x
image
worldsport.ge
მანუჩარ მაჩაიძე - ფეხბურთის რაინდი, დიდოსტატი, იღბლიანი კაპიტანი

imageმანუჩარ მაჩაიძის თამაშის პერიოდი თბილისის "დინამოსთვის” მართლაც "ოქროს ხანა” იყო. საკავშირო პირველობებზე მოპოვებულ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს თავი რომ დავანებოთ, 1976-79 წლებში გუნდმა ჩემპიონობა და ორჯერ თასი მოიგო. იმ პერიოდის "დინამო” დიდოსტატურ თამაშთან ერთად სტაბილური ასპარეზობითაც გამოირჩეოდა და ამაში ლომის წილი მანუჩარ მაჩაიძეს მიუძღვის.გუნდის სახელოვან კაპიტნებს შორის ბატონი მანუჩარი ერთადერთია, რომელმაც საკავშირო თასის ფინალების დასრულების შემდეგ საპატიო პრიზი ჩაიბარა. სამწუხაროდ, ამგვარი პატივი წილად არ ხვდათ შოთა შავგულიძეს, ბორის პაიჭაძეს, ავთანდილ ღოღობერიძეს, შოთა იამანიძეს, სლავა მეტრეველს, მურთაზ ხურცილავას და ალექსანდრე ჩივაძეს.ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში მანუჩარ მაჩაიძე შეუცვლელად თამაშობდა და ნებისმიერ მატჩში უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსაც ასრულებდა, მისი წასვლის შემდეგ კი "დინამოს” სტაბილურ გამოსვლასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა. თუკი, 1979 წელს გუნდმა საკავშირო თუ საერთაშორისო არენაზე ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მატჩი წააგო, მომდევნო სეზონში (მანუჩარი "დინამოდან” სწორედ 1980 წელს დაითხოვეს) თბილისელებმა გაცილებით მეტი რაოდენობის შეხვედრის შემდეგ დატოვეს მინდორი თავჩაქინდრულებმა.
მაჩაიძემ ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი, 506 შეხვედრა ჩაატარა საკავშირო პირველობების მატჩებში და მისი საფეხბურთო ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სახელგანთქმული უცხოური კლუბების სკაუტებს.
თავის დროზე, მას ოფიციალური კონტრაქტის გაფორმებას რამდენიმე ესპანური გუნდი, მილანის "ინტერი”, ლისაბონის "ბენფიკა”, "მანჩესტერ სიტი”, "არსენალი” სთხოვდა, "ლივერპულის” ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელ ბობ პეისლიზე კი დინამოელთა მეშვიდე ნომერმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დასტოვა, რომ მერსისაიდული გრანდი თბილისელთა კაპიტნის სანაცვლოდ იმხანად უდიდეს სატრანსფერო თანხის, 5 მილიონი გირვანქის გადახდას იყო ყაბულს. არადა, ბატონ მანუჩარს ხელფასი 200 მანეთი ჰქონდა... სამაგიერო კომპენსაცია კი გულშემატკივართა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა გახლდათ.
ბატონ მანუჩარს საკუთარ ხანგრძლივ კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩებად საკავშირო თასის 1979 წლის ფინალური შეხვედრა და "ლივერპულთან”, "ჰამბურგსა” და ‘ბოკა ხუნიორსთან” ჩატარებული პაექრობები მიაჩნია.
1980 წლის საფეხბურთო სეზონის წინ თბილისის "დინამომ” არგენტინაში ჩაატარა ტურნე. განსაკუთრებით გამორჩეული "ბოკა ხუნიორსთან” შეხვედრა გამოდგა. ბუენოს აირესული კლუბი პლანეტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული გუნდია. მანუჩარმა და მისმა პარტნიორებმა კი არგენტინულ გრანდს არაფერი დაუთმეს და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში 1:0-ს იგებდნენ. მასპინძლებმა მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა.
ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს კი კიდევ ათეული შეხვედრის გამოყოფა შეუძლიათ მანუჩარ მაჩაიძის მონაწილეობით. ერევნის "რაზდანის” სტადიონზე "არარატმა” პირველი მარცხი თბილისის "დინამოსთან” განიცადა (0:1) და ეს ერთადერთი გოლი ქართველთა გუნდის მეშვიდე ნომრის ანგარიშზეა – მანუჩარი ბურთს საკუთარ საჯარიმო მოედანთან დაეუფლა, რამდენიმე ათეული მეტრი მასთან ერთად, მოწინააღმდეგის მცველების ბარიერის გადალახვით, გაიარა და იმდენად ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მასპინძელთა მეკარემ ბურთს თვალი მხოლოდ ბადეში გახვეულს მოჰკრა. პირველივე ტაიმში მანუჩარმა კიდევ ერთხელ აიღო "არარატის” კარი, მაგრამ მსაჯმა გოლი გაუგებარი მიზეზის გამო არ ჩათვალა. ქომაგებს ასევე სამუდამოდ ჩაებეჭდათ გონებაში 1972 წელს პარიზის "პარკ დე პრენსის” სტადიონის გახსნის მატჩში საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ნახევარმცველის, მანუჩარ მაჩაიძის დიდოსტატური გოლი.
მანუჩარ მაჩაიძეს ისეთი დიდოსტატები მეურვეობდნენ, როგორებიც მსოფლიოს ჩემპიონები ოსვალდო არდილესი (1977 წელს საკავშირო ნაკრების არგენტინული ტურნეს დროს) და გაბრიელე ორიალი (მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი, 1977 წელს უეფას თასის საწყის ეტაპზე), მაგრამ ქართველი ნახევარმცველი მათთანაც და სხვა ვარსკვლავებთან ჭიდილშიც გამარჯვებული გამოდიოდა.

"ეზოდან დიდ ფეხბურთამდე ჩემი თაობის ბიჭუნისთვის ტიპიური გზა გავიარე – იგონებს ბატონი მანუჩარი – თანატოლებთან ერთად დილიდან საღამომდე ბურთს დავდევდი. ამასთან, სპორტის სხვა სახეობებშიც გარკვეული წარმატება მქონდა. კარგად ვჭიდაობდი, ვცურავდი, ფრენბურთსა და კალათბურთს ვთამაშობდი, ჭადრაკში კი პირველი თანრიგის ნორმატივი მაქვს შესრულებული.
ბოლოს მაინც ფეხბურთმა გადაძალა და 12 წლის ასაკში ვანო შუდრასთან ლეგენდარულ 35-ე სკოლაში დავიწყე ვარჯიში. თავიდანვე უდიდეს ყურადღებას ვუთმობდი ბურთთან მუშაობას. მახსოვს შეკრებებზე ბაკურიანში დავდიოდით და შუდრა მავალებდა ბურთი ხეებს შუა, მაღალი სიჩქარით მეტარებინა. ჩემ პედაგოგებს შორის ვლადიმერ გვარჯალაძეც მსურს მოვიხსენიო, ახალგაზრდათა საფეხბურთო სკოლაში (ე.წ. ფშმ) კი ვლადიმერ ელოშვილის მეთვალყურეობით ვხვეწდი ოსტატობას.
კალინინგრადში ჩატარებული საკავშირო პირველობზე მეორე ადგილი დავიკავეთ, მე კი ჯერ კიდევ ამ ტურნირის დაწყებამდე თბილისის "დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა მომაქცია ყურადღება და ბალტიისპირეთიდან ჩამოსვლის შემდეგ გუნდის დუბლშემადგენლობაში ამიყვანა. მალე სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში დინამოელთა მაშინდელ ძირითად ბირთვს დავუპირისპირდი. რამაზ ურუშაძის, ბორის სიჭინავას, გურამ ცხოვრებოვის, გიორგი სიჭინავას, კახი ასათიანის, სლავა მეტრეველის, გივი ნოდიას, მიხეილ მესხის წინააღმდეგ მომიწია თამაში და ეტყობა, კარგად გამოვედი – მოკლე ხანში "დინამოს” სრულუფლებიანი წევრი გავხდი.
ეს 1967 წლის შემოდგომაზე მოხდა და თავიდან ხელფასის სახით 60 მანეთი დამინიშნეს. ჯამაგირი მხოლოდ 1970 წლის თასის ფინალში ასპარეზობის შემდეგ გამიზარდეს, თუმცა, ის თანხაც (100 მანეთი) სადღეისო გადასახედიდან სასაცილოა. 1970 წელს გუნდის თამაშების 80 პროცენტში მივიღე მონაწილეობა. ჩემს მიერ ნახსენებ თასის ფინალში, მოსკოვის "დინამოსთან” 1:2 წაგების ძირითად მიზეზად კი ცხოვრებოვის ტრავმა მიმაჩნია. სამწუხაროდ დაცვის ხაზში გურამის სათანადოდ შეცვლა ვერ მოხერხდა”...
- სამაგიეროდ, მომდევნო ფინალში ქართველ გულშემატკივართა გახარება მოახერხეთ დაზედიზედ 5 წარუმატებელი გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ "დინამომ”, როგორც იქნა, საკავშირო თასის დაუფლება შეძლო...
- "არარატი” ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ იყო, მაგრამ 1976 წლის 3 სექტემბერს მოწინააღმდეგეს შანსი არ დავუტოვეთ. მესამე გოლი ჩელებაძემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩემს დარტყმულს დაამატა, მე კი იმ ამბავმაც გამახარა, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ რომ მაღიარეს.
- 1977 წლის მიწურულს საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში რიო დე ჟანეიროსა და ბუენოსაირესში ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდებს შეხვდით. როგორიშთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე პლანეტის ამ წამყვანმა ნაკრებებმა?
- "მარაკანაზე” თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ფრიად საპასუხიმგებლო და საპატიოა. ვფიქრობ, ბრაზილიელთა წინააღმდეგ ურიგოდ არ გამოვსულვარ, თუმცა, ზიკოსა და რიველინოს წინამძღოლობით მასპინძლებმა მეტად მაღალ დონეზე ითამაშეს და 2:0 მოგვიგეს. არგენტინელებთან 0:0 ვითამაშეთ. სწორედ ეს გუნდი გახდა რამდენიმე თვეში მსოფლიოს ჩემპიონი. იმ მატჩში პასარელამ, ტარანტინიმ, არდილესმა (სწორედ იგი მვეურვეობდა პერსონალურად), ჰაუსმანმა, ბერტონიმ, ლუკემ მიიღეს მონაწილეობა, რობლებიც მომდევნო ზაფხულს მუნდიალის ტრიუმფატორები გახდნენ. სასიამოვნო მოგონებად დამრჩა მილანის "ინტერთან” ორი დაპირისპირებაც. 1977 წლის სექტემბერში "სან სიროზე” 1:0 მოვიგეთ. მე პერსონალურად ჯამპიერო მარინი "მიჭერდა”, თუმცა საკუთარ მოვალეობას თავი სათანადოდ ვერ გაართვა და განმეორებით შეხვედრაში გაბრიელე ორიალი (მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი) "დამიყენეს”. თავი არც მასთან პაექრობისას შემირცხვენია. აქვე სინანულით მსურს გავიხსენო, რომ 1973 წლის შემოდგომაზე ბრაზილიის ნაკრებტან პელეს გამოსათხოვარ მატჩში ვერ მივიღე მონაწილეობა. მაშინ "დინამო” ლონდონის "ტოტენჰემ ჰოთსპურთან” უეფას თასის ორრაუნდიანი პაექრობისთვის ემზადებოდა და ჩემი დასავლეთ ნახევარსფეროში გამგზავრება მიზანშეუწონლად ჩაითვალა.
- მოდით ჩვენი ფეხბურთის სადღეისო მდგომარეობაზეც ვისაუბროთ. სადღეისოდ ქართულფეხბურთს არ ულხინს. თქვენი აზრით, უპირველესად რა ზომებს უნდა მივმართოთ, საქმე"მკვდარი წერტილიდან” რომ დაიძრას?
- გითხრათ სინამდვილე, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ჩვენი ფეხბურთის მომავალს. ნამდვილად თავის მოტყუება იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქმე უკეთესობისკენ მალე დაიძვრება. სწორი მიდგომის გარეშე არაფერი გამოგვივა. გული მწყდება, წამყვანი ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების მატჩებს რომ ვუყურებ. სტადიონებზე ნამდვილი საზეიმო განწყობაა, ჩვენთან კი ფეხბურთელებს ცარიელი ტრიბუნების თანდასწრებით უწევთ ასპარეზობა. ძნელია მაყურებელი გაამტყუნო. ჩვენი გუნდები ვერ თამაშობენ. აგერ უკვე 30 წელია, ყველა დონეზე ვაგებთ, ამიტომაც გულშემატკივრებში ფეხბურთისადმი სიყვარული განელდა.
ძირეულად უნდა შეიცვალოს საქმისადმი მიდგომა. უნდა დავუბრუნდეთ ჩვენთვის ორგანულ ფეხბურთს, რომელიც დრიბლინგსა და მოკლე პასს ეფუძნება. უპირველესი ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს. ჩემი აზრით, აუცილებელია მოზარდებს უცხოელი სპეციალისტები ჩამოვუყვანოთ. ამასთან, ეს მწვრთნელები სამხრეთული ქვეყნებიდან უნდა იყვნენ. მოზარდების მზადების ძირითადი აქცენტი მათი ტექნიკური აღჭურვილობის სრულყოფილად განვითარებაზეა გასაკეთებელი. ფეხბურთში უმთავრესი უშუალო ოპონენტის მოტყუებაა და თუ მოთამაშეს ეს არ შეუძლია, ვერანაირი ტაქტიკურად გამართული ასპარეზობა ვერ უშველის. მოზარდმა ფეხბურთელმა ყოველდღიურად 10-12 კილომეტრი უნდა ირბინოს, ბურთი კარისკენ მინიმუმ 200-ჯერ დაარტყას და ათასჯერ მაინც აკენწლოს, საერთო ვარჯიშის გარდა, 15 წუთი კედელთან ინდივიდუალურად იმუშაოს. ყოველივე ეს ფეხბურთელს ისე სჭირდება, როგორც ადამიანს პური და წყალი.
განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი დრიბლინგის დასახვეწი ვარჯიშებისადმი. აუცილებელია ბურთით ჟონგლიორობა და ამ მიმართულების საწვრთნელი ელემენტები თანდათან გასართულებელია. ბურთის გრძნობა ბავშვს ადრეული ასაკიდან უნდა გავუღვივოთ. სამწუხაროა, მესხის, მეტრეველის, ბარქაიას, გუცაევის იამანიძის სამშობლოში ამჟამინდელი ფეხბურთელები ტექნიკურად სუსტად რომ გამოიყურებიან. 12 წლამდე ბავშვებს თავისუფლად თამაშის საშუალება უნდა მივცეთ. მნიშვნელოვანის სათამაშო პრაქტიკაც. პირადად მე სეზონის განმავლობაში 60-65 მატჩის ჩატარება მიწევდა, წლის განმავლობაში მხოლოდ ორი კვირა ვისვენებდი და ამის გამო მუდმივად ვინარჩუნებდი მაღალ სათამაშო ტონუსს. გული მწყდება, აგერ უკვე 65 წლისა ვარ და ბავშვებთან მუშაობის საშუალება რომ არ მომეცა.
როდესაც პარლამენტის წევრი გახლდით, ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩაზე 35-ე საფეხბურთო სკოლის გადმოცემას ვითხოვდი. ამ საქმისგან არაფერი გამომივიდა. მოვლენები სხვაგვარად რომ წარმართულიყო, ეგებ მეც გამეზარდა ნიჭიერი ფეხბურთელები... დამწყები მოთამაშე აუცილებლად სივრცეს უნდა მიეჩვიოს. დღეს ძირითადად პატარა მინდვრებს აკეთებენ. ამ გაბარიტების მოედნებზე კარგ მოთამაშეებს ვერ აღვზრდით. სწორად მუშაობის შემთხვევაში მდგომარეობის გამოსწორებას დაახლოებით 10 წლის შემდეგ შევძლებთ, საქმე კი იმითაა დასაწყები, ფეხბურთში ჩართულ ადამიანებს, მწვრთნელებს, კლუბების პრეზიდენტებს, ფედერაციისა და მთლიანად სპორტის მესვეურებს პასუხი უნდა მოვთხოვოთ.
დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავს, სპორტის რაინდს მანუჩარ მაჩაიძეს ტოტალიზატორ „ლიდერ-ბეთში“ შეხვედრა მოუწყვეს. საღამოზე მისულმა ჟურნალისტებმა და ბატონი მანუჩარის პარტნიორებმა მისი საფეხბურთო გზა, დიდოსტატურად ჩატარებული მთლიანი სეზონები, ცალკეული მატჩები და ეპიზოდები სიამოვნებით გაიხსენეს და „დინამოს“ კაპიტანს ათწლეულის განმავლობაში მინიჭებული სიამოვნებისა და სიხარულისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა. გამომსვლელებმა ბატონ მანუჩარს 65 წლის იუბილე მიულოცეს, სამომავლოდ კი ჯანმრთელობა და წარმატება უსურვეს.




გოჩა კაჭარავა

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0