x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსალოდნელია თუ არა რუსეთისაგან მორიგი აგრესია?!


imageimage
image
მოსალოდნელია თუ არა რუსეთისაგან აგრესიის
მორიგი ეტაპი?

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთი არავის და არაფერს არ უწევს
ანგარიშს. რუსეთის პრეზიდენტი
პუტინი, პირველი პრეზიდენტობის დღიდანვე
არ მალავდა უკმაყოფილებას „ბოროტების იმპერიის“ (სსრკ) დაშლის გამო, შესაბამისად
ამ ამბიციურ და კგბ–ს სკოლა გამოვლილ კაცს გაუჩნდა იდეა აღედგინა სსრკ, ოღონდ ეს
შეენიღბა ახალი სახელით. პუტინმა მის იდეას ევრაზიული კავშირი უწოდა და ნაბიჯნაბიჯ
შეუდგა იდეისათვის ხორცისშესხმას. მან
პრაქტიკულად გაანადგურა ყველა ვინც კი გზაზე გადაუდგა, იქნებოდა ეს ამბოხებული
ჩეჩნეთი თუ რუსეთის ინტელიგენციის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები.

პუტინი როგორც ჩანს ეყრდნობა დევიზს–„ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია“.

როგორც ცნობილია და უკვე დადასტურებულია აშშ–ს და თავად რუსი ექსპერტების აზრით,
პუტინის უშუალო ბრძანებით იქნა აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსები რუსეთში, რათა
ჩეჩნებისათვის დაებრალებინათ და პუტინს მიზეზი ჰქონოდა წამოეწყო ახალი კამპანია
ჩეჩნეთის წინააღმდეგ. ასე დაიწყო რუსეთ–ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელ ომშიც რუსეთის
სადამსჯელო, სამხედრო „მანქანამ“ გენოციდი მოუწყო ჩეჩნებს.

ჩეჩნეთის ხელისუფლებაში მოვიდა (ბუნებრივია
პუტინის ხელდასხმით) რუსეთისადმი არათუ ლოიალური არამედ შეიძლება ითქვას პუტინის
„ყურმოჭრილი მონა“ რამზან კადიროვის სახით.

ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარებისთანავე
პუტინი გადავიდა გეგმის მეორე ნაწილზე, მას აუცილებლად უნდა დაეჩოქებინა ან
მინიმუმ შეეფერხებინა ნატოსაკენ მიმავალ გზაზე პატარა საქართველო და უკრაინა, უკრაინაში რუსეთის „ხელდასხმით“ მოყვანილ იქნა
ხელისუფლებაში პრორუსული ძალა იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით და მის პრეზიდენტად
არჩევაში სწორედ ის რეგიონები აქტიურობდნენ, სადაც დღეს სეპარატისტული მოძრაობაა
აქტიურ ფაზაში. საქართველოში მან ეს ვერ მოახერხა და სხვა გზა აირჩია. უამრავი
პროვოკაცია, უამრავი დაბრკოლება რომელიც რუსეთმა შეუქმნა საქართველოს, მეტნაკლებად
წარმატებით იქნა გადალახული. მათ შორის
ეს ქართული პროდუქციისათვის ახალი ბაზრის
პოვნა იქნებოდა თუ გაზის ალტერნატიული მომწოდებლების პოვნა.

მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობამ დაიწყო საუბარი სამხედრო
რიტორიკაზე, რუსეთს მიეცა მიზეზი და საშუალებაც პროვოკაციაზე „წამოეგო“ ქართული
მხარე. 2008 წლის ომის დაწყებას წინ უძღოდა ცხინვალის დაცლა ბავშვების, ქალებისა
და მოხუცებისაგან, რუსეთი კი ამას ხსნიდა ქართული მხარის მოსალოდნელი შეტევით
ცხინვალის მიმართულებით.

იმის მიუხედავად, რომ მოსალოდნელი
სამხედრო პროვოკაციები სახეზე იყო, ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა კეთილგონიერება და
სამწუხაროდ აჰყვა რუსეთს პროვოკაციაში.

იმის მაგივრად, რომ მიემართათ ეუთოსა და
გაეროსათვის და გაეცნოთ მათთვის რეგიონში მიმდინარე გამწვავებული ვითარება,
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაფრთხილების მიუხედავად (ექსპერტების აზრით სწორედ ამ
მისიას ასრულებდა ქალბატონი რაისის ჩამოსვლა) მიიღო გადაწყვეტილება ოსი
სეპარატისტები სამხედრო გზით „დაეშოშმინებინა“, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე
ჰქონდა ქართული დაზვერვის სრული ინფორმაცია,
რუსული 58 არმიის შენაერთების
როკის გვირაბთან თავმოყრის შესახებ.

მე არ ვაპირებ ზოგიერთი „ვაი“
ქართველივით ომის დაწყება დაბრალდეს ქართულ მხარეს, არამედ ეს სტატია ემსახურება წარსულის
გაკვეთილების გულდასმით შესწავლას და მწარე გამოცდილების გათვალისწინებას.

დიახ! ჩვენ გვქონდა უფლება აღვედგინა
კონსტიტუციური წესრიგი სამაჩაბლოში, დიახ! ჩვენ გვქონდა ლეგიტიმური უფლება
აგრესორი რუსეთის არმიისათვის გვესროლა ნებისმიერი ჩვენს ხელთ არსებული
შეიარაღებიდან, მაგრამ არ გვქონდა უფლება შევეტყუებინეთ ხაფანგში, რასაც ცხინვალში
შეჭრა ერქვა.

დიახ! არ გვქონდა უფლება ბედის ანაბარად მიგვეტოვებინა ადგილობრივი ქართული თუ
არაქართული მოსახლეობა, რუსული არტილერიისა და ავიაციის მიერ მათ გასანადგურებლად.

არ იქნა გათვალისწინებული „აფხაზეთის ომად“
წოდებული ომის მწარე გაკვეთილები, ომისა
რომელიც რუსეთის მიერ იქნა ინსპირირებული.

რაოდენ ცუდიც და სავალალოც არ უნდა იყოს, რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს თავის გეგმას,
უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია სხვა არაფერია გარდა რუსეთის მიერ უკრაინის დაშლის
საშიშროების წინაშე დაყენებისა (ძვირფასო მკითხველო, უკრაინაში მიმდინარე
მოვლენები ვფიქრობ საქართველოს „სნგ“–ში შესვლისაკენ იძულებას გაგახსენებთ, როცა შევარდნაძემ
სახელისუფლებო სკამის დაკარგვას, ბალტინის ჯარების შემოყვანა არჩია და
„ზვიადისტების“ დამარცხება მხოლოდ ამ გზით მოახერხა, რამაც ვალდებულება შეუქმნა
საქართველო თანამეგობრობაში შეეყვანა). სომხეთმა, ისევე როგორც ბელორუსმა უკვე
თანხმობა განაცხადა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე და ზუსტად აქ იმალება
რუსეთის მორიგი „მზაკვრობა“. რუსეთს,
რომელსაც გააჩნია სომხეთში სამხედრო ბაზა (გიუმრი), აუცილებლად სჭირდება ჰქონდეს
სახმელეთო გზა მოკავშირე სომხეთთან და ის აუცილებლად მოგვთხოვს გზის გახსნას ბაზის
და მოკავშირის უზრუნველყოფისათვის. გარდა ამისა რუსეთს ჰაერივით სჭირდება უმოკლესი
გზა ირანისაკენ და რისთვისაც ეს ისედაც ნათელია (უცხოელი ექსპერტების აზრით ირანის
ატომური პროგრამა რუსი სპეციალისტების და რუსული ბირთვული კომპონენტების მიწოდებით
ხორციელდება), ირანის ატომური პროგრამა კი რუსების აზრით დააბალანსებს
აღმოსავლეთში ძალთა თანაფარდობას.

საკითხავი ერთია–რომელ გზას აირჩევს
რუსეთი სომხეთისაკენ გასასვლელად, უმოკლესს–ახალგორიდან თბილისის გავლით თუ
შედარებით უხიფათოს ჯავახეთის გავლით.


რუსეთს ისევე როგორც 2008
წელს საკმაოდ სწრაფად შეუძლია დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი
ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთა და შესაბამისად ბლოკირება, თუმცა თბილისისაკენ
დაძვრა იოლი ნამდვილად არ იქნება, დასამალი არაა და ამაზე სამხედრო ექსპერტებიც
ღიად საუბრობენ, რომ ქართული შეიარაღებული
ძალების ძირითადი ბირთვი თბილისის
შემოგარენშია განლაგებული.

მეორე და საკმაოდ მტკივნეული
საკითხი–ქვეყნის 20%–ის ოკუპაციის
პირობებში გვაქვს თუ არა, ბრძოლისუნარიანი
დანაყოფის ავღანეთში ყოფნის „ფუფუნება“.

თუ 2008 წელს ამერიკულმა
სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციამ მოახერხა ერაყიდან ქართული დანაყოფების გადმოყვანა
საქართველოში, ვფიქრობ რუსეთთან მორიგი
კონფლიქტის შემთხვევაში ეს ასე მარტივად ვერ მოხერხდება (არ დაგავიწყდეთ, რომ
რუსეთის მოკავშირე სომხეთს გააჩნია ჰაერსაწინააღმდეგო, შედარებით თანამედროვე რუსული სისტემა C 300,
რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია „ჩაკეტოს“ საჰაერო სივრცე თბილისისა და მარნეულის
აეროდრომების თავზე.

და საერთოდ რას გვაძლევს ჩვენ ავღანურ
მისიაში ასეთი მრავალრიცხოვანი (ზუსტი რაოდენობის დასახელებისაგან თავს შევიკავებ) დანაყოფით
მონაწილეობა?

ავღანეთში მიმდინარეობს ანტიტერორისტული
ოპერაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო, აგრესორის მიერ წარმოებულ საბრძოლო
მოქმედებებთან.

ის შეიარაღება და ტექნიკა კი რითაც
სარგებლობენ „ნატოელი“ სამხედროები, არა
მგონია კიდევ დიდხანს გამოჩნდეს ქართული არმიის შეიარაღებაში. ცალკე საკითხია რა
გეგმით სარგებლობს და ხელმძღვანელობს ძალოვანი უწყება, როცა აცხადებს, რომ საჭიროა
ისედაც მწირი საფრენი აპარატების გაყიდვა და მათი ჩანაცვლება თანამედროვე საფრენი
აპარატებით.

ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის
სამხედრო უწყებისაგან ამის მოსმენა ცოტა არ იყოს ალოგიკურია. თუ გვაქვს თანამედროვე ვერტმფრენების,
მოიერიშის თუ გნებავთ გამანადგურებელი
საფრენი აპარატების შესაძენი ფინანსური საშუალება, ხომ არ აჯობებდა თუნდაც
იმავე რაოდენობის საფრენი საშუალებებით, გაყიდვამდე ჩაგვენაცვლებინა მოძველებული
საავიაციო საშუალებები?

გარდა ამისა უცნაურია ერთი ფაქტიც–პრესითა
და მედიასაშუალებებით რამდენჯერმე გახდა ცნობილი,
სამხედრო დანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეების კვებით ინტოქსიკაციაზე, ამ
შემთხვევაში კონტრაქტორ ფირმას თუ კომპანიას კონტრაქტი კი არ უნდა შეუწყვიტონ,
არამედ გულდასმით უნდა იყოს შესწავლილი, თუ რამ გამოიწვია კვებითი ინტოქსიკაცია. გაჟღერდა ასევე რომ შესაძლებელი იყო საქმე
გვქონოდა მიზანმიმართულ საბოტაჟთან, თუმცა ვინმეს გამოვლენაზე და დასჯაზე
ინფორმაცია ვერ მოვიძიე.

აუცილებელია სარეზერვო სისტემის დახვეწა
და რეზერვისტების მომზადების დონის ამაღლება (არა ისე, როგორც ადრე ხდებოდა, როცა
მთელი კურსი სამწყობრო მომზადებით და 8 ტყვიის გასროლით სრულდებოდა).

ის რაც რუსეთმა 2008 წელს ვერ მოახერხა,
მოახერხეს პოლიტიკოსებმა ანუ საზოგადოება პრაქტიკულად დაიყო „ნაციონალური
მოძრაობის“ მომხრეებად და „ქართული ოცნების“ მომხრეებად, არის საზოგადოების მესამე
ნაწილიც, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევრაზიულ კავშირში „შეგვათრევენ“ იძულების წესით თუ „ნატოში“ მიგვიღებენ.

სტატია არ ემსახურება მასიური პანიკისა და
მძიმე ფსიქოლოგიური ფონის შექმნას საზოგადოებაში, არამედ მისი მიზანია
გავითვალისწინოთ მწარე წარსული და რეალურად და გონივრულად განვსაზღვროთ
პრიორიტეტები რუსეთთან მიმართებაში.






0
134
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0