x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
სააღდგომო პასკის რეცეპტი კონდიტერისაგან
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, სულ მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღნიშნავთ. ეს დღე წარმოუდგენელია წითელი კვერცხის და პასკის გარეშე. დამერწმუნებით, გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არცთუ ისე იოლია. ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს. მინდა შემოგთავაზოთ პასკის საკუთარი რეცეპტი. ვეცდები თითოეული წვრილმანი დეტალებში აგიწეროთ, რომ უფრო გაგიადვილდეთ მისი მომზადება. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ. გაითვალისწინეთ, რომ როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს. მაშ ასე, პირველ რიგში მოვიმარაგოთ


ინგრედიენტები:

კვერცხი-10 ცალი


შაქარი-1200 გრამი

კარაქი(გამდნარი) ან ერბო-500 გრამი

რძე-1 ლიტრი

საფუარი-50 გრამი

ფქვილი-3 კილოგრამი

ჯაოზი(მუსკატის კაკალი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი

ილი(კარდამონი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი

მიხაკი, დარიჩინი-დანის წვერით

ვანილი-1 ჩაის კოვზი

მარილი-1 სუფრის კოვზი

ლიმონის ზეთი-4-5 წვეთი

შაფრანი-1 პაკეტი

კონიაკი-50 გრამი(ერთი პატარა ჭიქა)

ზეთი-1 ჩაის ჭიქა

ქიშმიში(ან ცუკატები)-500 გრამი

თავზე მოსასმელად-4 კვერცხის გული+4 სუფრის კოვზი რძე



მომზადება:

წინასწარ მოვამზადოთ ინგრედიენტები:კარაქი დავადნოთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ ავადუღოთ, ფქვილი გავცრათ, რძე ავადუღოთ და ოდნავ გავაგრილოთ. ქიშმიში გავრეცხოთ და დავყაროთ საწურზე შესაშრობად.

ფართე ემალის გობზე მოვათავსოთ საფუარი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და დავასხათ ერთი ჭიქა თბილი რძე. ავურიოთ კარგად, დავაფაროთ გობს სუფთა ტილო და ოპარა დავტოვოთ გასაფუებლად. პატარა ემალის ქვაბში ჩავყაროთ სანელებლები: ილი, ჯაოზი, დარიჩინი, მიხაკი. დავასხათ ერთი ჭიქა რძე და ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ. დავდგათ გასაგრილებლად.

როცა ოპარა კარგად ამოვა, დავუმატოთ დარჩენილ თბილ რძეში გახსნილი შაქრის ნახევარი, გამდნარი კარაქი, ვანილი, ლიმონის ზეთი, კონიაკი, დავახეხოთ შაფრანი, დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ ძალიან ნაზი ცომი გამოვიდეს. ისევ დავაფაროთ ცომს თავზე და დავაცადოთ ამოსვლა.

როცა ცომი კარგად გაფუვდება, მიქსეროთ ავთქვიფოთ კვერცხები დარჩენილ შაქართან ერთად, დავამატოთ ცომს, მარლაზე დავასხათ მოხარშული სანელებლებიანი მასა, კარგად გავწუროთ ხელით და ესეც ჩავუშვათ ცომში. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იზილებოდეს მინიმუმ 30 წუთი. ზელვის დროს დავამატოთ ზეთი, ზეთიანი ხელითვე შემოვუწმინდოთ ნაპირები გობს და ისევ დადგათ სითბოში გასაფუებლად.

როცა ცომი კარგად გაფუვდება(მოცულობაში უნდა მოიმატოს სამჯერ), ჩავზილოთ ზეთიანი ხელით და ისევ ვაცალოთ ამოსვლა. მესამე ჩაზელვაზე დავამატოთ ქიშმიში ან ცუკატები და კიდევ ერთხელ ჩავზილოთ ზეთიანი ხელით.

მოვამზადოთ ფორმები: ჩავუფინოთ ძირში პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ირგვლივ და ძირზე ზეთი.

დავიწყოთ ცომის ჩადება ფორმებში: ზეთიანი ხელით ამოვაგუნდავოთ ცომი, ჩავდოთ ფორმაში-ცომმა უნდა შეავსოს ყალიბის მესამედი. ცომი კარგად შემოვამრგვალოთ ხელით და ფორმები დავდგათ თბილ ადგილას. ყალიბებს თავზე სუფთა ტილო გადავაფაროთ.

როცა ცომი ყალიბებეში კარგად ამოვა, შევაწყოთ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 40-50 წუთი(გააჩნია ყალიბის ზომას). გამოღებიდან ათი წუთით ადრე პასკებს თავზე წავუსვათ რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.

გამომცხვარი პასკები გამოვიღოთ ღუმელიდან, დავაწყოთ სველ ტილოზე და გავაგრილოთ. ფრთხილად შემოვხსნათ დანით გვერდები და გამოვიღოთ ყალიბიდან. კარგად გავაციოთ, შემდეგ კი ჩავაწყოთ თავდახურულ ემალის ქვაბში.


მიირთვით გემრიელად!

გისურვებთ ბედნიერ აღდგომას!

image

2
20631
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
20631
  
25 აპრილი, 23:30
0,5 კგ-იანი გამოდის 13-14 ცალი.
2018, 6 აპრილი, 13:11
რამდენი ცალი გამოდის?
0 1 2