x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ჩოხაში გამოწყობილი იან გილანი და მისი ქართული ქორწილი
2013 წლის 5 ივნისს "Open Air"-ის ფესტივალზე თბილისს ინგლისური როკ-ჯგუფი "Deep Purple" ესტუმრა. იქამდე კი ჯერ კიდევ 1990 წლის მაისში ჯგუფის ლეგენდარულმა ვოკალისტმა იან გილანმა თავის ბენდთან ერთად სპორტის სასახლეში ხუთი კონცერტი გამართა, რითაც ქართველი თაყვანისმცემლების დიდი ხნის ოცნება რეალობად აქცია. თუმცა ეს ვიზიტი თავად გილანისა და მისი მეუღლისთვისაც არანაკლებ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია წყვილს ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცია ჰქონდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ჩადიოდნენ ხელახლა ქორწინდებოდნენ. ამ მხრივ არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი. თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა გილანმა და თეთრი ნაციონალური კაბით შემოსილმა ბრონმა თბილისის ქორწინების სახლში ხელი მოაწერეს, ფაეტონით ისეირნეს თბილისის ქუჩებში და საქორწინო წვეულება ქართველი მასპინძლების მოწვევით მცხეთაში გადაიხადეს.


image























გილანი აღფრთოვანებული გახლდათ ამ ვიზიტით და გულღია განცხადებაც გააკეთა:


image



"ეს იყო ფანტასტიკური, ენით აუღწერელი საღამო. ბიჭუნები, რომლებმაც ქართული ცეკვით ცეცხლი დაანთეს, ჩემი მეგობრები - ქართველი მომღერლები, რომლებიც ძალიან მარტივი ხერხით ისეთ მუსიკალურ სტილს ქმნიან, რომ თავი მიწიერი არ გგონია. მსგავსი კეთილხმოვანება არასოდეს მომისმენია. საოცარი ქვეყანაა საქართველო. თქვენ დაბადებული ხართ იმისთვის, რომ იცეკვოთ, იმღეროთ და იბედნიეროთ ამ ქვეყანაზე. ყველა ჩემს ნაცნობსა და მეგობარს ვუამბობ, რომ რუკაზე არის ასეთი ქვეყანა, რომელიც სამოთხეა დედამიწაზე და ამ სამოთხეს ჰქვია საქართველო. არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ეს ჩემთვის წარუშლელი შთაბეჭდილებაა. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ. როდესაც თქვენი სიმღერის რამოდენიმე სიტყვას ვსწავლობდი, მართალი გითხრათ ძალიან ვნერვიულობდი. რამოდენიმეჯერ გავიმეორე კიდეც. მგონი არც თუ ისე ურიგოდ გამომივიდა. მთავარი ჩვენს დღევანდელ აქციაში კი არის ის, რომ მე შევძელი ქართველ მომღერლებთან ერთად სიმღერა. ეს კი ჩემთვის არის დიდი რეკლამა."

(იან გილანმა ქართველ მომღერლებთან ერთად შეასრულა ქართული სიმღერა "ჩემო კარგო ქვეყანავ".)


image


2009 წლის 20 ივლისს "Deep Purple"-მა სტამბოლში კონცერტი გამართა. კონცერტზე დასასწრებად ქართველთა ჯგუფიც გაემგზავრა. იქამდე კი ერთ–ერთი ქართველი მსმენელი გილანს მეილზე დაეკონტაქტა, მისი ქართული ქორწილი გაახსენა და ისიც აცნობა, რომ სტამბოლში გამართულ კონცერტს ქართველი მსმენელიც ეწვეოდა. ამას არავინ ელოდა, მაგრამ ყველას გასაოცრად გილანმა და მისმა მეუღლე ბრონმა კონცერტის წინ ქართველ თაყვანისმცემლებთან შეხვედრა მოინდომეს, ავტოგრაფები დაარიგეს და დიდი სითბოთი გაიხსენეს წლებისწინანდელი ვიზიტი საქართველოში.


იან გილანმა განაცხადა:


image


"ეს იყო მართლაც ფანტასტიკური. ის დღეები ისე მახსენდება თითქოს გუშინ იყო. მახსოვს იმ ადამიანთა სახეებიც, რომლებიც მაშინ ჩემს გვერდით იყვნენ, ქართული ცეკვები და სიმღერები. მე და ჩემს ცოლს მანამდე გვქონდა ქორწილი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ინგლისში, თუმცა ქორწილი საქართველოში მართლაც დაუვიწყარია. ქართველმა მეგობრებმა შემოგვთავაზეს, რომ ქორწილი საქართველოშიც გადაგვეხადა. ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით და სპეციალურად ამ დღისთვის ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოვეწყვეთ."


image


ბრონმა კი ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ქართველებმა საჩუქრად 1990 წლის მათი ქორწილის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გადასცეს.


მან განაცხადა:


image


"უბრალოდ ვტირი ემოციებისგან. ეს მართლაც საოცარი საჩუქარია. იმ დღეებს მე და იანი ხშირად ვიხსენებთ."


ბოლოს კი გილანმა პირობა მისცა ქართველ მსმენელს, რომ მოწვევის შემთხვევაში იგი კვლავ ეწვეოდა თბილისს და "Deep Purple"-თან ერთად კონცერტს გამართავდა.


image


ქართველი თაყვანისმცემლებისთვის მიცემული პირობა იან გილანმა 2013 წელს შეასრულა.

0
302
7-ს მოსწონს
ავტორი:M.Blackmore
M.Blackmore
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0