x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
ქალთა როლი ახლო აღმოსავლეთში



VII საუკუნიდან, ისლამის გავრცელებიდან დღემდე, ახლო აღმოსავლეთში ქალი ერთგვარად დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა მამაკაცთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალთა როლი საზოგადოებაში როგორც იზრდეობდა, ასევე მცირდებოდა, ისინი ძალიან იშვიათად თუ იკავებდნენ ისეთ პოზიციებს, რომლებიც მათ მამაკაცებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდათ. მათ შეჰქონდათ წვლილი ეკონომიკის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში, მაგრამ ეს ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ადრეული პერიოდიდანვე ისინი მონაწილეობდნენ რელიგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ აქტივობებში, საზოგადოებრივ და კერძო სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ისლამმა მოიტანა ძირეული ცვლილებები ქალთა მიმართ პოლიტიკის, კანონის, ოჯახის, რელიგიის და კულტურის სფეროებში, გარკვეულმა კულტურულმა კონტექსტმა უარყოფილთად იმოქმედა ქალთა მდგომარეობაზე საზოგადოებაში. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ფემინიზმი ახლო აღმოსალეთში ხშირად დისკრედიტირებულია მთავრობისა და ფემინიზმის ადგილობრივი მოწინააღმდეგების მიერ, რადგან ის ასოცირდება კოლონიალიზმთან.

ახლო აღმოსავლეთის არც ერთ ქვეყანაში ქალებს არ მიუღიათ საარჩევნო უფლებები ისე ადრე, როგორც მამაკაცებმა და, ზოგიერთ შემთხვევაში, დღესაც არ გააჩნიათ სამოქალაქო და საარჩევნო უფლებები. ქალები იბრძოდნენ მიეღოთ მოგზაურობის უფლება მეუღლის ან მამის ნებართვის გარეშე, ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს დღესაც ასეა. ქალებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სამართლებრივი უფლებები განქორწინების ინიცირებისა და საკუთარი შვილების მეურვეობის შენარჩუნების შესახებ. ქალები დამოკიდებულნი არიან ქმრებზე ფინანსურადაც. მთავრობაში ქალებს მაღალი თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ ისლამური კანონების მიხედვით.

ახლო აღმოსავლეთში არსებული გენდერული უთანასწორობა უნდა დავუკავშიროთ თუ არა მხოლოდ ისლამს? ასეთი კონცეფცია არასრული იქნება. ქალთა მდგომარეობა რეგიონში არ არის განპირობებული მხოლოდ ისლამისთვის დამახასიათებელი ჩვეულებებით. ისლამი არ არის უფრო პატრიარქალური ვიდრე სხვა ძირითადი რელიგიები, მაგალითად, ინდუიზმი, იუდაიზმი, ან ქრისტიანობა, ყველა მათგანი ხედავს ქალის როლს, როგორც დედისას და ცოლისას. ქრისტიანობაშიც ქალი განაგრძობს ბრძოლას მამაკაცებთან თანასწორი მდგომარეობის მოსაპოვებლად.

გენდერული კონფიგურაციები, რომლებიც მომდინარეობს რელიგიისა და კულტურული ნორმებისაგან ქალთა სამუშაოს, ოჯახური სტატუსისა და ცხოვრების სხვა ასპექტების შესახებ, არ არის უნიკალური მხოლოდ მუსლიმური თუ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებისათვის.


1998 წელს სამხრეთ ბაპტისტურმა კონვენციამ აშშ-ში მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა ცოლებს დამორჩილებოდნენ და მიჰყოლოდნენ ქმრების ნებას. ორთოდოქსული ებრაული კანონი პიროვნული სტატუსის შესახებ იზიარებს ბევრ მსგავსებას ისლამური კანონის საფუძვლებთან, განსაკუთრებით ქორწინებასთან და განქორწინებასთან დაკავშირებით.

რელიგიაზე დაფუძნებული სამართალი არსებობს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ არა მხოლოდ მუსლიმურ ქვეყნებში. ის გვხვდება ებრაელთა სახელმწიფოშიც. მართალია ებრაელი ქალები უფრო ავტონომიურები არიან, ვიდრე ქალები საუდის არაბეთში, მაგრამ ჰალახა საქორწინო ურთიერთობებს აწესრიგებს იმგვარად, რომ მამაკაცი ვალდებულია არჩინოს ცოლი მის მიერ ოჯახში გაწეული სამსახურის სანაცვლოდ. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასავლურ საზოგადოებებშიც ქალი არახელსაყრელ პირობებში იყო აქამდე. ისლამი უზრუნველყოფდა ქალს ქონებრივი უფლებებით საუკუნეების განმავლობაში მაშინ, როცა ევროპაში მსგავსი უფლებები არ არსებობდა. დასავლურ ქვეყნებს შორისაც არსებობს განსხვავებები ქალთა სამართლებრივ სტატუსს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თუ სოციალურ მდგომარეობებს შორის. აშშ ჩამორჩება ჩრდილოეთ ევროპას ქალთა სოციალური უფლებების მხრივ. მუსლიმი ქალი დასავლელ ქალს ჩამორჩება დამოუკიდებლობის, მობილურობის, სამართლებრივი უფლებების მხრივ, რისი მიზეზიც მოდერნიზაციასა და განვითარებაში უნდა ვეძებოთ. ურბანიზაციის დონე, ინდუსტრიალიზაცია, პოლიტიკური ელიტების ქმედებები მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც გენდერული უთანასწორობის მიზეზებად იქცევა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე რელიგიური და კულტურული ფაქტორები.

გენდერული ასიმეტრიულობა და ქალთა სტატუსი ახლო აღმოსავლეთში (მუსლიმურ სამყაროში) მხოლოდ ისლამის "დამსახურება" რომ არ არის, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თვითონ მუსლიმურ ქვეყნებს შორისაც არსებობს განსხვავებები ისლამურ წესებსა და ისლამურ სამართლებრივ კოდექსებს შორის. მაგალითად, თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, ხოლო ირანს გააჩნია პირდაპირი კლერიკული კანონი; 2003-2004 წლებში მაროკომ მოახდინა თავისი პატრიარქალური სამართლის რეფორმა და მიანიჭა ქალს ოჯახსა და საზოგადოებაში ისეთი უფლებები, რომლებზეც საუდის არაბეთში მხოლოდ თუ იოცნებებენ. მუსლიმურ საზოგადოებებში სოციალური კლასიც მნიშვნელოვნად განაპირობებს სქესობრივი სეგრეგაციის, ქალთა დამოუკიდებლობისა და მობილურობის ხარისხს. თანამდეროვე ეტაპზე, ზედა კლასის ქალს მეტი მობილურობა გააჩნია, ვიდრე უფრო დაბალი კლასისას. თუმცა წარსულში პირიქით იყო. ამიტომ ქალთა სტატუსი არც მუსლიმურ და არც სხვა საზოგადოებებში არ არის უცვლელი და უნიკალური.

დასავლური საზოგადოება მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის ქალები არიან პასიურები, სუსტები და ჩაკეტილები. ხშირად იმასაც ამტკიცებენ, რომ ცუდი პირობები, რაც, მაგალითად, გვხვდება საუდის არაბეთში, სადაც ქალებს მანქანის მართვასაც კი უკრძალავენ, წარმოადგენს ქალების ქცევის ნორმას მთელ ახლო აღმოსავლეთში, და უფრო მეტიც, მთელ მუსლიმურ სამყაროში. სინამდვილეში, საუდის არაბეთის სექსიზმისა და ისლამის ვერსია არის უნიკალური, თუმცა თალიბანის მმართველობა ავღანეთში საუდის არაბეთის სექსისტური მოდელის ერთგვარ კონკურენტად აღიქმება. ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში ქალებს გააჩნიათ პოლიტიკური და სოციალური უფლებები, მაგალითად, ეგვიპტეში ახლახანს მიენიჭათ ქალებს განქორწინების უფლება. ტუნისში აბორტი არის ლეგალური და პოლიგამია აკრძალულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალები იკავებდნენ მინისტრის თანამდებობეს სირიაში, იორდანიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ასევე შედიოდნენ ტუნისის მთავრობის შემადგენლობაში, ხოლო ირანში კი ქალს ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ეკავა.[1]

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ახლო აღმოსავლთში ქალთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც აქტუალურია. მუსლიმი, ქრისტიანი და ებრაელი იურისტი და თეოლოგი მამაკაცები რელიგიური კანონების კონსერვატიულ და ექსკლუზიურ ინტერპეტაციას სთავაზობენ ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებას, რაც ერთგვარ დიდ ტვირთს აკისრებს ქალებს ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში.[2]

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანია, რათ ქალებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებისა და ოჯახების განვითარებასა და კეთილდღეობას. თუმცა, ქალთა მდგომარეობა რეგიონში პარადოქსულ ვითარებას ქმნის: დიდი რაოდენობით ინვესტიციებმა სოციალურ სექტორში განავითარა ქალთა განათლება და ჯანმრთელობა, შემცირდა წერა-კითხვის უცოდინრობისა და ფერტილურობის მაჩვენებლები. მაგრამ, დღეისათვის ქალთა 1/3-ზე ნაკლები მონაწილეობს სამუშაო ძალაში, რაც ყველა სხვა რეგიონთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს ყველაფერი სოციალური და ეკონომიკური ბარიერებით არის გამოწვეული, რის გამოც ქალი შეზღუდულია ხელი მიუწვდებოდეს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, გენდერის საკითხებს უნდა ეკავოს ცენტრალური ადგილი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას.[3]

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით „გლობალური გენდერული განსხვავების“ (Global Gender Gap 2013) შესახებ გამოყოფილია 136 ქვეყანა თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით, რომ აღმოფხვრან გენდერული უთანასწორობა ოთხ სფეროში: ჯანდაცვა, განათლება, პოლიტიკა და ეკონომიკური თანასწორობა. აქედან მხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ შეინიშნება წინსვლა 2013 წელს.[4]

ისრაელი რეგიონში პირველ ადგილზეა, რაც განაპირობა მდედრობითი სქესის პარლამენტარების რიცხვის ზრდამ. არაბთა გაერთიანებული საამიროები კი პირველ ადგილზეა არაბულ ქვეყნებს შორის და ერთადერთია რეგიონში, რომელმაც სრულად ამოწურა განათლების მიღებასთან დაკავშირებული უთანასწორობა. ბაჰრეინი ერთი პოზიციით უკან ინაცვლებს წინა წელთან შედარებით ქალი კანონმდებლობის, მაღალი თანამდებობებისა და მმართველობითი პოზიციების რაოდენობის შემცირების გამო, იორდანია კი პირიქით ორი ადგილით- ზევით. გაუმჯობესება იგრძნობა განათლების მიღებისა და პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების კუთხით. ეგვიპტეში ყველა მაჩვენებელი შემცირდა. დანარჩენი ქვეყნები ანგარიშში სხვადასხვა სახის გაუმჯობესაბასა და დაქვეითებას აჩვენებს: ქუვეითი, კატარი, ომანი, ლიბანი.[5]

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ახლო აღმოსავლეთმა და ჩრდილოეთ აფრიკამ გენდერული უთანასწორობის მხოლოდ 59%-ის ამოვსება მოახერხეს. ეკონომიკურ სფეროში მხოლოდ 39%, ხოლო პოლიტიკურში 7%-ზე ნაკლები. განათლების მხრივ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები განსხვავდებიან. სპარსეთის ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით კი გაერთიანებული არაბთა საამიროები და კატარი დიდ ინვესტიციებს დებენ ქალთა განათლებაში. უფრო მეტიც ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში ქალთა განათლების რაოდენობა უფრო მაღალია ვიდრე მამაკაცების. თუმცა ეს ქვეყნები ნაკლებად ახერხებენ განათლებული ქალების ჩართვას ეკონომიკაში, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში. არაბული ქვეყნების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

საკვირველი არაა ის, რომ ისრაელი ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონეა მთელ რეგიონში. ის 53-ე ადგილზე, მაშინ როცა დანარჩენები მე-100 და უფრო პოზიციებს იკავებენ. ისრაელი უფრო ზედა საფეხურზეც იქნებოდა, მეტი თანასწორობა რომ იყოს ანაზღაურების მხრივ და 10%-ით მეტი ქალი რომ იყოს წარმოდგენილი მინისტრთა(მმართველ) თანამდებობებზე. იემენი 136-ე ადგილზეა, მას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი გენდერული უთანაწორობა აქ გვხვდება. სირიას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გააჩნია ეკონომიკური ჩართულობისა და შესაძლებლობების მხრივ. არაბულ ქვეყნებში გენდერული უთანასწორობა ყველაზე მეტია პოლიტიკის სფეროში, ორ მათგანში პარლამენტის წევრებს შორის არ არიან ქალები, სამში კი- მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მინისტრები.[6]

ამ ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ქალებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. მათ ასევე ხელი უნდა შეუწყონ, რომ ქალებიც მამაკაცების მსგავსად ახერხებდნენ სამსახურისა და ოჯახის შეთავსებას რაც შეიძლება უფრო მეტად.

დასასრულს, რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში გარკვეული პროგრესული ნაბიჯების შემჩნევისა და საზოგადოებაში პოზიტური ცვლილების შეტანისა გენდერულ სფეროში, ზოგადი სიტუაცია დღეისათვის მაინც არასახარბიელოა. საჭიროა, რომ რეგიონში გენდერის საკითხებს ეკავოს ცენტრალური ადგილი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას.





გამოყენებული ლიტერატურა


1) Women's Roles in the Middle East
and North Africa (Women's Roles through History) by Ruth Margolies Beitler and
Angelica R. Martinez (Apr 9, 2010)

2) World Economic Forum; Yasmina Bekhouche „Top 10 most gender equal
countries in the Middle East and North Africa“; http://forumblog.org/2013/10/top-10-most-gender-equal-countries-in-the-middle-east-and-north-africa/


3) As`ad AbuKhalil; „Women
in the Middle East“. Islamic Research Foundation
International, Inc. http://www.irfi.org/articles/articles_401_450/women_in_the_middle_east.htm


4) Gender and Development in the Middle East and North Africa: Women in the
Public Sphere (Orientations in Development... by World Bank (Feb 16, 2004)




[1] As`ad AbuKhalil; „Women in the Middle East“. Islamic Research Foundation International,
Inc. http://www.irfi.org/articles/articles_401_450/women_in_the_middle_east.htm

[2] As`ad
AbuKhalil; „Women
in the Middle East“. Islamic
Research Foundation International, Inc. http://www.irfi.org/articles/articles_401_450/women_in_the_middle_east.htm

[3] Gender and
Development in the Middle East and North Africa: Women in the Public Sphere
(Orientations in Development... by World Bank (Feb 16,
2004)

[4] World Economic Forum; Yasmina Bekhouche „Top 10
most gender equal countries in the Middle East and North Africa“; http://forumblog.org/2013/10/top-10-most-gender-equal-countries-in-the-middle-east-and-north-africa/

[5] World Economic Forum; Yasmina Bekhouche „Top 10
most gender equal countries in the Middle East and North Africa“; http://forumblog.org/2013/10/top-10-most-gender-equal-countries-in-the-middle-east-and-north-africa/

[6] Michael Curtis; „The Gender Gap Is Worst in the Arab Middle East“; http://www.americanthinker.com/blog/2013/11/the_gender_gap_is_worst_in_the_arab_middle_east.html#ixzz2sI9gqXZq







0
1087
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
1087
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0