x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მადლმოსილი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე გადმოვიდა
ყველამ კარგად ვიცით, რომ ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას. სწორედ დღეს, ამ დიდებულ დღეს, დღის 15:20 საათზე მოხდა ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა მაცხოვრის საფლავიდან, გილოცავთ ყველას ამ დიდებულ მოვლენას.


image

რა არის ღვთაებრივი ცეცხლი?


წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა, თუმცა ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 1-2 საათზე აღესრულება.

ღვთაებრივი ცეცხლი იერუსალიმში- აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე გადმოდის ნიშნად იმისა, რომ ჩვენთან არს ღმერთი. გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):


1. ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.


2. მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს „გონიერ“ ღვთაებრივ ცეცხლს.

3. და ბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.


image

image

რა მნიშვნელობას ატარებს მადლმოსილი ცეცხლი?


მადლმოსილი ცეცხლი მოწოდებაა სინანულისკენ. ამით უფალი მთელ კაცობიობასა და თითოეულ ადამიანს გადარჩენის კიდევ ერთ შესაძლებლობას ანიჭებს.


image


ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებიან მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს. და არა მარტო ეგებებიან - დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენი იყვნენ. ეს ფაქტი იმდენად ჩვეულებრივი იყო მათთვის, რომ როდესაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთის მხარეს შესასვლელის მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო - მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო, აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად.


image

P.S. გილოცავთ ყველას ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას, შეიყვარეთ სიყვარული, გაუღეთ გულის კარი უფალს და მარად ცოცხლობდეთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში.

1
167
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
167
  
2014, 20 აპრილი, 18:14
ასევე გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი.
0 1 1