x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაფერი მოგვარდება... "როდინობის კვირაში"!
აი, ბატონო! - კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ჩემი "პროვოკაციების" რედაქციისათვის ჩაბარების ვადები მიქმნის - როგორც არაერთხელ დავიჩივლე, სამშაბათს ნაშუადღევს უნდა ჩავაბარო და ასეც ვაკეთებ, მაგრამ დღეს საღამოს ჩვენი პრეზიდენტი პარლამენტში რომ უნდა მივიდეს?!
რა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ბევრ ჩემთვის საინტერესო რამეს იტყვის, თუ რა?!
გადაშლით ჟურნალს ზეგ, წაიკითხავთ ამ ჩემს ნაწერს და იტყვით, გუშინწინ იმ კაცმა ისეთი რამ განაცხადა და ეს რაებს ბოდიალობსო?! და მართლები იქნებით, მაგრამ რა ვქნა?
ამიტომ ასეთი რამ გადავწყვიტე: იმაზეც ვისაუბრებ, რაც გასულ დღეებში "თქვა და ქმნა" და იმის გამოცნობასაც შევეცდები, რას იტყვის პარლამენტში... (ჰო, დღეს ოპოზიციაზე არ ვილაპარაკებ - ამ კვირაში განსაკუთრებული სისულელე არ ჩაუდენიათ)


მაშ ასე: ჯარისკაცებთან მორიგი შეხვედრისას და, რაც მთავარია, ისევ "იმ"(!) ქურთუკში გამოწყობილმა პრეზიდენტმა, სხვა კარგ რამერუმეებთან ერთად, ესეც გვახარა: უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ისრაელისა და საბერძნეთის მთავრობებთან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თაობაზეო!!!
ეს "პროვოკაციები" "კვირის პალიტრის" საიტზე იდება ხოლმე (წწწ.კვირისპალიტრა.გე) და ხანდახან ისეთი კომენტარები მოდის, ყურში არ შეიშვება და თვალით არ დაინახვება. ჰოდა, ახლაც რომ არ მომდგნენ და არ მლანძღონ, - შენ არაფერი მოგწონს, კრიჭაში უდგახარ "ნაციონალებს", ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთოსო?! - მათთვის პასუხად "ფეისბუკზე" ჩემი გვერდი მაქვს გამზადებული, სადაც სააკაშვილის ამ გამოსვლისთანავე საჯაროდ განვაცხადე (თარიღი და საათიც აწერია): "ეს თუ ჯვრის მონასტერს დაიბრუნებს, "ნაციონალების" გარდა ცხოვრებაში ხმას არავის მივცემ და მის წინააღმდეგაც აღარასოდეს არაფერს ვიტყვი და არც დავწერ!"

მაგრამ რა?! - როგორც ერთ ძველ ქართულ სპექტაკლში ამბობდა ეროსი მანჯგალაძე: "მაგრამ რა?! მივლალევი შინა და ყველანი იზდოხლი!"
აი, ეგრე "იზდოხლი" ის დაპირებაც, რადგან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხოლო XXI საუკუნეში ამბავი სწრაფად ვრცელდება, მით უმეტეს, ისეთ მცირე მანძილზე, როგორიც საქართველოდან ისრაელამდეა, და იქიდანაც არ დააყოვნა რეაქციამ: მაგ ბიჭს მიხედეთო... ანუ, ოფიციალურ-საგაზეთ-ჟურნალო ენით რომ ვთქვათ, არავითარი მოლაპარაკების შესახებ ჩვენ არ გვსმენიაო, - ისრაელის მთავრობის პრესსამსახურმა!

ახლა შესავალში ნათქვამ "გამოცნობასაც" ვცდი (ანუ რას იტყვის სააკაშვილი პარლამენტში ამასთან დაკავშირებით, დაახლოებით ორ საათში): თითქმის დარწმუნებული ვარ, ბრძანებს - ინფორმაცია ჯერ კონფიდენციალურია და ისრაელი ამიტომ არ ადასტურებსო!
რადგან "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული ჩემი დაპირება გაგაცანით (და კვლავაც ვადასტურებ, რომ თუ მართლა დაუბრუნებს საქართველოს ჯვრის მონასტერს, მისი მეხოტბე ვიქნები "უკუნითი უკუნისამდე"), აქ კიდევ ერთ პირობას დავდებ: ეს თუ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, სანამ სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკურ ასპარეზზე იქნებიან, მათი კრიტიკითა და ლანძღვით (დამსახურებულით!) არ დავიღლები, რადგან ამოვიდა უკვე ყელში - ძალიან ვცდილობ და სასაცილო-საღადაოსაც სულ უფრო ძნელად ვპოულობ და მართლა ყოველ კვირაში საჯაროდ ლანძღვა-გინება უკვე მეც მეუხერხულება...

ეეეჰ, არადა, რა კარგი იქნებოდა, ისრაელის მთავრობას ასე მალე რომ არ უარეყო ეს ამბავი, მაშინ მომავალ კვირაში "დაგვაბოლებდა" პრეზიდენტი: მოლაპარაკებას ვმართავთ რუსეთთან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზეო; იმის შემდეგ კვირაში: სომხეთთან უკვე მოგვარებულია ლორეს დაბრუნების საკითხიო; კიდევ იქითა კვირაში: აზერბაიჯანი დაგვთანხმდა საინგილოს დაბრუნებაზეო; გავა კიდევ კვირა და: არ გაგიგიათ?! თურქეთმა უკვე დაგვიბრუნა ტაო-კლარჯეთიო!
ამასობაში არჩევნებიც მოვა და: ნაურუ და ვანუატუ ითხოვენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას და მალე ისინი ჩვენი სტრატეგიული რეგიონები გახდება ოკეანეთშიო...
ყველა ეს კვირა რომ რეალურად "როდინობის კვირაა", ეგ არაფერი, დაპირება თავის საქმეს მაინც გააკეთებდა, მაგრამ ამ ისრაელის მთავრობამ ყველაფერი გააფუჭა, რა!

P.S.ოპოზიციას არ ვახსენებ-მეთქი და მაინც მომიწევს, ოღონდ ისევ ხელისუფლების "ნიჭიერებასთან" დაკავშირებით: ივანიშვილი "გამოიჭირა" კონტროლის პალატამ ფულის "გათეთრებაზე"!
ახლა მთავარი: 20 ათას დოლარს "ათეთრებდა"!
ივანიშვილი!!!
ეტყობა, მზესუმზირის ყიდვა მაინცდამაინც "თეთრი ფულით" უნდოდა! დე-ბი-ლე-ბოოოო!!!

P.P.S. კიდევ ერთი ვარაუდი რომ გამოვთქვა პრეზიდენტის გამოსვლამდე, რა იქნება? გაბედული ვარაუდი... ოღონდ თუ არ გამართლდა, არ გამლანძღოთ: ახლა რომ თქვას პარლამენტში, არჩევნები შემოდგომაზე კი არა, გაზაფხულზე, თუნდაც მაისში ჩავატაროთო, ვინ დაუშლის?!

პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"image

0
570
1-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
570
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0