x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კანაბისის ჯგუფის ნარკოტიკები და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

კანაფი (cannabis sativa) – მოიპოვება მთელ მსოფლიოში, ხარობს სხვადასხვა სახის კლიმატურ პირობებში, თუმცა მისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელია ცხელი კლიმატი. ნარკოტიკების ჯგუფს, რომელიც მზადდება კანაფის მცენარისაგან, ეწოდება კანაბისი. მათ შორის ყველაზე
უფრო ძლიერია ჰაშიში, ხოლო შედარებით მსუბუქ ფორმას წარმოადგენს მარიხუანა -კანაბისის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პოპულარული სახეობა.მარიხუანა მზადდება მცენარის ფოთლებისაგან (გასრესილი ფოთლები).

კანაფისაგან დამზადებული ნარკოტიკები ერთმანეთისაგან
განსხვავდება სიძლიერით, რომელსაც განსაზღვრავს ის კლიმატური პირობები, რომელშიც იზრდება მცენარე, დამზადების წესი, შენახვის პირობები და ხანგრძლივობა. კანაბისი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC - tetrahydrocannabinol). მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ნივთიერების მოქმედება იწვევს ფსიქოლოგიურ ეფექტებს, ხოლო რაც უფრო მეტია მისი შემცველობა, მით უფრო ძლიერია ნარკოტიკი.

კანაბისის მოწევა იწვევს ჰალუცინოგენების, სტიმულანტებისა
და დეპრესანტებისათვის დამახასიათებელი ეფექტების ერთიანობას. მცირე დოზის მიღების შემთხვევაში, პიროვნებას, როგორც წესი, ეუფლება სასიამოვნო განცდები და განიცდის რელაქსაციას. ადამიანი ძირითადად მშვიდ მდგომარეობაში რჩება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება
საუბრის სურვილის გაძლიერება, შფოთვა, ეჭვიანობა, გაღიზიანებულობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიროვნება იყო ცუდ გუნება-განწყობილებაზე, ან მოწევა მოხდა მისთვის გამაღიზიანებელ გარემოში.

მოწევის დროს ვლინდება პერცეფციების სიმკვეთრის ზრდა,
მხედველობითი და სმენითი აღქმა უფრო მეტად ინტენსიურდება, რაც იწვევს გაოცებისა და აღფრთოვანების განცდას. იცვლება დრო-სივრცის აღქმაც - დროის მსვლელობა ნელდება, ხოლო მანძილები და ობიექტების ზომები აღიქმება უფრო დიდად, ვიდრე ისინი სინამდვილეშია. ფიზიკური
ცვლილებები მოიცავს თავბრუსხვევას, გულისცემის აჩქარებას, სისხლის წნევის გაზრდას, მადის მომატებას, პირის სიმშრალეს, თვალების გაწითლებას. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ჩათვლიმოს ან დაიძინოს.

კანაბისის დიდი დოზით მიღება იწვევს უცნაურ ვიზუალურ
ხატებს, ჰალუცინაციებს, იმპულსურ ქცევას და დაბნეულობას. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება შეიპყროს აზრმა, რომ სხვებს სურთ მისთვის ტკივილის მიყენება.

აღნიშნული ეფექტები გრძელდება 2-6 საათი, თუმცა გუნება-განწყობილების
ცვლილებები უფრო ხანგრძლივია.

1970 წლამდე ითვლებოდა, რომ მარიხუანას მოხმარება არ
იწვევს დამოკიდებულებას და მიჩვევას. თუმცა დღეს უკვე ცნობილია, რომ მარიხუანას ძირითადად მოიხმარენ რეგულარულად, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობებზე, აკადემიურ მოსწრებასა და პროფესიულ საქმიანობაზე. რეგულარული მოწევა იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, ასევე მწეველებს უმუშავდებათ ტოლერანტობა და სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო ხდება სულ უფრო და უფრო დიდი დოზის მიღება. ხოლო მოწევის შეწყვეტა იწვევს მოუსვენრობასა და
გაღიზიანებულობას.

რატომ გაიზარდა მარიხუანაზე დამოკიდებულების შემთხვევათა
რიცხვი ბოლო ათწლეულების მანძილზე?

ძირითადი მიზეზი არის თავად მარიხუანას ცვლილება (Doweiko, 2006) - დღეს გავრცელებული მარიხუანა სულ მცირე ოთხჯერ უფრო ძლიერმოქმედია,
ვიდრე 70-იან წლებში იყო - THC - ს შემცველობა საშუალოდ 6%-ით გაიზარდა, ხოლო მცენარეს ძირითადად ზრდიან მშრალ, ცხელ კლიმატურ პირობებში, რაც კიდევ უფრო ზრდის მის სიძლიერეს.

მარიხუანას ფართოდ გავრცელებულობის ფონზე დიდ მნიშვნელობას
იძენს იმის გარკვევა, თუ რა რისკები ახლავს თან მის მოხმარებას. მარიხუანას მოწევამ, ჰალუცინოგენების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს პანიკური რეაქციები და შიში, რომ მოსალოდნელია გონების დაკარგვა ( ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია, 2000).

იწვევს რა კომპლექსურ სენსომოტორულ ცვლილებებსა და კოგნიტური
ფუნქციონირების შეფერხებას, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ხშირია ავტოკატასტროფები ( Kauert & Iwersen – Bergmann, 2004; Ramaekers et al., 2006).


ამასთანავე, მარიხუანას მსუბუქ მომხმარებლებს აღენიშნებათ სირთულეები ახალი მასალის დამახსოვრებაში, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში სერიოზული სირთულეები ექმნებათ სწავლასა და მუშაობაში (მსუბუქ მოხმარებად ითვლება მაქსიმუმ 16-ჯერ მოწევა კვირის განმავლობაში).

მარიხუანას რეგულარული მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს (Deplanque, 2005). მაგალითად, იგი ხელს უწყობს ფილტვების დაავადებას. კვლევები აჩვენებს, რომ მარიხუანას მოწევა ამცირებს ფილტვებიდან ჰაერის გამოდევნის უნარს (Tashkin, 2001) უფრო მეტად, ვიდრე თამბაქოს მოხმარება(NIDA, 2002). ასევე, მარიხუანა
შეიცავს ნივთიერებებს (მაგ: ბენზოპირინი), რომლებიც დაკავშირებულია კიბოსთან.

შემდეგი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას
რეგულარულ მოწევასთან ეხება რეპროდუქციულ უნარს. კვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცებში, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ მარიხუანას შეინიშნება უფრო მცირე რაოდენობით სპერმის გამოყოფა, ვიდრე არამწეველებში. ხოლო მდედრობითი სქესის მწეველებში ხშირია პათოლოგიური ოვულაცია (კვერცხუჯრედის გამოყოფა საკვერცხიდან).

საუკუნეების განმავლობაში კანაბისი მნიშვნელოვან როლს
თამაშობდა მედიცინაში. მისი გამოყენება ქირურგიული ოპერაციების დროს გაუტკივარების მიზნით ჯერ კიდევ 2000 წლის წინ რეკომენდირებული იყო ჩინელი მკურნალების მიერ, ხოლო სხვა ქვეყნებში კანაბისს იყენებდნენ ქოლერის, მალარიის, ინსომნიის სამკურნალოდ. ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაბისი, ძირითადად მარიხუანას ფორმით, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა და ძირითადად სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენებოდა. თუმცა მოგვიანებით შეიცვალა დამოკიდებულება მარიხუანას მიმართ და უკვე დაიწყო მისი გამოყენება არასამედიცინო მიზნებისათვის, კერძოდ, გართობისათვის. მარიხუანა ძირითადად ვრცელდებოდა არალეგალური გზებით, რადგან კანონით აიკრძალა მისი მოხმარება. თუმცა აკრძალვის მიუხედავად მარიხუანა უფრო და უფრო პოპულარული გახდა 60-იან წლებში, მეამბოხე ახალგაზრდები მას სიამოვნების მიღების მიზნით ეწეოდნენ. 70-იან წლებში მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვმა ამერიკის
შეერთებულ შტატებში 16 მილიონს მიაღწია.

80-იან წლებში მკვლევარებმა შეიმუშავეს კანაბისიდან ნივთიერება THC-ს სუფთა სახით გამოცალკევების მეთოდები. ასევე დაიწყეს THC-ს დამზადება ლაბორატორიული გზით. აღნიშნულმა ვითარებამ ხელი შეუწყო კანაბისის მოხმარებას სამედიცინო სფეროში - იგი გამოიყენებოდა გლაუკომას
სამურნალოდ, ქრონიკული ტკივილებისა და ასთმის დროს. ასევე გულისრევის შემცირების მიზნით ქიმიოთერაპიის შემდეგ, მადის მოსამატებლად აივ შიდსით ინფიცირებულ პაცინტებში.

ამის პარალელურად, 80-იან წლებში დაიწყო კამპანია მარიხუანას
სამედიცინო ლეგალიზაციისათვის. მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მარიხუანა უფრო სწრაფად ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და მთლიან ორგანიზმზე, ვიდრე ლაბორატორიაში დამზადებული THC-ს კაფსულები. მიუხედავად აღნიშნული არგუმენტისა, 1992 წელს მთავრობამ შეაჩერა მარიხუანას სამედიცინო ლეგალიზაციის მოთხოვნები, თუმცა განმეორებითი მცდელობების შედეგად, 1996 წლიდან 12 შტატში მიიღეს კანონმდებლობა, რომელიც ექიმებს აძლევდა უფლებას მიეცა მარიხუანას რეცეპტი მძიმე ავადმყოფებისათვის. ამასთან ერთად, ფედერალური მთავრობა კვლავ განაგრძობს ბრძოლას მარიხუანას წარმოების, შენახვისა და დისტრიბუციის წინააღმდეგ.


კანადასა და ნიდერლანდებში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია
სამედიცინო მიზნებისათვის, კერძოდ, მძიმე ავადმყოფებისათვის. ასევე, მარიხუანას გაყიდვა ნებადართულია ზოგიერთ აფთიაქში.





გამოყენებული ლიტერატურა:


Comer, R. “Abnormal Psychology“, The eighth edition.



0
1223
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამთა ნეკაშვილი
თამთა ნეკაშვილი
1223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0