x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მიჯაჭვულობა
imageმიჯაჭვულობა –ძლიერი გრძნობითი კავშირია, რომელიც ადამიანებს მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ აქვთ. ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა.ასეთ კავშირს სიამოვნება მოაქვს მათთან ურთიეთობისას და სიმყუდროვე და შვება _ სტრესის დროსს. მოზრდილები კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა ვინმეს მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობას განიცდიან, ხოლო ბავშვებისთვის მიჯაჭვულობის გრძნობის განცდა აუცილებელია.

მოზრდილის მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება. პოზიტიური ემოციური კავშირი მოზრდილსა და ბავშვს შორის ეხმარება მას, დაძლიოს შიში და შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს და ფრუსტრაციას, შეიმეცნოს სამყარო. მიჯაჭვულობის დარღვევა ბავშვის ემოციური, სოციალური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. განშორება ადამიანთან, ვისთანაც ვართ მიჯაჭვული, იწვევს მოსალოდნელ დანაკარგის მტკივნეულ გრძნობას. მიჯაჭვულობის გრძნობამ შეიძლება დაჩრდილოს ყველა სხვა მოთხოვნილება, მათ შორის გონებაც კი. ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევრისთვის, ჩვილები მიჯაჭვულები არიან ახლო ადამიანებზე, რომლებიც მათ მოთხოვნილებებზე რეაგირებენ

დააკვირდით, როგორ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბავშვები საკუთარ მშობლებს _ როგორ იღიმება ბავშვი დედის ოთახში შემოსვლისას. ხელში აყვანისას ის სახეზე ხელით მოფერებას, დედის თმის გამოკვლევას იწყებს, ეხუტება, შიშის შემთხვევაში დედასთან მიცოცდება და ებღაუჭება.


ფროიდმა პირველად წამოაყენა მოსაზრება, რომ დედასთან ჩვილის ემოციური კავშირი ყველა სხვა გვიანდელი ურთიერთობის საფუძველია.მიჯაჭვულობა მწვავე თეორიული დებატების საგანია:


ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით მშობლებსა და მშობლის ფუნქციის მქონე პირებსა და ბავშვებს შორის ამ ახლო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში კვებას მთავარი ადგილი უკავია. ბიჰევიორისტული განმარტების თანახმად, როდესაც მშობელი ან მომვლელი ბავშვის შიმშილის მოთხოვნილებას (პირველადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება) აკმაყოფილებს, ჩვილი მის ნაზ მოფერებას, თბილ ღიმილს, დამამშვიდებელ სიტყვებს (მეორეული ფიზიოლოგიური მოთხოვნილება) უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. კოგნიტური თეორიის თანახმად, მიჯაჭვულობის გრძნობის ფორმირება ნაწილობრივ დამოკიდებულია ბავშვის კოგნიტური განვითარების დონეზე. იმისთვის რომ მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს, ბავშვს უნდა შეეძლოს განასხვავოს ნაცნობი და უცნობი ადამიანი.ამასთანავე, მას უნდა ესმოდეს ნაცნობი ადამიანის მუდმივობა (ობიექტის მუდმივობა), ვინაიდან რთულია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც წყვეტს არსებობას, როცა მას ვერ ხედავენ.

ბოულბის ეთოლოგიური თეორია– მომვლელთან ბავშვის ემოციურ კავშირებს განიხილავს, როგორც გადარჩენის ხელშემწყობ ევოლუციურ რეაქციას. ბოულბიმ აღნიშნა, რომ მიჯაჭვულობის კავშირს ძლიერი ბიოლოგიური ფესვები აქვს. მისი გაგების საუკეთესო საშუალება ევოლუციური კონტექსტია, სადაც სახეობის გადარჩენას – უსაფრთხოებისა და კომპეტენციის უზრუნველყოფის მეშვეობით – უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბოულბი გამოყოფს მიჯაჭვულობის განვითარების ოთხ ფაზას:

1) მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე). თანდაყოლილი სიგნალები – ჩაჭიდება, ღიმილი, ტირილი და უფროსის თვალებში ყურება – ახალშობილებს სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტში შესვლაში ეხმარება.მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბავშვი დედაზე მიჯაჭვული ჯერ კიდევ არ არის, რადგან უცნობ უფროსთან დარჩენას არ ეწინააღმდეგება.

2) მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან – 6-8 თვემდე). ამ ფაზის დროს ჩვილი ახლობელ მომვლელსა და უცხო ადამიანებზე განსხვავებულად რეაგირებს. მაგალითად, ბავშვი დედასთან უფრო თავისუფლად იღიმის, იცინის და ღუღუნებს, ბავშვებში იწყება ნდობის გრძნობის განვითარება– მოლოდინი იმისა, რომ მომვლელი სიგნალის მიღებისას რეაგირებას მოახდენს – მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მომვლელთან განშორების წინააღმდეგი არ არიან.

3) მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან 18 – 24 თვემდე წლამდე). ამ დროს ახლობელი მზრუნველის მიმართ მიჯაჭვულობა აშკარაა. ბავშვებში ჩნდება განშორების შფოთვა – ჩვილის დისტრესული რეაქცია ახლობელი მზრუნველის წასვლაზე – როცა ბავშვს მშობელი, რომელსაც ის ეყრდნობოდა, ტოვებს, მოუსვენარი ხდება და შფოთვას განიცდის.

4) ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება (18 თვიდან – 2 წლამდე და შემდეგ). ცხოვრების მეორე წლის ბოლოსთვის წარმოდგენისა და მეტყველების სწრაფი განვითარება ახალფეხადგმულ ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს გააცნობიერონ ზოგიერთი ის ფაქტორი, რომელიც მშობლის მოსვლა-წასვლაზე ახდენს გავლენას და გარკვეულწილად გათვალონ მშობლის დაბრუნება. ამის შედეგად, დაშორების მიმართ პროტესტი კლებულობს. ბავშვები უკვე მზრუნველთან მოლაპარაკებასა და ''ვაჭრობას'' იწყებენ, თხოვნისა და დარწმუნების მეშვეობით მათი მიზნის შეცვლას ცდილობენ.


მერი ეინსვორსი და მისი კოლეგები გამოყოფენ მიჯაჭვულობის 4 ტიპს:

1. სანდო მიჯაჭვულობა– ჩვილები მშობელს იყენებენ, როგორც უსაფრთხო ბაზისს. განშორების შემთხვევაში ისინი ტირიან, მშობლის დაბრუნებისთანავე ისინი აქტიურად იწყებენ კონტაქტის ძიებას, და ტირილს დაუყოვნებლივ წყვეტენ.


2. განრიდებითი მიჯაჭვულობა –ჩვილები მშობლის ყოფნა-არყოფნაზე არ რეაგირებენ. დედის მიერ მისი დატოვების შემდეგ ხშირ შემთხვევაში დისტრესს არ განიცდიან.


3. ამბივალენტური მიჯაჭვულობა– ბავშვები განშორებამდე მშობლებთან ახლო კონტაქტის ძიებაში არიან, მშობლის წასვლისას დისტრესს განიცდიან და მისი დაბრუნებისას კი გამოხატავს შერეულ გრძნობებს – ეკვრის და უბრაზდება მას, აყვანისას ეწინააღმდეგება, ზოგჯერ ურტყამს კიდეც, აყვანისას ზოგჯერ ტირილს აგრძელებს, მაგრამ მშობელს ებღაუჭება.


4. დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობა– ეს არის სუსტი მიჯაჭვულობის ტიპი.

რა ხდება, როდესაც ბავშვს მზრუნველთან ახლო კავშირის ჩამოყალიბების შესაძლებლობა არა აქვს?

რენე სპიცმა განახორციელა დაკვირვება მიტოვებულ ჩვილებზე. ლაღი და ხალისიანი ქცევისგან განსხვავებით, რომელიც მათ ახასიათებდათ განშორებამდე, ჩვეულ გარემოსთან განშორებისას ტირილი დაიწყეს, დაიკლეს წონაში და ცუდად ეძინათ. თუ მუდმივი მზრუნველი არ იკავებს დედის ადგილს, დეპრესია სწრაფად ღმავდება. დაწესებულებაში მოთავსებულ ამ ჩვილებს ემოციური პრობლემები აღენიშნებათ. მკვლევარებმა დაკვირვება იმ ჩვილების განვითარებაზე მოახდინეს, რომლებიც ისეთ დაწესებულებებში ცხოვრობდნენ, სადაც წიგნებითა და სათამაშოებით მდიდარი გარემო და კარგი, ყურადღებიანი მზრუნველობის ატმოსფერო სუფევდა. ეს ბავშვები მიჯაჭვულობასთან დაკავშირებულ სირთულეებს მაინც განიცდიდნენ.. უნდა ვიფიქროთ, რომ სრულფასოვანი, ნორმალური განვითარება ადრეულ ასაკში მომვლელებთან ახლო კავშირების ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული.

მრავლობითი მიჯაჭვულობა

უკვე აღვნიშნეთ, რომ ბავშვებს მიჯაჭვულობა უვითარდებათ ნაცნობი ახლობელი ადამიანების მიმართ – არა მარტო დედების, არამედ მამების, და-ძმების, ბებია-ბაბუებისა და პროფესიული მომვლელების მიმართაც. დედის მსგავსად, მამის სენსიტიურობაც უსაფრთხო მიჯაჭვულობის მომასწავებელია. ჩვილის ფსიქოფიზიკურ ზრდასთან ერთად, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ მშობლებს – ბავშვების მიმართ სხვადასხვა ურთიერთობები უყალიბდებათ. დედები მეტ დროს ფიზიკურ ზრუნვას და სიყვარულის გამოხატვას უთმობენ. მამები კი გასართობ სათამაშო ინტერაქციას, რასაც ბავშვებთან უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის აღზრდაში მამის ჩარევა ოჯახში ურთიერთობების, განწყობისა და ქცევის კომპლექსური სისტემის ფარგლებში ხდება. თუ ორსულობა დაგეგმილი და სასურველია და არა მოულოდნელი და შემთხვევითი, თანაც მშობლებს სჯერათ, რომ მამაკაცს ჩვილის აღზრდა შეუძლია, მაშინ მამები ბავშვზე მზრუნველობას მეტ დროს უთმობენ, თბილი ცოლქმრული კავშირი ორივე მშობელს, მით უფრო მამებს, ბავშვის აღზრდით დაკავებაში ეხმარება. და ბოლოს: მშობლის მუდმივი ზრუნვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ის განსაზღვრავს დაუკავშირდება თუ არა მიჯაჭვულობის უსაფრთხოება გვიანდელ განვითარებას. მზრუნველობის გაუმჯობესება საფრთხის მქონე მიჯაჭვულობის ცვლილებას განაპირობებს. ჩვილობის პერიოდში უსაფრთხო მიჯაჭვულობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მშობელსა და ბავშვს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ეხმარება და მშობლის სენსიტიური მზრუნველობის გაგრძელების ალბათობას ზრდის.

0
834
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ პაპინაშვილი
თამარ პაპინაშვილი
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0