო ისრაელში, სუდანში, ინდოეთში. ისრაელში ეს ვლინდება პალესტინელებისა და ებრაელების დაპირისპირებით, ხოლო სუდანში რელიგიურმა ნაციონალიზმა მიიღო უკიდურესი ძალადობისა და გენოციდის სახე, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიოში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად რელიგიური ნაციონალიზმის მომხრეები ძალადობას ტერორისტული აქტების მოწყობით ავლენენ, რომელთაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თალიბანი- ისლამური ფუნდამენტალისტური პრო-პუშტუნთა მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. თალიბანის წევრები აქტიურად უჭერდნენ მხარს ალ-ქაიდას დაჯგუფებას.2001 წლის ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე, თალიბებმა ბინ ლადენის გაცემაზე უარი განაცხადეს. ამასთან დაკავშირებით, 2001 წლის ოქტომბერში ნატოს ჯარისკაცებმა ანტითალიბანურ ძალებთან ერთად ავღანეთში დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც თალიბანის ხელისუფლება ჩამოაგდეს.სამწუხაროდ, რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ტერორისტული ორგანიზაციები დღესაც განაგრძობენ მოქმედებას და ამით მრავალ პრობლემას უქმნიან იმ ქვეყნებს, რომელთა წინააღმდეგაც გამოდიან.


რელიგიური ნაციონალიზმის გამოვლინების კონტექსტში განიხილება ასევე ინდოეთში ჰინდუს ნაციონალიზმის აღზევება მუსლიმების წინააღმდეგ, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მოქმედება ისრაელში.


ყოველივე ზემოთთქმული ადასტურებს, რომ ნაციონალიზმი ვლინდება მრავალი ფორმით და სხვადასხვა შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი გააჩნია. ნაციონალიზმი განაგრძობს მსოფლიო პოლოტიკის მართვას სხვადასხვა მიმართულებით. ნაციონალიზმის დადებითი მხარე არის ის, რომ იგი აერთიანებს ადამიანებს ერთი იდეის გარშემო და უბიძგებს მათ ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით იმოქმედონ, ხოლო ნაციონალიზმის უარყოფითი მხარე ვლინდება არასტაბილურობის, დაპირისპირებების, ტერორიზმის წარმოქმნაში. საინტერესოა რა მომართულებას მიიღებს ნაციონალიზმი მომავალში, რასაც მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს.





0
3119
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მამალაძე
ნინი მამალაძე
3119