x
image
worldsport.ge
მედეა მხეიძე: “საქართველოს ნაკრებს მწვრთნელის სახით “სისხლის გადასხმა” არ აწყენდა”

image საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ქუთაისი” ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. რიონისპირელები დისციპლინირებულ, სოლიდურ თამაშს უჩვენებენ მაყურებელს. ამაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძესთან ერთად მედეა მხეიძესაც მიუძღვის. მოთამაშეობისას ქალბატონ მედეას უდიდესი საკალათბურთო გამოცდილება დაუგროვდა და მას შეგირდებს უზიარებს. ქუთათურთა დამრიგებელს გასულ შაბათს, მისი გუნდის “მაკაბისთან” შეხვედრის შემდეგ შევხვდით და მკითხველისთვის საინტერესო ინტერვიუც ჩავწერეთ.
- ქალბატონო მედეა, თქვენი საკალათბურთო კარიერა შევახსენოთ კალათბურთი გულშემატკივარს...
- კალათბურთის თამაში თბილისის “ნორჩ დინამოელში” ტალიტა ჩერმაკიანთან დავიწყე. ბავშვობაში ჩემი დამრიგებლები გივი ჩახავა და გარი არუთინოვიც იყვნენ, რომელთა ხელმძღვანელობითაც საკავშირო მოსწავლეთა სპარტაკიადებზე ვიასპარეზე. მითამაშია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ და ხალხთა სპარტაკიადებზეც. 16 და 18 წლამდელ გოგონათა საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ ევროპის ჩემპიონი გავხდი (ტურნირები იუგოსლავიასა და ბულგარეთში ჩატარდა), 1989-ში კი ბილბაოში გამართულ ახალგაზრდულ (U-20) მუნდიალზე ოქროს მედალი მოვიპოვე. საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატი ვიყავი, მაგრამ თანამეგობრობის გუნდის რიგებში თამაშმა არ მომიწია. საქართველოში საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში, “გპი”-ს გუნდში ვთამაშობდი, 1991 წელს კი საბერძნეთს მივაშურე. კალამარიას “აპოლონში” 1996 წლამდე ვიასპარეზე და გუნდთან ერთად ელადელთა ჩემპიონიც და თასის მფლობელიც არაერთხელ გავხდი. 1996-98 წლებში კალათბურთს ჩამოშორებული ვიყავი, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ვითამაშე. საკლუბო დონეზე გამოსვლა საბერძნეთში განვაახლე, ამჯერად სალონიკის “მენტის” შემადგენლობაში. ამ გუნდთან ერთად ქვეყნის თასი ავიღეთ, ჩემპიონატში კი ვერცხლის მედალი დავიმსახურეთ. შემდეგ იყო თურქეთი. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქ ჯეიხანის “ბოტაშის” რიგებში გამოსვლისას “საკალათბურთო ჰეთ თრიკი” შევასრულეთ – ჩემპიონობასა და თასს, პრეზიდენტის (სუპერთასის) თასზე გამარჯვებაც მივაყოლეთ. კარიერა ისრაელში განვაგრძე, სადაც ტრავმა მივიღე. ვითამაშე რუსეთშიც. ნოვოსიბირსკის “დინამოსთან” ერთად ბრინჯაოს მედალოსანი გავხდი, დავბრუნდი “ბოტაშში” და ტრავმის გამო კარიერის დასრულება მომიწია.
- აქტიური საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა რატომ გადაწყვიტეთ?
- “აპოლონში” თამაშისას ამერიკამოვლილი დამრიგებელი გვყავდა და სწორედ მან მირჩია, კარგი იქნებოდა, მწვრთნელობაზე გეფიქრაო. თავდაპირველად უარზე ვიყავი. მწვრთნელობა რთული პროფესიაა და მას სათანადო გამოცდილება სჭირდება. ჩემი აზრით, განსაკუთრებით რთული მოზარდებთან მუშაობაა. როდესაც ბავშვებთან იწყებ ურთიერთობას, საამისოდ ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. დამრიგებელმა მოზარდებში უარყოფითი ემოცია არ უნდა გააღვივოს. მწვრთნელად გახდომაში მეუღლის გამოცდილებამაც სტიმული მომცა. საქართველოში, ქუთაისში დაბრუნების შემდეგ მწვრთნელობას შევუდექი. მოთამაშეებთან ერთად როგორც მწვრთნელი ვყალიბდებოდი და ვიზრდებოდი. შეკრებებს, ვარჯიშებს ერთად გავდიოდით. ჩვენი ურთიერთობა თანდათან მედიკო-დეიდადან მედიკო-მასწავლებელში გადაიზარდა. პედაგოგთა ოჯახიდან ვარ და ამანაც გამიადვილა სადამრიგებლო პროფესიასთან ადაპტირება. ამასთან, დედა, ინგა მხეიძე, სპორტსმენი, მძლეოსანი იყო, ამიტომაც ადრეული ასაკიდან სასპორტო და სადამრიგებლო კარიერა ჩემთვის უცხო არ გახლდათ.
- მიმდინარე სუპერლიგაზე გადავიდეთ. კმაყოფილი ხართ “ქუთაისის” გამოსვლით?
- უკმაყოფილო ვარ. გუნდის პოტენციის მხოლოდ 60-70 პროცენტია რეალიზებული. საამისო მიზეზი უპირველესად ჩვენი მოედნის არასტანდარტული საფარია. ვცდილობთ, კალათბურთელები ტრავმას ავარიდოთ. სავარჯიშო პირობების თვალსაზრისით ყველაზე უარეს მდგომარეობაში ვართ. ყოველმხრივ შევეცდებით, პლეი ოფისთვის პოტენციალი ავამაღლოთ. ახლა რთულ პერიოდში შევდივართ. როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე გადამწყვეტი მატჩების ჩატარების პერიოდი დაგვიდგა. “არმიასთან” თასის ნახევარფინალის 2 პაექრობა გველის, სუპერლიგაში კი ჯერ “ბათუმთან”, შემდეგ “შსს აკადემიასთან” მოგვიწევს თამაში.
- რეგულარულ პირველობაზე მონაწილე გუნდებიდან რომელ კოლექტივებს გამოარჩევდით?
- “დინამოს”, “არმიას”, “შსს აკადემიასა” და “ქუთაისის” კარგ თამაშს გამოვარჩევდი. მთლიანობაში მიმდინარე ჩემპიონატს რაც შეეხება, უკეთეს დონეს ვისურვებდი. შარშანდელთან შედარებით ლეგიონერებმა იკლო და ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენში ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელების ნაკლებობაა. ლეგიონერების რაოდენობას რაც შეეხება, ჩემი აზრით გუნდებს 3 უცხოელზე მეტის ყოლის და მოედანზე ერთდროულად ორის გაყვანაზე მეტის უფლება არ უნდა მიეცეთ.
- ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ სახელმწიფოს მიერ სპორტის სახეობების დახმარება-დაფინანსების თემაზე. პირადად თქვენ როგორ გესახებათ, სახელმწიფოს მიერ კალათბურთის ხელშეწყობა?
- უპირველესად სახელმწიფო პროგრამაა შესამუშავებელი და შემდგომში მისი რეალიზაცია განუხრელად უნდა მოხდეს. უმნიშვნელოვანესია ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის განვითარება. საამისოდ კლუბებს მიზანმიმართული და აქტიური მუშაობა მართებთ. აუცილებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკალათბურთო კერები გაუქმდა. შეძლებისდაგვარად სასწრაფოდ უნდა აღდგეს ვერის ბაღისა და ყოფილი ლენინის დარბაზის კომპლექსები. კალათბურთი საქართველოში სპორტის გამორჩეული სახეობაა. ჩვენ კლუბებსა და ცალკეულ მოთამაშეებს საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ტრიუმფისთვის მიუღწევიათ. ჩვენი ვალია, საკალათბურთო მომავალიც ნათელი გვქონდეს. საამისოდ კი ბაზების რეაბილიტაციისა და ბავშვთა კალათბურთის განვითარებასთან ერთად, სადღეისო საქმეებზეც ზრუნვა გვმართებს – უნდა გავზარდოთ ჯანსაღი კონკურენცია, გუნდებს სპარინგ-პარტნიორების მოძიებაში დავეხმაროთ, კლუბების ამხანაგური და ოფიციალური მატჩების ჩატარება ვუზრენველყოთ.
- ევრო2015-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდი ჩეხეთთან, უნგრეთსა და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა. რას იტყოდით ჩვენი ნაკრების სამომავლო მეტოქეებზე?
- ჩეხები სწრაფ, ევროპულ კალათბურთს თამაშობენ და მათი ძალა კონტინენტის გასულ პირველობაზე საკუთარ თავზე გამოვცადეთ. კარგი გუნდი ჰყავს უნგრეთს. მადიართა რჩეული საკალათბურთო კოლექტივის თამაში ბოლო ხანს ორჯერ ვნახე და მათი შეუფასებლობა არაფრით შეიძლება. ჩვენ ნაკრებს რაც შეეხება, მუშაობა ქართული საკალათბურთო სკოლის თავისებურებებით უნდა გაგრძელდეს. რთულია, ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში მოთამაშეების ერთ აწყობილ მექანიზმად მოყვანა. სათამაშო სტილის გარკვევის და ჩამოყალიბების პროცესში სირთულეს ვაწყდებით. ეროვნული გუნდის ძირითადი ბირთვი მნიშვნელოვანი მატჩების თუ ტურნირების წინ გვიან იკრიბება. ჩემი აზრით, შუალედებში შეკრება უნდა დავგეგმოთ. ცხადია, ნაკრების ყველა წევრს ერთად თავს ვერ მოვუყრით, მაგრამ 7-8 კანდიდატის ერთად შეკრებაც მნიშვნელოვანია. უნდა ჩამოვაყალიბოთ მეორე ნაკრები და სტუდენტური ლიგა, მეტი ყურადღება დავუთმოთ 18-20 წლამდელთა პირველობებს.
- აქტუალურია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხიც. თქვენი აზრით, იგორ კოკოშკოვი მთავარ მწვრთნელად უნდა დარჩეს?
- კოკოშკოვს ჩვენთან მუშაობის გამოცდილება დაუგროვდა, მოთამაშეებთან მეტ-ნაკლებად გაშინაურებულია, მათი შესაძლებლობები იცის. ეს სერბი სპეციალისტის პლუსია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ახალი მთავარი მწვრთნელის სახით საქართველოს ნაკრებს “სისხლის გადასხმა” არ აწყენდა.
- თქვენთა საუბრისას შეუძლებელია ქალთა კალათბურთზეც არ ვთქვათ. რა პერსპექტივას ხედავთ საქართველოში?
- ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან კონსულატაციებს გავდივარ. პროგრამა უნდა შევიმუშავოთ, გეგმა დავსახოთ და მის ასრულებაზე ენერგიულად ვიმუშავოთ. 2015 წელს თბილისში ჩასატარებელ ოლიმპიურ ფესტივალზე მაღალი შედეგის იმედი არ უნდა გვქონდეს, თუმცა, ტურნირი ჩვენში ქალთა კალათბურთის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. უახლოეს გეგმას რაც შეეხება, გაზაფხულზე დასავლეთ რეგიონის სარვამარტო შეჯიბრებას ჩავატარებთ. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება გადავწყვიტოთ, რომელი ასაკის გოგონებიდან დავიწყოთ მუშაობა.
- ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელობა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?
- სასარგებლო საქმის კეთება სხვა სტატუსითაცაა შესაძლებელი. მთავარია სწორი მიმართულება დავსახოთ და მის რეალიზებას გულიანად შევუდგეთ. საქმისადმი მიდგომა ფორმალური არ უნდა იყოს. მაგალითს რაც შეეხება, თურქების გამოცდილების გაზიარება ნამდვილად არ გვაწყენდა. ჩვენი მეზობლები დაახლოებით 15 წლის წინათ შეუდგნენ ქალთა კალათბურთის აღორძინებას და შედეგიც ბრწყინვალე მიიღეს. თურქები ქალთა კალათბურთის მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლები არიან. ამგვარი პატივი კი მათ სათანადო შედეგისა და ავტორიტეტის მიღწევის შედეგად მოიპოვეს.



გოჩა კაჭარავა

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0