x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
“უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმინდა გული. “მშვიდობა თქვენდა!” – ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს. მიიღე, შვილო, ეს წყალობა, ქრისტეს ეს ნათელი და გიხაროდენ, რადგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ინება მან შენთან შეხვედრა და საუბარი. ისმინე და დაიმახსოვრე მისი სიტყვები: “აჰა ესერა მე გამცნებ შენ, განძლიერდი და მხნე იყავ, ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხვიდოდი” (ისუ ნავე 1, 9)”.

***

“რაც უფრო დავუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: “წყალზე გადასვლისას მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არც ალი მოგეკიდება (ესაია 43, 2)”.

***


“ცნობილი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში “ცხოვრების სულიერი საფუძვლები” წერია: “ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს – ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა – სიკვდილს; შემდეგ მოდის ბუნებითი ცოდვა – თავდაჯერებულობა ანუ თვითგანდიდება. მას თან სდევს ცდომილება, შეცოდებისას კი სიჯიუტე სათავეა ტყუილისა და სიცრუისა; დაბოლოს ჩვენი სულისმიერი ცოდვა – ძალაუფლებისმოყვარეობა, რასაც ძალმომრეობამდე მივყავართ, ძალმომრეობა კი მთავრდება მკვლელობით. ასეთია გზა ცოდვისა”.

თუ მოვლენებსა და საკუთარ თავს მთელი სიღრმით ჩავუკვირდებით, შიში შეგვიპყრობს: იქნებ ცოდვამ ისე დაგვრია ხელი, რომ უკვე ვეღარ შევძლებთ გამოსწორებას და აღარ არის ხსნა ჩვენთვის? გადარჩენა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი და იგი უფალმა მოგვანიჭა. მისი მადლი რწმენით მიმღებელ დავრდომილთა აღმადგინებელია, ნაკლულევანთა აღმავსებელი; ესაა ჩვენი განმათბობელი ღვთაებრივი სიყვარული, რომელსაც არა აქვს საზღვარი; იგია წყალობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა მამისა და ზიარება სულისა წმიდისა”.

***

“ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: “გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ” (ფსალ. 118, 30). ასეთი პიროვნება მზად არის, თავი დადოს მოყვასისთვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით; განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე. მინდა, ასეთი მაგალითი მოვიყვანო ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრებიდან: როცა მას ცხრა წელი შეუსრულდა, მამამ დაბადების დღისათვის პატარა ცული უყიდა. გახარებული ბიჭუნა ბაღში გაიქცა იმ გადაწყვეტილებით, რომ მაშინვე გაესინჯა თავისი საჩუქარი. მამამისს აქ საუცხოო ხეხილი ჰქონდა ჩაყრილი და ხეივანი გაშენებული. პატარა ჯორჯმა დაიწყო ცულით მათი ჩეხვა. საღამოს, გავერანებული ბაღი რომ ნახა, მამამ მკაცრად იკითხა: ეს ვინ ჩაიდინა? ბიჭი აკანკალდა, მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ მივიდა მამასთან, მის წინ დაიჩოქა და თქვა: მე ვარ დამნაშავე. მამა შეძრწუნდა და არ იცოდა, რა ეთქვა. უცებ მის თვალებს ცრემლი მოადგა, ბიჭი გულში ჩაიკრა და უთხრა: შვილო, შენ ახლა იმაზე ასწილად მეტს მაძლევ, ვიდრე შენი დაუფიქრებელი ქცევით დამაკარგვინე. ბედნიერი ვარ, რომ შეგიძლია, ყოველგვარი შიშის გარეშე აღიარო სიმართლე, არ უფრთხი დასჯას და შენზე შთაბეჭდილების შეცვლას”.

***

“ახლა ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს, გული მთლიანად მიუძღვნას უფალს. გვხვდებიან ისეთნიც, მიწიერ განსაცდელს რომ ვერ უძლებენ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. ამ საშინელი აქტით ისინი უარს აცხადებენ იმ მიზნის განხორციელებაზე, რისთვისაც ამქვეყნად მოვიდნენ, უარს ეუბნებიან უფალს თავიანთი ვალის აღსრულებაზე. თვითმკვლელთათვის ლოცვაც არ შეიძლება, არც პანაშვიდის გადახდა და წესის აგება. იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი ტარებაც თქვენ შეგიძლიათ, სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი და მუდამ გახსოვდეთ: ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება, მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: “რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს” (მარკ. 8, 36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი. ცხოვრებას სურს გაგთელოს; მისთვის სულერთია, დიდი ხარ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენს გვერდით უხილავად მუდამ დგას უფალი, გამხნევებს და გეუბნება: “მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ; ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ” (ისია 41, 13)”.

***

“ადამიანები განსაკუთრებით გასაჭირში შეიცნობიან. 1886 წლის 10 იანვარს ბისკაის ყურეში ძლიერი ქარიშხლის დროს დაიღუპა ინგლისური ხომალდი “ლონდონი”, რომელზეც ორასზე მეტი კაცი იმყოფებოდა. ხომალდი ნელა იძირებოდა, მგზავრთა შორის ამტყდარ შფოთსა და ხმაურში ლოცვის სიტყვებიც გაისმოდა. ბოლო წუთებში, როცა ხომალდს უკანასკნელი ნავიც მოხსნეს, რათა რამდენიმე კაცი მაინც გადარჩენილიყო, საოცარი რამ მოხდა: ადამიანები ერთმანეთს ნავში ადგილს უთმობდნენ, მაგრამ ამას კიდევ უფრო საკვირველი ფაქტი მოჰყვა: ერთმა ქალმა, რომელიც ხომალდზე დარჩა და დასაღუპავად იყო განწირული, პალტო გაიხადა და ნავში მყოფთ გადაუგდო სიტყვებით: მე ეს უკვე აღარ მჭირდება, ცივა, რომელიმე თქვენგანმა ჩაიცვასო. იმის განცდამ, რომ თვითონ იღუპებოდა, ხოლო სხვა ცოცხალი რჩებოდა, ამ ქალში შური ვერ აღძრა და მასში სასოწარკვეთილების ნაცვლად სიყვარულმა იმძლავრა”.

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0