x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დაღესტანს ომისთვის ამზადებენ?
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნიდან ჩეჩნეთში სამხედრო ნაწილები გადაისროლეს. მას შემდეგ, რაც მედიაში აჟიოტაჟი ატყდა, ძალოვნებმა ოფიციალური კომენტარები გაავრცელეს, თუმცა ხმაური ამან კიდევ უფრო გააძლიერა, რადგან დაღესტნის უშიშროების საბჭოსა მდივნისა და ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების ახსნა-განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. ერთი ოფიციალური ვერსია იუწყებოდა, რომ ეს რიგითი როტაცია იყო, მეორე კი დაღესტანში რუსეთის შსს-ს დროებითი ოპერატიული დაჯგუფების შექმნის მიზნით, ჩეჩნეთიდან დაღესტანში ოპერატიული ორგანოების გადასროლაზე მიუთითებდა.

თუმცა, ოფიციალური ვერსიები მაშნვე გამოირიცხა, რადგან როგორც თვითმხილველები ყვებიან, ამ რიგით როტაციასა თუ ოპერატიული ორგანოების პერედისლოკაციას, თან უსასრულო სამხედრო კოლონა ახლდა - „გრადებითა“ და მძიმე ჯავშანტექნიკით, კოლონა კი, როგორც გაზეთები წერდნენ, 20-25 ათასი სამხედრო პირისგან შედგებოდა.

მესამე ვერსიით, რომელზეც რუსული გაზეთები წერენ და უფრო სარწმუნოდაც მიიჩნევენ, ახლა დაღესტანს ომისთვის ამზადებენ. ამას დაღესტნის ძალოვანი სტრუქტურების ანონიმი წყაროებიც ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო მობილიზაციას სამეზობლოდან მოსალოდნელი საფრთხის გამო ახდენს. იმავე წყაროს მტკიცებით, „დაღესტანში დაახლოებით 55-57 ათასი ხიშტია კონცენტრირებული და ამბობენ, რომ ზაფხულში აზერბაიჯანი კვლავ შეეცდება მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტას. და ასეთი „მუშტი“ (იგულისხმება რუსეთის სამზადისი დაღესტანში) აზერბაიჯანისთვის გაფრთხილების ნიშანია, რომ რუსეთი სომხეთს არ დატოვებს განსაცდელში“. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2012 წელს მთიანი ყარაბაღის პრობლემა ღია სამხედრო წინააღმდეგობაში არ გადაიზრდება და დაღესტანში ძალთა მობილიზაციასაც მხოლოდ და მხოლოდ რესპუბლიკაში წესრიგის დამყარების მოტივით ხსნიან. მით უფრო, რუსეთის ახალი პრეზიდენტის პირობებში, რომელიც შეეცდება, წლების მანძილზე დაღესტანში მიმდინარე უშედეგო და წარუმატებელი ანტიტერორისტული ოპერაცია შედეგიანად აქციოს.

ახლა ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ, არიან თუ არა ჩეჩნეთიდან დაღესტანში გადასროლილ ძალებს შორის შსს-ს შინაგანი ჯარის ბატალიონები - „იუგ“ და „სევერ“, რომლებიც ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული, ანუ აინტერესებთ, შეყვანილია თუ არა დაღესტანში ე.წ. „ეთნიკური სამხედრო ფორმირებები“, რომლებიც ბრძოლის გამორჩეული, უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩევიან. მაგალითად, ყველას ახსოვს ჩეჩნებით დაკომპლექტებული ჩეჩნეთის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი „ვოსტოკ“, რომელმაც 2005 წელს სოფელ ბოროზდინოვსკაიაში წმენდა ჩაატარა. სასტიკ სამხედრო-პოლიციურ ოპერაციას მაშინ „ეთნიკური წმენდა“ უწოდეს.


თუკი დაღესტანში ე.წ. ბოევიკების წინააღმდეგ ამჯერადაც „ეთნიკურ სამხედრო ფორმირებებს“ გამოიყენებენ, ექსპერტების თქმით, შედეგები არაპროგნოზირებადი და უმძიმესი იქნება.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0