x
image
worldsport.ge
შაფათავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეშია

imageქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
"როლან გაროსის" კვალიფიკაციის მე-3 რაუნდში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიელი მეტოქე ოლივია როგოვსკა 2 საათსა და 20 წუთიან დაძაბულ ბრძოლაში 3:6 7:6 6:3 დაამარცხა.
პირველი სეტის 3:6 წაგების შემდეგ, გადამწყვეტი მეორე სეტი აღმოჩნდა, როდესაც შაფათავამ თამაშის შემობრუნება შეძლო. ანგარიში 3:3 გახლდათ, როცა როგოვსკამ ბრეიკი შეასრულა - 3:4. ამის შემდეგ შაფათავამ მობილიზება მოახერხა, მალევე მეტოქეს მოწოდება აართვა და ანგარიში 5:5 გახადა.
საბოლოოდ შაფათავამ ტაი ბრეიკში როგოვსკა მაინც დაამარცხა და წონასწორობის აღდგენასთან ერთად ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა.
გადამწყვეტ სეტში შაფათავას აღარ გასჭირვებია. ქართველმა ავსტრალიელის პირველივე მოწოდებაზე ბრეიკი შეასრულა და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საბოლოოდ შაფათავამ მესამე სეტი 6:3 მოიგო და პირად აქტივს 40 სარეიტინგო ქულაც შემატა.
"როლან გაროსის" ძირითად ბადეში შაფათავას მეტოქე ტურნირზე 27-ე ნომრად განთესილი სვეტლანა კუზნეცოვა იქნება. რუსი ჩოგბურთელი ქალთა რეიტინგში 29-ე ადგილზე იმყოფება. ქართულ - რუსული დაპირისპირება 26 მაისს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ კუზნეცოვამ წელს გულშემატკივრებს ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ბოლოს მან რომის ტურნირზე იასპარეზა, სადაც მეორე რაუნდში ელენა იანკოვიჩთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მატჩი ნაადრევად დაასრულა.
იმ შემთხვევაში თუ შაფათავა კუზნეცოვას ბარიერს დაძლევს, მისი მეტოქე კამილა ჯორჯისა და ბოიანა იოვანოვსკის შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ შაფათავას მსოფლიო რეიტინგში 206 ადგილი უკავია და საუკეთესო 200-ეულში შესვლა გარანტირებული აქვს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0