x
image
beko777
მურთაზ შელია: - ალბათ გინესის რეკორდებშიც კი მოვხვდებოდი...
მურთაზ შელია: - ალბათ გინესის რეკორდებშიც კი მოვხვდებოდი...

imageოჩამჩირის სოფელ კოჩარადან, ჯერ თბილისის „დინამოში“ მოხვდა და საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ რუსეთის ჩემპიონი გახდა. მართალია, მიზეზთა გამო ის ლონდონის „არსენალში“ ვერ მოხვდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტიში“ 3 წელი ითამაშა. ეროვნული ნაკრების დაცვის ბურჯად მიჩნეულ ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერ მცველს, მურთაზ შელიას, ისეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ ტოლი–ტოლზე უთამაშია, როგორებიც იყვნენ, ალან შირერი, იურგენ კლინსმანი, ტედი შერინგემი, ფაბრიციო რავანელი, კრისტიან ვიერი, ხრისტო სტოიჩკოვი...
ფეხბურთელობის შემდეგ ფეხბურთში დარჩა და დღესაც ფეხბურთით ცხოვრობს. ჩვენი ფეხბურთის ტკივა სტკივა და კრიზისიდან გამოსავლის საკუთარი გეგმაც აქქვს.
საინტერესოა, თუ როგორ იხსენებს წარსულს ენაწყლიანი მურთაზ შელია, რა აზრისაა მომავალზე... მასთან საუბრით საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და მისი გაცნობით ნამდვილად არ ინანებთ...
ერთი აუხდენელი ოცნება დამრჩა... image

- როგორც ყველა ქართველმა ფეხბურთელმა, მეც ბავშვობაში, სკოლის ასაკში დავიწყე ფეხბურთის თამაში. ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში დავიბადე და ფეხბურთსაც იქ ვეზიარე. მართალია, სკოლის ასაკში ბავშვთა გუნდებში ვთამაშობდი, მაგრამ ფეხბურთს სერიოზულად, საბჭოთა ჯარის მოვლის შემდეგ მოვკიდე ხელი. თუმცა, იმ დროს რომ მეთქვა „მანჩესტერ სიტიში“ დაასრულებ კარიერასთქო, ალბათ ვინმე გიჟადაც კი ჩამთვლიდა. საბჭოთა ჯარში, გროზნოში ვმსახურობდი და ჯარიდან რომ ჩამოვედი ოჩამჩირის „ამირანში“ ამიყვანეს, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვით მომიწია თამაში, უმალ თბილისის „დინამოში“ მოვხვდი. „დინამოში“ რევაზ ძოძუაშვილმა, ცხონებული ნოდარ ახალკაცის რეკომენდაციით ჩამომიყვანა. ახალკაცი, რომელმაც „დინამოს“ ერთადერთი ევროპული ტიტული, თასების თასი მოაგებინა, ძალზე მშრომელი და ფეხბურთზე თავდადებული კაცი იყო. რეგიონებში დადიოდა, მატჩებს ესწრებოდა და „დინამოსთვის“ ფეხბურთელებს არჩევდა. ნოდარ ახალკაცმა ჩემი არაერთი თამაში ნახა და დავით ყიფიანს ჩემი თბილისში ჩამოყვანა სთხოვა. ყიფიანი იმ დროს ავად იყო და რეზო ძოძუაშვილმა ჩამომიყვანა. თბილისში ჩამოსული, ნოდარ ახალკაცმა დამიბარა და კარგა ხანს მესაუბრა. მითხრა „ამირანის“ შემადგენლობაში ჩემი რომელი მატჩები ნახა, დამარიგა და წარმატებები მისურვა.


– თბილისის „დინამოში“ მოხვედრა იმ დროისათვის ყველა ბავშვის ოცნება იყო. ზოგი ამას წარმოუდგენლადა კი მიიჩნევდა. ეს ოცნება 22 წლის ასაკში აისრულეთ და მომდევნო ოცნებად რა ჩაიფიქრეთ?
– როცა ბავშვობის ოცნებას აისრულებ, არ უნდა მოდუნდე, ახალი მიზანი უნდა ჩაიფიქრო, ესაა ფორმულირება ცხოვრების წესად მაქვს ქცეული... დღევანდელთან შედარებით, მაშინ ძალზე ძნელი იყო თბილისის „დინამოში“ მოხვედრა... კარგად მახსოვს, ოჩამჩირიდან თბილისში გამთენიისას ჩამოვედი და დიღომში, „დინამოს“ ბაზის კარი რომ შევაღე, ტანში გამცრა... გულში გავიფიქრე, ბავშვობის ოცნება ავიხდინე, თბილისის „დინამოში“ მოვხვდი–თქო და უმალ ახალ მიზანზე დავიწყე ფიქრი. მომდევნო მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და კარგ უცხოურ კლუბში გადასვლა იყო... ასე რომ, საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არ მივეცი, ღმერთმაც გადმომხედა და ჩემი შრომა დაფასდა...
image– სანაკრებო კარიერა ჩინებულად აგეწყოთ, ტანმაღალ და ჯანიან მცველს მსოფლიოში დღემდე ცნობილ ისეთ თავდამსხმელებთან მოგიწიათ მეურვეობა როგორებიც იურგენ კლინსმანი, ალან შირერი, ტედი შერინგემი, კრისტიან ვიერი, ფაბრიციო რავანელი, ხრისტო სტოიჩკოვი და სხვები იყვნენ... ალბათ დღეს ტკბილად იხსენებთ იმ წლებს და ამაყობთ კიდეც, რომ მეტოქის ამ ვარსკვლავებს ტოლი არ დაუდეთ...
– საკუთარ თავზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათშირერის, სტოიჩკოვის, ვიერის, კლინსმანის, რავანელის, შერინგემისა და სხვა რჩეული ფორვარდების წინააღმდეგ ჩემი თამაში... ნაკრებში სწორედ ჩემმა საიმედო თამაშმა განაპირობა საკლუბო კარიერაში ჩემი წინსვლა, „დინამოდან“ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ მოვხვდი, იქიდან კი „მანჩესტერ სიტიში“...
ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ფეხბურთმა ყველაფერი მომცა და მას ვერასდროს ვუღალატებ... ერთი სიტყვით, საკლუბო კარიერაში ყველაფერი კარგად ამეწყო, სანაკრებომ კი ერთი აუხდენელი ოცნება დამიტოვა...
– რას გულისხმობთ?
– იმ დროისათვის, ეროვნულ ნაკრებში ჩინებული თაობა ვიყავით შეკრებილი. გერმანიის, ინგლისის, იტალიის, ბულგარეთის ძლიერ ნაკრებებს ტოლი არ დავუდეთ. 1994 წელს ამერიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბულგარეთის ნაკრებმა, რომელშიც ხრისტო სტოიჩკოვი და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ, მეოთხე ადგილი დაკავა. მსოფლიოს ეს მე–4 გუნდი ჩამოვიდა თბილისში და 2:1 მოვუგეთ... ერთი სიტყვით, კარგი თაობა ვიყავით და ძლიერი ნაკრები გვყავდა, მაგრამ... ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჯგუფში გერმანიისა და ბულგარეთის შემდეგ, 15 ქულით, ჯგუფში მე–3 ადგილი დავიკავეთ, რაც, სამწუხაროდ დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია ჩვენი ნაკრების. გული მწყდება, რომ მეტის გაკეთება ვერ მოვასწარით, ძალიან მინდოდა ეროვნული ნაკრების მაისურით, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონაზე მეთამაშა, მაგრამ, ეს ოცნება აუხდენელი დამრჩა... ისიც ფაქტია, რომ ჩვენს თაობაზე ნაადრევად აიღეს ხელი და დღეს ალბათ ყველა ხვდება, რომ ნაადრევად დაიწყეს ნაკრებში გაახალგაზრდავება და ჩვენს თაობაზე უარი თქვეს, რაც დიდი შეცდომა იყო.
მანჩესტერში ორი კერპი იყო: კანტონა და ქინქლაძე
image
– ვლადიკავკაზის „ალანიაში“ ჩინებული კარიერის შემდეგ, „მანჩესტერ სიტიში“ გადახვედით, მაგრამ „არსენალში“ თქვენი გადასვლა არ მოხერხდა...
– „ალანიაში“ თამაშის პირველ წელს რუსეთის ჩემპიონი გავხდი, მეორე წელს კი ვიცე–ჩემპიონი. უეფას თსის გათამაშებაში, „ალანიიდან“ „ლივერპულთან“ გამორჩეულად ვითამაშე და ჩემით „არსენალი“ დაინტერესდა, მაგრამ სიყვითლე (ბოტკინი) შემეყარა, 6 თვე გამიცდა და „არსენალში“ ჩემს ნაცვლად ოლეგ ლუჟნი გადავიდა...
„უემბლიზე“ ინგლისი–საქართველოს სანაკრებო მატჩს „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი დაესწრო და იმ თამაშმა გადაწყვიტა „მანჩესტერ სიტიში“ ჩემი გადასვლა.
„ალანიაში“ 9 გოლი გავიტანე, „მანჩესტერ სიტიში“ კი 2 გოლი, ინგლისში მეტის გატანაც შემეძლო, მაგრამ ტრავმების გამო დიდი პერიოდი გამიცდა... მანჩესტერში გადასვლისას დავრწმუნდი, რომ იმ ქალაქში ორი კერპი იყო, ერიკ კანტონა და გიორგი ქინქლაძე. ქინქლაძე მანჩესტერში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მისი რეკომენდაციით მოვხვდი „სიტიში“. ბრიტანეთში ბევრმა საქართველო სწორედ გიო ქინქლაძის გაიცნო... „სიტიში“ პირველივე მატჩში გავიტანე, მაგრამ, თამაშის ბოლო წუთებში ორი გოლ გავუშვით და 1:2 წავაგეთ... ბოლოს მძიმე ტრავმა მივიღე და იქ დამთავრდა ჩემი, როგორც ფეხბურთელის კარიერა... ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნებისას თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივში“ ვითამაშე, მაგრამ ძველებურად ჩვეულ დონეზე ვეღარ ვთამაშობდი და ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდე...
– მოთამაშის კარიერა დაასრულეთ, მაგრამ ფეხბურთში დარჩით, ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდით, შემდეგ კი ჯერ ცხინვალის „სპარტაკის“ ვიცე–პრეზიდენტი, შემდეგ კი თბილისის „დინამოს“ სპორტული დირექტორი იყავით...
– დიახ, საქართელოს ახალგაზრდული ნაკრების მენეჯერ–სელექციონერი ვიყავი, ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობისას კახი ცხადაძემ მთხოვა და გვერდში დავუდექი. მერე ცხინვალის „სპარტაკში“ ვიცე–პრეზიდენტი ვიყავი. ამ კლუბის პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი ფეხბურთსა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ფანტასტიური პიროვნებაა. სწორედ მან მიხმო, ცხინვალის „სპარტაკში“ ვიცე–პრეზიდენტად, საიდანაც თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად მიმიწვიეს. ვთვლი, რომ თბილისის „დინამოში“ სპორტულ დირექტორად გადასვლა ჩემი შეცდომა იყო... ალბათ თავიდან კარგად ვერ გავთვალე... ამ თემაზე საუბარი არ მინდა...

რატომ იყო პრობლემატური შელიას ბუცები?


image– მაშინ უფრო სასიამოვნო თემას შევეხოთ. რუსულმა პრესამ დაწერა, „ალანიაში“ შელიას თამაშისას, გუნდის ადმინისტრატორი „შავ დღეში“ იყო, ამ გიგანტური ქართველის ზომა ბუცებს ზოგჯერ ვერ შოულობდაო... მაინც რა ზომის ბუცი გინდოდათ?
– 49 ზომით ვთამაშობდი და მართლაც ზერიოზული დეფიციტი იყო. 1995 წელს ვლადიკავკაზში მართლაც სერიოზულად ჭირდა ჩემი სარგო ბუცის შოვნა და ადმინისტრატორს თამაშების შემდეგ, ზოგჯერ ჩემი ბუცები შესაკეთებლადაც კი მიჰქონდა. უცხოეთში ან მოსკოვში მოვხვდებოდი თუ არა, უმალ ბუცებს ვყიდულობდი, რადგან ბევრგან ჩემი სარგო ბუცი საერთოდ არ ჰქონდათ/
– რბილად რომ ვთქვათ, დღეისათვის ქართული ფეხბურთი სავალალო დღეშია... როგორც კლუბების, ასევე ეროვნული ნაკრების ცუდი შედეგები და მაჩვენებელი, კრიტიკა, საკლუბო ფეხბურთში ფინანსური კრიზისი, მასმედიის მხრიდან კრიტიკა... ეს ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი სურათია. გამოსავალს რაში ხედავთ?
– საკლუბო ფეხბურთში მართლაც უდიდესი კრიზისია და ამის გამოა საქართველოს ჩემპიონატის მატჩების სრულ უმრავლესობას, მხოლოდ ფეხბურთელების ოჯახის წევრები რომ ესწრებიან. კლუბების უმრავლესობა ფინანსურ კრიზისშია. კარგია, რომ თბილისში, ქუთაისში, ლანჩხუთში, ფოთში, ქობულეთში, გორში... სტადიონებს რესტავრაცია ჩაუტარდა, მაგრამ ფეხბურთი ქართველისთვის მხოლოდ სპორტის უმთავრესი სახეობა არაა, ბევრად დიდი განზომილებაა და ვფიქრობ, ისევ სახელმწიფომ უნდა გამონახოს სახსრები საკლუბო ფეხბურთის გადასარჩენად. საკლუბო ფეხბურთზეა დამყარებული ეროვნული ნაკრების შედეგიანობა. თემურ ქეცბაიას ტყუილად ვაკრიტიკებთ, ვერავინ იტყვის, რომ ქეცბაიამ ეროვნულში სათამაშოდ ვინმეს შანსი არ მისცა. პირიქით, ტოპმიოლერისა და კუპერის მწვრთნელობისას ეროვნული გუნდიდან მოკვეთილი ფეხბურთელები დააბრუნა ნაკრებში. ეროვნული ნაკრები კლუბი არაა, რომ სასურველი ფეხბურთელი სხვა კლუბიდან იყიდო. პარადოქსია, მაგრამ მესხის, მეტრეველის, პაიჭაძის, ყიფიანის, შენგელიას... გამზრდელ ქვეყანაში საშუალო დონის ფეხბურთელის დეფიციტია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ, ეს რეალური სურათია...
ზემოთაც ვახსენე და ვფიქრობ, ისევ სახელმწიფომ უნდა გამოხატოს კეთილი ნება და ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ჯერ ჩვენი ფეხბურთის განვითარების პროგრამა უნდა შემუშავდეს, შემდეგ ქართული ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს და სუფთა ხალხი, პროფესიონალები დარჩნენ. ფეხბურთი იმ ხალხისგან უნდა გაიწმინდოს, ვინც გამორჩენის მიზნითაა და ბინძურ მეთოდებზეც არ ამბობს უარს... ამის შემდეგ, გეგმიურად, პროგრამის მიხედვით უნდა ჩაიდოს ფული... გიორგი დევდარიანის, ვასილ მაისურაძისა და გია ცეცაძის ფორმაციის ჭაბუკთა ნაკრებებს ევროპაში კი აქვს წარმატებები, მაგრამ ეს ჭაბუკები შემდეგ ზრდა–განვითარებას წყვეტენ. ამას კი მიხედვა უნდა...
... ალბათ გინესის რეკორდებშიც კი მოვხვდებოდიimage


– დღესაც ხშირად იხსენებენ თქვენს „სპრინტერულ ქორწილს“ რომელზეც თავის დროზე ბრიტანული პრესაც საკმაოდ ბევრს წერდა...
– ალბათ ჩემს „სპრინტერულ ქორწილზე“ განაცხადი რომ შემეტანა „გინესის რეკორდებშიც“ მოვხვდებოდი... ჩემი მეუღლე ლიკა კვარაცხელია სამოდელო სააგენტო „ნატალის“ გამორჩეული სახე იყო. შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, მაშინ ინტერნეტი არ იყო და მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მაშინ „მანჩესტერ სიტიში“ ვთამაშობდი, მწვრთნელს ვთხოვე, ვიცი 2 დღეში ბირმინგემში თამაში გვაქვს, მაგრამ, სხვაგვარად არ გამოვა, ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ–თქო. მწვრთნელი გაოცდა, მაგრამ დამთანხმდა, ლონდონი–თბილისის ავიარეისით ჩამოვფრინდი, გამთენიის 6 საათზე, 7–ის ნახევარზე ხელი მოვაწერეთ, 7 აათზე ქორწილი დაიწყო და 12 საათზე მე და ლიკა უკან თბილისიდან ლონდონში გავფრინდით. მწვრთნელმა ეს რომ გაიგო გაოცდა, გაზეთებმა დაწერეს, შელიამ 5 000 კმ. იფრინა და მანჩესტერში 10 საათში ახალმოყვანილი ცოლით დაგვიბრუნდაო...
–უფროსი ქალიშვილი დედის გზას გაჰყვა და სამოდელო საქმეში წარმატებებიც ჰქონია...
– ჩემმა მეუღლემ სამოდელო სააგენტო, „ჯეომოდელსი“, დააფუძნა და ამ მხრივ გარკვეული წარმატებები აქვს. რაც შეეხებათ შვილებს, ანი 14 წლისაა, ელენე 13–ის. ორივენი სამოდელო საქმით არიან გატაცებული. გარკვეული წარმატებები აქვს, ამ სფეროს სპეციალისტები უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ვნახოთ... მესამე და უმცროსი ვაჟია, დავითი აგვისტოში 7 წლის გახდება, უყვარს ფეხბურთი და გამეხარდება თუ კარგი ფეხბურთელი დადგება.
– საუბარი სასიამოვნო ამბით დავასრულოთ. ნიგერიაში დაშვებული თანაგუნდელის ნაცვლად რატომ დაწექით საკაცეზე?
– ნიერიაში, ჩვენს ნაკრებს საშინელ სიცხეში მოუწია თამაში, 45 გრადუსზე მეტს უჩვენებდა თერმომეტრი. მოედანზე კი არა გადამწყვარ ნაბალახარზე გავედით, ისე ცხელოდა სუნთქვა ჭირდა. 20 წუთში ლამის გავიგუდე, ნაკრებში ჩემს თანაგუნდელს, დიმიტრი კუდინოვს ნიგერიელებმა ფეხში ჩაარტყეს... მოედანზე საკაცე შემოიტანეს, სიცხისგან ისე ცუდად ვიყავი, რომ ლამს ვეცემოდი... სანამ კუდინოვს მოედანზე სახმარებას უწევდნენ, იმ საკაცეზე მე დავწექი. გამიყვანეს მოედნიდან, ისევ შემოიტანეს საკაცე და მერე გაიყვანეს კუდინოვი...



ესაუბრა დავით ცაბაძე


image


0
970
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0