x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის ნინო გოგუაძე ანუ წლის პარლამენტარი - "ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ იმისთვის, რომ ადამიანი გადავარჩინოთ საქართველოში და გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში."

image

17 აპრილს, პარლამენტში, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ნინო გოგუაძის გამოსვლამ სრულიად საქართველო მოიცვა და მისით დააინტერესა.განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, რომელთა
90%-მა პირველად იხილა ეს ქალბატონი. 24 საათის განმავლობაში, „YOUTUBE“-ზე მის ვიდეოს უკვე 23 000-მდე ნახვა აქვს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ თითქმის ყოველ მეორეს მისი ვიდეო ან ფრაზები
აქვს გაზიარებული. ასეთი პოპულარული, თვით ჩიორას ცხვირის გატეხვის ვიდეოც კი არ ყოფილა (ეს შედარება იმიტომ, რომ დღეს სერიოზული თემებით ხალხი აღარ ინტერესდება და მხოლოდ
პარლამენტარების თავპირისმტვრევაზე ხალისობენ).
ნინო გოგუაძე ირაკლი ალასანიას მეგობარი და პარტიის თანადამფუძნებელი გახლავთ, რომელიც „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებამდეც და მის შემდეგაც აქტიურად იყო ჩართული მაშინდელი ოპოზიციის საქმიანობაში. 2012 წლის საპარლამენტო
არჩევნებზე, იგი სიითი შემადგენლობით შევიდა პარლამენტში და დღეს, საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის ერთ-ერთი წევრია.
ნინო გოგუაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება უმცირესობების
უფლებებსა და დისკრიმინაციაზე გაამახვილა, რითაც მან დიდი პატივისცემა დაიმსახურა ლიბერალურად მოაზროვნე საზოგადოებისგან. გთავაზობთ ამონარიდებს მისი გამოსვლიდან.

"ეს არის ერთი ცალკეული ადამიანი და ყოველი ჩვენგანი. დიახ, ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ამა
თუ იმ მომენტში. ყოველი ჩვენგანი უმცირესობაა, რადგან ერთია და
ერთადერთი. თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი
ღირებულება კი, ეს მთავარი უმცირესობაა, ეს უკიდურესი უმციერესობა ანუ ყოველი ჩვენგანი. თუ გვინდა დემოკრატიულ
სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ, რომ
თუ სახელმწიფოში იწყება რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა,
მაშინ ამით იწყება ყოველი ჩვენგანის უფლებების დარღვევაც".


"კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყოველი ჩვენგანის და ნებისმიერი უმრავლესობის უფლებები დამყარებულია უმცირესობების უფლებებზე. და თუ ამ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა უმცირესობებს უფლებების დარღვევა, ამით დაიწყება ყოველი ჩვენგანის უფლებების დარღვევა. ჯგუფის წევრების რაოდენობა არანაირად არ ნიშნავს უპირატესობას მისი წევრებისთვის, რადგან
ჩვენ ყოველთვის და ყველგან, თანაბარი ვართ კანონის წინაშე, ჩვენი
თავისუფლების და პასუხისმგებლობის წინაშე".

საქართველო უნდა გახდეს ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, რომ
საქართველოში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობის, უდანაშაულობის პრეზუმფციის და კანონის გარდუვალობის პრინციპები, რომ ყველა
ერთი იყოს კანონის წინაშე და არ მოხდეს ადამიანების დაყოფა, დახარისხება, დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, რომ თავისუფალ საქართველოში თავისუფალმა ადამიანებმა იცხოვრონ, თავისუფლებმა
სხვადასხვა ფობიებისგან, შურისძიების გრძნობისგან, ღირსების მქონე,
თანაგრძნობის და პატიების უნარის მქონე ადამიანებმა, რომლებიც
ისე დაიცავენ მათგან განსხვავებული ადამიანების ღირსებასა და უფლებებს, როგორც საკუთარს. ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ იმისთვის, რომ ადამიანი გადავარჩინოთ საქართველოში და გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში."

ნინო გოგუაძე სავარაუდოდ, ახალი შემადგენლობის პირველი პარლამენტარია, რომელმაც აპლოდისმენტები არამარტო უმრავლესობისგან, არამედ უმცირესობისგანაც დაიმსახურა.



0
404
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0