x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ლატვიის მრეწველობის ანალიზი
ლატვია არის პატარა, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლის მშპ-ს ერთი მესამედი ორიენტირებულია ექსპორტზე. ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო სატრანზიტო მომსახურება მაღალგანვითრებულია, ექსპორტი მოიცავს ხე-ტყის მასალას, სოფლის მუერნეობის პროდუქციას, ასევე სამანქანო და ელექტრონიკის მრეწველობის პროდუქციას. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა 2006-2009 წლებში, ლატვიის ეკონომიკამ შეძლო ექსპორტის გაზრდა 2011-2012 წლებში და 2013 წლის მონაცემებით 55-ე ადგილზეა თავისუფალი ეკონომიკის მიხედვით.

საინტერესოა, თუ როგორაა განაწილებული მეურნეობა დარგების მიხედვით, რადგან სწორეს ამგვარი განაწილება გვაძლევს საშუალებას წარმოდგენა გვქონდეს ქვეყნის პროფილზე. 2012 წლის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკაში პირველად სექტორს უკავია 5%, მრეწველობას 25, 7% და სერვისებსა და მომსახურებას, ე.წ. მესამეულ/მეოთხეულ დარგებს 69, 3%.

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

ლატვიის ეკონომიკაში პირველადი სექტორი გაცილებით მეტ როლს ასრულებს, ვიდრე იგივე სექტორი ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისათვის. სოფლისა და სატყეო მეურნეობა ქმნის საფუძველს გაიზარდოს საკვებისა და ხე-ტყის მასალის წარმოება. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქციაა: მარცვლეული, კარტოფილი, ღორის ხორცი, ფრინველის ხორცი, რძის პროდუქცია, კვერცხი და თევზი. ლატვიის სოფლის მეურნეობის ხერხემალია საოჯახო მეურნეობები, ქვეყანაში ძალიან ცოტა საწარმოა, სადაც დასაქმებულთა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელია. ლატვიაში, სახნავ-სათესი მიწების საერთო ფართობი მთლიანი ფართობის 17.53%-ს შეადგენს. საინტერესო იქნება, შევადაროთ ერთმანეთს ლატვიის სოფლის მეურნეობის მონაცემები სხვა ქვეყნების იმავე მაჩვენებელს. დავიწყოთ მეზობელი ესტონეთით. სახნავ-სათესი მიწები ესტონეთის მთლიანი ფართობის 13.94%-ს მოიცავს, თუმცა ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა 2%-ით მეტად ვითარდება, ვიდრე ლატვიაში.თუმცა, ლატვიაში საკვების წარმოება უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ვიდრე ესტონეთში, ტრაქტორების რაოდენობაც გაცილებით მეტია და ყოველივე ეს გვაძლევს იმ შედეგს, რომ ლატვიის სოფლის მეურნეობა ყოველწლიურად 5.52%-ით იზრდება. ასევე საინტერესო იქნება, თუ შევადარებთ ლატვისს სოფლის მეურნეობას ფინეთის სოფლის მეურნეობას, რადგან ამ შემთხვევაში უკეთ დავინახავთ განსხვავებას. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთს ლატვიაზე დიდი ფართობი უკავია, მისი მთლიანი ფართობის მხოლოდ 7.33% უკავია სახნავ-სათეს მიწებს. თუმცა, დიდი განსხვავებაა ხორცის პროდუქცის წარმოებაში, ფინეთში 4-ჯერ მეტ ხორცის პროდუქციას აწარმოებენ ვიდრე ლატვიაში. არაა გასაკვირი, რომ ტრაქტორების რაოდენობა ფინეთში გაცილებით მეტია, ვიდრე ლატვიაში, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად რიგ მონაცემებში საკმაო უპირატესობისა, ლატვიაში სოფლის მეურნეობა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ფინეთში, თუ ლატვიაში წლიური ზრდა 5.52%-ს შეადგენს, იგივე მაჩვენებელი ფინეთისათვის 1.57%-ია.


მეურნეობის მეორად დარგს ლატვიის ეკონომიკაში 25.7% უკავია. გარდა იმისა, რომ ლატვიელები ტრადიციულად ასოცირდებიან სოფლის მეურნეობასთან, მრეწველობაც, როგორც დარგი, ასევე დიდი ხნისაა. მანქანათმშენებლობისა და დანადგარების წარმოების სექტორი მთლიანი მრეწველობის 20%-ს მოიცავს, ასევე ეს სექტორი ექსპორტში წამყვან ადგილზეა და მოიცავს მთელი ექსპორტის ერთ მესამედს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიციები გაიზარდა ბოლო დეკადის განმავლობაში. 2011 წელს მანქანათმშენებლობისა და დანადგარების წარმოებამ ექსპორტზე 1 200 000 000 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა. ასე, რომ ექსპორტის ზრდა მრეწველობის სექტორში კონკურენტუნარიანობის არსებობაზე მიუთითებს. 2011 წლის ივნისში ლატვიის მრეწველობის პროდუქციის რაოდენობა 3.8%-ით გაიზარდა, ხოლო, მეორე მეოთხედში ამავე მაჩვენებელმა 7.6% შეადგენა, რაც ძალიან სწრაფი ზრდის მაჩვენებელია. 2010 წლის იმავე პერიოდის პირველი 6 თვის მონაცემები მრეწველობის პროდუქციის წარმოების ზრდისა შემდეგია: ხის მასალა (+14.4%), მზა ლითონის პროდუქცია (+36.1%), ავეჯი (+9.0%), არალითონური პროდუქცია (+34.9%), კომპიუტერების, ელექტრონიკისა და ოპტიკური აღჭურვილობის პროდუქცია (19.3%). თუმცა, შეიმჩნეოდა გარკვეული პროდუქციის წარმოებაში ჩავარდნაც, მაგალითად, სასმელის წარმოება (-2.8%), ქიმიური ნივთიერებები (-4.1%), ასევე ქაღალდისა და ქაღალდის პროდუქციის წარმოება (-2.0%). თუმცა, ლატვიის სტატისტიკის სამსახური იუწყება, რომ ბოლო თვეებში მრეწველობის პროდუქციის ბრუნვა გაიზარდა შიდა ბაზარზე. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ შიდა ბაზარი ვერ უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მოხამრებას და ექსპორტზე გასატანად მომავალში კვლავ მუშაობაა საჭირო.

მეორად სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრანსპორტს, რაც, ცხადია, რომ ქვეყნის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ლატვიის სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია საავტომობილო გზები. “ლატვიის სახელმწიფო გზები” აერთიანებს 20 309 კმ გზას, საიდანაც 8 066 კმ შავსაფარიანი გზაა. ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი “Via Baltica”, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელია, სწორედ ლატვიაზე გადის. იგი აკავშირებს ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ჰელსინკი, ტალინი, რიგა, კაუნასი, ვარშავა. ევროკავშირის წევრობის შემდეგ ლატვიამ თავისუფალი საავტომობილო სივრცით სარგებლობის უპირატესობები შეიძინა.

ევროპის ტრანსპორტის განვითარების ტენდენციების მიხედვით, სარკინიგზო ტრანსპორტი მომავალში ყველაზე პერსპექტიული იქნება როგორც უსაფრთხოების ისე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ლატვიის პორტებიდან და პირიქით, პორტებისაკენ ტვირთი გადააქვთ ძირითადად რკინიგზით. მთლიანი ტვირთის სახმელეთო გზით გადატანის 52%-ს შეადგენს რკინიგზით გადაზიდვა ტვირთისა და არის ტენდენცია იმისა, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ლატვია ძველი დროიდან ორიენტირებული იყო ზღვაზე, გემებით ტვირთის გადაზიდვაზე. წლების განმავლობაში ლატვიურ პორტებს მნიშვნელობა არ დაუკარგავს და დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას წყლისა და ხმელეთის დაკავშირების მხრივ. ლატვიის ძირიტადი პორტებია: ლიეპაია, რიგა, ვენცპილსი. საქონლის გადაზიდვის 80% სწორედ ამ პორტებზე მოდის. მცირე პორტებს მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა აქვს. ლატვიის პორტებს შემდეგი უპირატესობები აქვს:

• ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვისა

• კარგად განვითარებული ინფრასტუქტურა

• გემები მოძრაობენ ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში

• განვითარებისათვის თავისუფალი ზონა

• სამრეწველო და დისტრიბუციის განვითარებისათვის შესანიშნავი პირობები

რიგისა და ვენცპილის პორტები უკვე 10 წელია თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ემსახურებიან.

ცხადია, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ლატვიის აეროპორტები. ლატვიაში სულ 42 აეროპორტია, აქედან 18 ასფალტირებული ასაფრენი ბილიკით, ხოლო, 24 არასფალტირებული ასაფრენი ბილიკით. თუმცა, აეროპორტებიდან ყველაზე დიდია რიგის საერთაშორისო აეროპორტი. ამ აეროპორტმა 2008 წელს 3.69 მილიონი მგზავრი მიიღო, რაც 2007 წელთან შედარებით 16.8%-ით მეტია. რიგის საერთაშორისო აეროპორტი პირდაპირ ფრენებს ასრულებს მსოფლიოს 32 ქვეყნის მიმართულებით.

ასევე საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაა მილსადენი ტრანსპორტის მხრივ. ლატვიის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანზიტო დერეფანი იქმნება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მაგისტრალური მილსადენებით. ამ მაგისტრალურ მილსადენებში შედის ორი ნავთობის მილსადენი და ერთი ნავთობპროდუქტების მილსადენი. ნავთობის მილსადენი პოლოცკი-ვენცპილსი წელიწადში 16 მილიონი ტონის ტევადობით ექსპლოატაციაში შევიდა 1968 წელს, ხოლო, დამატებითმა პარალელურმა ნავთობპროდუქტების მილსადენმა წელიწადში 5 მილიონი ტონა ტევადობით ფუნქციონირება დაიწყო 1971 წელს. ლატვიის ნავთობის სატრანზიტო დერეფანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად მომგებიან, ტექნიკურად თანამედროვედ და გარემოსთვის უსაფრთხო ნავთობის სატრანზიტო დერეფნად.

როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე დიდი წილი ეკონომიკაში მომსახურების სფეროს უკავია. ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემების მიხედვით 2013 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით ნოემბერში საცალო ვაჭრობაში ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა. საცალო ვაჭრობა საკვებ პროდუქტებში გაიზარდა 2.4%-ით, ხოლო, არასაკვებ პროდუქტებში – 0.4%-ით. საბოლოოდ, საერთო ჯამში, ოქტომბრის თვესთან შედარებით, საცალო ვაჭრობის ბრუნვა ბოლო წლის ნოემბერში 6.5%-ით გაიზარდა. შედარებისათვის, 2012 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით საცალო ვაჭრობის ბრუნვა 6.2%-ით შემცირდა. 2012 წლის ნოემბერთან შედარებით კი 2013 წლის ნოემბერში საცალო ვაჭრობის ბრუნვა 5.0%-ით გაიზარდა. საკვები პროდუქტისათვის ამავე მაჩვენებელმა 7.2%, ხოლო, არასაკვები პროდუქტისათვის – 3.7% შეადგინა, ავტომობილის საწვავის საცალო ბრუნვა კი იგივე დარჩა. ხოლო, თუ 2013 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდს განვიხილავთ, საცალო ვაჭრობის ბრუნვა საბოლოო ჯამში 3.8%-ით გაიზარდა.

ტურისტებს ლატვია იზიდავს, რადგან ეს ქვეყანა ძალიან კომპაქტურია. 500 კმ-იან ქვიშის პლაჟებამდე თავისუფლად შეგიძლიათ მიხვიდეთ ლატვიის ისტორიული ქალქებიდან, სადაც ერთმანეთს ერწყმის ბაროკოსა და არტ ნუვოს სტილი. გარდა რიგისა, ლატვიაში ბევრი სხვა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ქალაქის მონახულება შეგიძლიათ. ლატვიაში განვითარებულია ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა, მოგზაურებს შეუძლიათ ლატვიაში არა მხოლოდ დაისვენონ, არამედ შემეცნებითი ტურებიც მოაწყონ. მსოფლიო ბანკის 2012 წლის მოხსენების მიხედვით ლატვიაში 2010 წელს 1 373 000 ტურისტი იყო ჩასული.

1980-იანი წლების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა ლატვიაში პირველი დამოუკიდებელი გაზეთები გამოჩნდა, გაზეთების მიმოქცევამ და შინაარსმაც მნისვნელოვანი ცვლილებები გაიარა, მათ შორის პრივატიზაციის აქტიური პროცესი. “ბალტიკ თაიმსი” არის ინგისურენოვანი ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც რიგაში გამოდის. ლატვიის სახელმწიფო ტელევიზია ორ არხს გადმოსცემს. ბევრმა დამოუკიდებელმა, საკაბელო და სტელიტურმა არხებმა დაიწყეს ფუნქციონირება ლატვიაში, რომელთა ყურებაც სხვა ქვეყნებიდანაცაა შესაძლებელი. სატელევიზიო და რადიო მაუწყებლები საკმაოდ მნიშვნელოვან კონკურენტულ ბაზარს ქმნიან, რაც, ლოგიკურია, რომ მასმედიის თავისუფლების ხარისხსს მეტწილად განაპირობებს.

ჯანდაცვის სისტემა ლატვიაში სამი ნაწილისგან შედგება:

• გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

• მეორადი სამედიცინო დახმარება, რაც მოიცავს სპეციალიზებულ ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას

• უმაღლესი სამედიცინო მკურნალობა(მომსახურება), რაც მოიცავს მკურნალობას სპეციალიზებულ სამედიცინო ინსტიტუტებში პროფესიონალების მიერ ან მედიცინის სხვადასხვა სფეროს მუშაკების მიერ

საინტერესოა, ლატვიისა და მისი მეზობელი ქვეყნის ესტონეთის სხვადასხვა მონაცემის შედარება. წამალზე ხელმისაწვდომობა ესტონეთის მოსახლეობის 95%-ს აქვს, ხოლო, ლატვიაში მოსახლეობის 80%-ს. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ამ ქვეყნებისა თითქმის თანატოლია. თუმცა, მკურნალობაზე დახარჯული თანხის მიხედვით, ეს ორი ქვეყანა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ესტონეთში მკურნალობაზე ერთ სულ მოსახლეზე 243 დოლარი იხარჯება, ხოლო, ლატვიაში – 166 დოლარი. მშპ-დან კი ესტონეთშიც და ლატვიაშიც 5.1% იხარჯება ჯანდაცვაზე.

საინტერესო ფაქტია, რომ განათლებაზეც ესტონეთშიც და ლატვიაშიც თითქმის თანაბრად იხარჯება მშპ-დან, ორივე ქვეყანაში 5.7% და 5.8% იხარჯება. წიგნიერების დონეც ორივე ქვეყანაში თითქმის თანაბარია, ეს მაჩვენებელი ძალიან სახარბიელოა ორივე ქვეყნისათვის, ესტონეთში 99.77% მოსახლეობისა, ხოლო, 99.75% ლატვიის მოსახლეობისა. ასე, რომ ამ მხრივ ლატვიაში საკმაოდ კარგი ვითარებაა.

როგორც ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლატვია განვითარების გზას ადგას, მისი ეკონომიკა, მეურნეობის თითოეული სექტორი, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, ყოველწლირად იზრდება, ხოლო, მესამეული/მეოთხეული დარგები კიდევ და კიდევ ვითარდება, რასაც მოწმობს ლატვიაში გაზრდილი ინვესტიციები, განათლების მაღალი დონე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი. ლატვია ღირსეულად იკავებს ევროპის სრულფასოვანი ქვეყნის პოზიციას.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0