x
image
worldsport.ge
არქიტექტორი!

imageის უკვე 35 წლისაა. გადის დრო, იცვლება თაობები, ის კი წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. უკეთესი თუ არა, უარესი ნამდვილად არა... ძნელია, მისი თამაში არ მოგწონდეს ფეხბურთის ქომაგს. შეიძლება არ მოგწონდეს “იუვენტუსი”, შეიძლება არ მოგწონდეს იტალიის ნაკრები, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია გულშემატკივარი, ანდრეა პირლოს რომ ვერ იტანდეს.
ნამდვილი არქიტექტორია მოედანზე - აპროექტებს გუნდის თამაშს, მის თითოეულ ნახაზს თავისი დეტალებით. დააკვირდით, როცა ბურთი მას აქვს, ბევრი თვალების ცეცება არ სჭირდება, უცებ იღებს გადაწყვეტილებებს და ზოგჯერ იმდენად არაორდინალურს, რომ თანაგუნდელიც კი გაიკვირვებს, პასი როგორ მომივიდაო.
ამ ყველაფერთან ერთად, მინდორზე კარგი ქცევითაც გამოირჩევა, რაშიც უპირველესად მეტოქისა და მსაჯის მიმართ პატივისცემას ვგულისხმობთ. არც პრანჭვა-გრეხვა სჩვევია, არც კივილ-წივილი, უბრალოდ, თამაშობს და სიამოვნებას იღებს. ეტყობა, რომ სიამოვნებას იღებს. ეტყობა ყოველ მოძრაობაში, მიხვრა-მოხვრაში.
ყველამ ნახეთ, რა მატჩი ჩაატარა ინგლისთან. მარტო ბოლო წუთებზე შესრულებული საჯარიმო რად ღირდა, ბურთმა უცნაური ტრაექტორია რომ მოხაზა და მეკარე ჯო ჰარტი გააოგნა. რამდენს ეგონა, რომ ევრო-2012 მისი ბოლო გაბრწყინება იქნებოდა, მაგრამ არა – უკეთესში თუ არა, უარეს ფორმაში ნამდვილად არაა.
მოსიარულე ტვინი – ზოგჯერ სიარულიც არ სჭირდება, ბურთს მიიღებს და მორჩა, შეტევის დაპროექტება ერთი გახედვით, ერთი პასით იწყება.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0