x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
მამუკა გიორგაძე: ივანიშვილი ბევრს ვერაფერს მიაღწევს
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გარემოცვის მიმართ არსებობს ეჭვები, თუმცა ნებისმიერ მათ ქმედებაზე პასუხისმგებელი თავად ბიძინა იქნება. რაც შეეხება ოლიგარქის პოლიტიკურ მიზნებსა და იდეებს, გიორგაძე იმედოვნებს, რომ ბიზნესმენის განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასთან დაკავშირებით, რეალური პოზიცია არ არის. „მსგავსი განცხადებები მიუღებელია ნებისმიერი ქართველისთვის. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის, მსგავსი ტიპის განცხადებები უპატიებელია“. „პრესა.ჯის“ მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

- დღეს, პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად არის გაყოფილი, მმართველი გუნდი და „ქართული ოცნება“. ივანიშვილის მოწოდება „შუა გაიკრიფოს“ შედგა?

- ზოგადად, დადებითი მოვლენაა, როდესაც ახალი სახე ჩნდება პოლიტიკურ სპექტრში. ასეთი მოვლენა ყოველთვის მისასალმებელია. რაც შეეხება გუნდს. შუა იკრიფება იმის გამო, რომ ორ ძალას აქვს ყველაზე დიდი რესურსი იმისა, რაც პოლიტიკური ორგანიზაციისთვის აუცილებელია. ივანიშვილს ფინანსური რესურსი, ხოლო მმართველ გუნდს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი აქვს. არავის ეპარება ეჭვი, რომ არჩევნებშიც ბრძოლა, ამ ორ ძალას შორის იქნება.

- რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, მისაღებია თქვენთვის ოლიგარქის და მის კოალიციის ის პოზიცია, რაც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში ან მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ფორმებთან დაკავშირებით აქვთ?


- სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის გუნდის, კონკრეტულად კი მისი მომავალი პარტიის ხედვები, რიგ საკითხებზე ვერ დავინახე. არ ვიცი მათი პროგრამა არ არის ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გაცხადებული, ამიტომ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა.

- ივანიშვილმა განაცხადა, პრობლემას ვერ ვხედავ, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიაროთო.

- მსგავსი განცხადებები მიუღებელია ნებისმიერი ქართველისთვის. ვფიქრობ, არავის ეპატიება მსგავსი შინაარსის განცხადებები და არც უნდა ეპატიოს.

- ამასთან, მისი კოალიციის წევრების „რესპუბლიკელების“ პოზიცია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ცნობილია...

- კი, ეს ყველას გვახსოვს, თუ რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ რესპუბლიკელებს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ივანიშვილი მათ ბოლომდე არ ეთანხმება.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინამ შემთხვევით შეარჩია გუნდი? ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე მათი აზრის თანხვედრა არ ხდება?

- შიდა საუბრები ნამდვილად არ ვიცი და არც ის ვიცი, ვინ რაზეა შეთანხმებული. ერთი ვიცი, რომ ნებისმიერი ქართველისთვის, ჯერ ტერმინი „სამხრეთ ოსეთია“ ტრაგედია და ღალატის ტოლფასი და შემდეგ პოზიცია, რომ ისინი ვაღიაროთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მე იმასაც ვფიქრობ, რომ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რაიმე ფორმით, ვინც გაახმოვანებს ამ იდეას.

- რაც შეეხება მის გუნდს, ოცნების ასრულებას მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი ამ გუნდით?

- ჩემი მხრიდან უხერხულია მის კოალიციაზე საუბარი. უბრალოდ ერთია, რომ მისი კოალიციის წევრების ნებისმიერ ქმედებაზე, პასუხისმგებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი. არ ვიცი ვინ რა ნიშნით შეარჩია, თუმცა მას მოუწევს პასუხი აგოს ქართველი ხალხის წინაშე, თუკი რაიმე გაუგებრობა იქნება, თუკი რამე ინიციატივა ან თუნდაც იდეა, მიუღებელი იქნება სახელმწიფოებრიობისთვის, როგორც მაგალითად ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება. მიმაჩნია, რომ ამ გუნდით, ის ბევრს ვერაფერს მიიღებს და ამის გამო ჩანს კიდეც, რომ ის ახალ პარტნიორებს ეძებს.

- შესაძლოა მან „ქართული ოცნება“ ვინმეს დაატოვებინოს? მისმა პრეს–სპიკერმა უკვე თქვა, რომ არ არის გამორიცხული, ვინმე გამოეყოს მათ რიგებს ან შეემატოს.

- არ არის გამორიცხული. რომ ეძებს ახალ პარტნიორებს ჩანს. გარდა ამისა, მე მის გუნდს ასე ზეპირად ვერ შევაფასებ. მე ჯერ ვერ ვხედავ ივანიშვილის მოქმედებებს, ვერ ვხედავ სერიოზულ აქტივობას, რის გამოც მიჭირს შევაფასო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც აქტიურ ეტაპზე გადავლენ, შემდეგ უფრო ნათელი გახდება რა სურთ მათ და რა არის მათი ოცნება.

- „ქართული ოცნების“ მიზანია არჩევნებში გამარჯვება. როგორია თქვენი პროგნოზი, აქვს რესურსი ოცნებას, რომ დაამარცხოს მმართველი გუნდი?

- დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც სურს მშვიდობიანად, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. თუმცა საზოგადოებას სურს დარწმუნებული იყოს, რომ ის ვისითაც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას, იქნება უკეთესი. ზოგჯერ პოლიტიკოსებს ეშლებათ ხოლმე რისთვის უნდა იბრძოლონ. ერთია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, მეორე ქვეყნისთვის ბრძოლა.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0