x
image
worldsport.ge
“GEORGIA, SOKHUMI” ადლერის (სოჭი) ოლიმპიურ სტადიონზე

image“მსოფლიო სპორტის” მკითხველებმა ბევრი რამ იციან იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ადლერში (სოჭი) ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. მე კი მოგიყვებით იმაზე, რაც ჩემი თვალით ვნახე და იმას, რაც სატელევიზიო ტრანსლაციის და საინფორმაციო სიუჟეტების მიღმა დარჩა.
იმ ტერიტორიაზე, სადაც მთავარი ოლიმპიური სტადიონი “ფიშტი” მდებარეობს, ცერემონიის დაწყებამდე 3 საათით ადრე შევედი. ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა ათასზე მეტი მოხალისე, რომელთა შორის ადლერ-სოჭში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ, რომლებმაც ოლიმპიურ ობიექტებზე მუშაობის უფლება გარკვეული კონკურსების გავლის შემდეგ მიიღეს. სიტყვები არ მეყოფა იმ გრძნობების გადმოსაცემად, რომლებიც მათ განიცადეს ჩემს ტანსაცმელზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის და წარწერის “Georgia” დანახვაზე! ოლიმპიადაზე მომუშავე მოხალისეებს შორის არიან ზუგდიდიდან და თბილისიდან რუსეთში საცხოვრებლად წასული ჩვენი თანამემამულეები, დევნილები სოხუმიდან, გაგრიდან, გულრიფშის და გალის რაიონებიდან. მათ მთხოვეს გადმომეცა სოჭი-ადლერში მცხოვრები ქართველების თხოვნა: რაც შეიძლება ხშირად ჩამოვიდნენ სოჭში ქართული ანსამბლები, კულტურის მოღვაწეები, სპორტული გუნდები. ისინი ყველაფერს ტელევიზიით უყურებენ, კითხულობენ ინტერნეტით, მაგრამ სურთ ცოცხლად ნახონ ჩვენი ანსამბლები, საქართველოს საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები, თეატრალური დასები. ისინი ამბობენ: თბილისი-სოჭის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის შემდეგ კონტაქტები უფრო გაადვილდებაო.
რაც შეეხება თვითონ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას – ტრიბუნებზე ანშლაგი იყო, მაგრამ ამას პრესის ლოჟაზე ვერ ვიტყვით, ზოგან თავისუფალი ადგილებიც შეინიშნებოდა. ორგანიზატორებმა და მედიაცენტრის თანამშრომლებმა ეს იმით ახსნეს, რომ ჯერ ყველა ჟურნალისტი არ ჩამოსულა და თავისუფალი ადგილებიც ამიტომ დარჩაო.
პრეს-ლოჟაში გერმანელ, რუს, იაპონელ, უკრაინელ და მოლდოველ ჟურნალისტებთან ერთად ვიჯექი. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაციები კოლეგებზე და ვისაუბრეთ სპორტზე. მათ შეამჩნიეს, რომ საქართველოს დროშასთან ერთად მქონდა პლაკატი წარწერით “Georgia, Sokhumi”. ზოგიერთი კოლეგა მიმიხვდა ჩანაფიქრს - ეს პლაკატი ჩვენი სპორტული დელეგაციის სტადიონზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე რომ უნდა ამეწია. კოლეგებმა გამაფრთხილეს: “მოემზადე, მალე საქართველოს დელეგაცია გამოვა”. პლაკატი “Georgia, Sokhumi“ 5 წუთის განმავლობაში მქონდა აღმართული – ვიდეოოპერატორები და ფოტოკორესპონდენტები მთხოვდნენ, პლაკატთან ერთად სხვადასხვა მხარეს შევტრიალებულიყავი რათა უკეთ გადაეღოთ ეს ეპიზოდი.
ეს ყველაფერი პრეს-ლოჟის იმ ნაწილში ხდებოდა, რომელიც საპატიო სტუმრების ლოჟის გვერდით და VIP-ლოჟის ქვემოთ იყო. საპატიო სტუმრების ლოჟიდან გავიგონე მისასალმებელი შეძახილები: "ბიჭო! გრუზია!”.
ვხედავდი, რომ სტადიონზე მიმავალმა ჩვენი სპორტული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმაც დაინახა ეს პლაკატი პრეს-ლოჟის ტრიბუნაზე და ხელით მომესალმა, წინასწარ არ მითქვამს, ეს პლაკატი სოჭში რომ მომქონდა და ამიტომ მათთვის ეს ამბავი მოულოდნელი იყო.
იქვე პრეს-ლოჟაში რამდენიმე ჩემმა კოლეგამ კომენტარი მთხოვა "Georgia, Sokhumi" წარწერის შესახებ. მე მათ ჩემი პოზიცია ვუთხარი: “საქართველო ჩემი ქვეყანაა, სოხუმი კი – ჩემი მშობლიური ქალაქი. მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება და ეს მშვიდობიანად, ყველა მხარის თანხმობისა და კომპრომისის შედეგად მოხდება - მეთქი”.
ზოგიერთ ჩემს კოლეგას თურმე ვუნახივარ ამ პლაკატით ევრობასკეტზე სლოვენიაში 2013 წლის სექტემბერში და ლატვიაში იურმალაში 2013 წლის ივლისში.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდნენ რუსეთის, უკრაინის, ჩეხეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების რიგი ტელეარხების, ფოტოსააგენტოების და სპორტული გამოცემების წარმომადგენლები და ინტერვიუ მთხოვეს ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის თაობაზე. იმის შესახებ, თუ რა უსწრებდა წინ ამ გადაწყვეტილებას თვით საქართველოში – ვინ უჭერდა მხარს მათ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაზე და ვინ იყო წინააღმდეგი. ამავე დროს მისვამდნენ წმინდა პოლიტიკურ კითხევბს. ამაზე მე მათ ვუპასუხე: “პოლიტიკურ კითხვებზე მხოლოდ პირდაპირ ეთერში გიპასუხებთ, რათა ჩემი სიტყვები თვითნებურად არ დაამონტაჟონ, ამოჭრან და ა.შ.”კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტყვებს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ სტადიონის ტერიტორიაზე ჩემთან მოვიდა ასევე სოჭში მცხოვრები რამდენიმე ჩვენი თანამემამულე, რომლებიც მაყურებლის სტატუსით ესწრებოდნენ გახსნას. მთხოვეს, ქართველი ხალხისთვის მოკითხვა გადმომეცა. ძალიან ენატრებათ სამშობლო და საქართველოდან სპორტსმენების სოჭში ჩამოსვლა მათთვის დიდი სიხარულია. რამდენიმე მათგანმა მითხრა, რომ დაესწრებიან ქართველ მოთხილამურეთა და მოციგურავე ელენე გედევანიშვილის გამოსვლებს და უგულშემატკივრებენ მათ.
თენგიზ პაჭკორია, ადლერი (სოჭი), სპეციალურად www.worldsport.ge –თვის

1
244
5-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
244
  
2014, 10 თებერვალი, 13:51
ეს სტატია ადმინისტრაციამ წესით მთავარზეც უნდა დადოს და ფეისბუქის გვერდზეც რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს... ტყუილად რომ ლანძღავდნენ ჩვენ სპორტსმენებს იქ წასვლის გამო,იმედია ამ სტატიის ნახვის შემდეგ აზრი შეეცვლებათ ზოგიერთებს. მეამაყება ეს ადამიანი ძალიან
0 1 1