x
image
worldsport.ge
ქრისტეს ქანდაკება – მსოფლიოს ახალი საოცრება რიო დე ჟანეიროში

imageმსოფლიოში ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკება ბრაზილიის ნომერ პირველ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. კვარცხლბეკის ჩათვლით 38 მეტრის სიმაღლის სტატუა, რომლის წონაც 1145 ტონაა, რიო დე ჟანეიროში კორკოვადოს მთაზე მდებარეობს. ქანდაკების გაშლილ ხელებს შორის მანძილი 28 მეტრია. 2007 წელს ქრისტეს ქანდაკება მსოფლიოს “ახალ შვიდ საოცრებათა” რიცხვში შეიტანეს. მისთვის ადგილი ისეა შერჩეული, რომ რიოს ყველა წერტილიდან ჩანს, ცხადია თუ ღრუბლები არ ფარავს. კორკოვადოს მთის წვერიდანაც, ქალაქის ნებისმიერ მხარეს დაინახავ. მათ შორის, სტადიონ “მარაკანას”, “კოპაკაბანას”, “ლებლონის”, “იპანემას”, “ბოტაფოგოს”, “ფლამენგოს” პლაჟებს, რიოს იპოდრომს და ა.შ. ამ ქანდაკების გამო, რიოს “ღმერთის ქალაქსაც” ეძახიან.
ქანდაკებისკენ ტურისტების უმრავლესობა ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზით ადის, რომელიც ინჟინერებმა პერეიპა პასოსმა და ტერსეირა სუარეშმა 1842-1844 წლებში ააშენეს და ის ბრაზილიაში პირველი იყო. მაშინ, ქრისტეს მონუმენტის დადგმაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ, მაგრამ მოგვიანებით ამ რკინიგზამ მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების აშენებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სწორედ, მისი დახმარებით აჰქონდათ სამშენებლო მასალები მთის წვერზე. ახლა, რკინიგზაზე ორი პატარა ვაგონი მუშაობს, რომელიც ქანდაკებისკენ მიმავალ გზაზე ჩერდება ხოლმე – ტურისტებს წყალს სთავაზობენ ან სამკაციანი ბენდი შემოვა, რომელიც დაუკრავს და ვისაც რამდენი სურს დაირაში იმდენ თანხას ჩადებს.
ქრისტეს ქანდაკების დადგმის იდეა 1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავამდე ერთი წლით ადრე გაჩნდა. იმ პერიოდში რიო დე ჟანეირო ქვეყნის დედაქალაქი იყო. ჟურნალმა “კრუზეირომ” ქანდაკებისთვის თანხის შეგროვების კამპანია წამოიწყო. მასში აქტიურად ჩაერთო ეკლესია. რიო დე ჟანეიროს იმჟამინდელმა არქიეპისკოპოსმა სებასტიან ლემე მონუმენტის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, 2, 5 მილიონი რეისი შეგროვდა (ბრაზილიის მაშინდელი ფულადი ერთეული. რედ.).
ქანდაკების ესკიზი მხატვარმა კარლოს ოსვალდმა შეიმუშავა. სწორედ, მისი იდეა იყო, რომ ქრისტეს ქანდაკებას გაშლილი ხელები ჰქონოდა, რათა შორიდან როგორც დიდი ჯვარი გამოჩენილიყო. პირველადი ვარიანტის მიხედვით, სტატუის კვარცხლბეკს დედამიწის ფორმა უნდა ჰქონოდა. მონუმენტის საბოლოო ვარიანტი ბრაზილიელმა ინჟინერმა ეიტორ და სილვა კოშტამ შეიმუშავა. აქვე გეტყვით, რომ კარლოს ოსვალდისა და სებასტიან ლემეს ბიუსტები, კორკოვადოს მთაზე პატარა სამლოცველოს შესასვლელთან დგას.
ქანდაკების მშენებლობა 1922-დან 1931 წლამდე გრძელდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბრაზილიაში ამხელა მასშტაბის ქანდაკების შექმნის ტექნოლოგიური საშუალებები არ იყო, მისი ყველა დეტალი, კარკასის ჩათვლით, საფრანგეთში დაამზადეს. ის რკინა-ბეტონისგან და ტალკოხლოროტისგანაა შექმნილი.
ფრანგმა მოქანდაკე პოლ ლანდოვსკიმ 1924 წელს ქანდაკების თავი, რომლის სიმაღლე, 3, 75 მეტრია და ხელები დაასრულა. ყველა დეტალი ბრაზილიაში ცალკ-ცალკე ჩაჰქონდათ და რკინიგზით კორკოვადოზე აჰქონდათ.
1931 წლის 12 ოქტომბერს ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა და აკურთხეს. 1965 წელს, ის ხელმეორედ რომის პაპმა პავლე VI აკურთხა. არსებობის განმავლობაში სტატუა ორჯერ გაარემონტეს. ჯერ 1932 წელს, ხოლო შემდეგ 2000 წელს, განათების სისტემის მოდერნიზაცია მოხდა.
2010 წლის 16 აპრილს ქანდაკება არსებობის ისტორიიაში პირველად “ვანდალების” თავდასხმის ობიექტი გახდა. მასზე შავი საღებავით წარწერები გააკეთეს, რომლებიც ოპერატიულად წაშალეს. ეს ბრაზილიელი ვანდალები უცნაური ხალხია. არსებობს დაჯგუფება, რომელიც დრო და დრო სხვადასხვა ობიექტებს არბევს, თან არაფერს კი არ იტაცებს, არამედ, უბრალოდ ანადგურებს და ასე თავის პროტესტს გამოხატავს ხელისუფლების მიმართ.
წელიწადის განმავლობაში ქანდაკება საშუალოდ ოთხჯერ მეხის დაცემის ობიექტი ხდება. ამიტომ, რიო დე ჟანეიროს კათოლიკური ეკლესიის ეპარქია საგანგებოდ ინახავს მასალას, რომლითაც ქანდაკებაა აშენებული, რათა მეხისგან მიყენებული დაზიანება შეაკეთონ.


ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


ლაშა თაბაგარის ფოტო



0
952
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0