x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დისპოზიციური განწყობა და მისი ფუნქციები
არსებობს სიტუაციური, მომენტალური განწყობები, რომლებიც ადამიანს კონკრეტული ქცევის წინ ექმნება, გარკვეულ სიტუაციაში
ჩნდება, მოქმედებს და აღიკვეთება მიზნების მიღწევის შემდეგ, ასევე მის საფუძველზე განხორციელებული ქცევა მთავრდება.თუმცა ჩვენ აქ არ გვექნება საუბარი ამ სახის განწყობაზე. ჩვენ ვისაუბრებთ
დისპოზიციურ განწყობაზე, რომელიც სიტუაციური განწყობებისგან განსხვავებით არ არის დროებითი, მომენტალური ფსიქიკური მდგომარეობა. მასში იგულისხმება ადამიანის მყარი ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ადამიანს გამოცდილების პროცესში ჩამოუყალიბდა. ისინი სხვადასხვა ხარისხით ყოველთვის
ახდენენ შესატყვის გავლენას ადამიანის აქტივობაზე. ეს უმეტესად იმითაა განპირობებული, თუ შინაარსეულად რამდენად არიან ისინი დაკავშირებული ადამიანის მოცემულ ქცევასთან. დისპოზიციური განწყობები პიროვნების მახასიათებელ თვისებებს წარმოადგენენ, მათში გამოხატულია პიროვნების ორიენტაციები, გამომუშავებული მიდრეკილებები, რომლებიც განსაზღვრავენ იმას, თუ რა საქმეს მიემხრობა ან რის წინააღმდეგ იბრძოლებს ადამიანი, რას შეაფასებს
დადებითად ან უარყოფითად, რისგან მიიღებს სიამოვნებას ან უსიამოვნებას. აქ შეიძლება გამოიყოს ორი ასპექტი:

პირველი ასპექტია განწყობის ვალენტური დამოკიდებულება სინამდვილის მოვლენების მიმართ. ვალენტური დამოკიდებულება გამოიხატება გარკვეულ საგანთა კლასის მიმართ მიმართულებაში: განწყობა ამ საგნებისადმი
შესაძლებელია მიზიდულობაში ან განზიდულობაში გამოიხატებოდეს;


მეორე ასპექტია მისი გარკვეულ ღირებულებაზე მიმართულობა.

დისპოზიციური განწყობა გარკვეული ქცევის განწყობის გაფიქსირებით ყალიბდება. იგი განმტკიცებისა და სტაბილიზების შემდეგ პიროვნების ნიშნად იქცევა და მის ზოგად ტენდენციას გამოხატავს.

როგორც ზემოთ ვთქვით, დისპოზიციური განწყობა ადამიანს უშუალოდ ქცევის წინ არ ექმნება. იგი მას წარსულ გამოცდილებაში
აქვს ფორმირებული. ადამიანს ბავშვობიდანვე უყალიბდება თანდათანობით დამოკიდებულებები საგნობრივი სინამდვილისადმი, სოციალური გარემოსადმი. საზოგადოება ბავშვს ახვედრებს ორგანიზებულ სოციალურ გარემოს, რომელშიც ხდება მისი ძალების ფორმირება და ჩამოყალიბება. ეს არის ასაკობრივი გარემო – მზა დისპოზიციების მატარებელი გარემო. უნდა აღინიშნოს, რომ ასაკობრივი გარემო საგნობრივი და სოციალური სინამდვილის გარკვეული ურთიერთობის საფუძველზეა აღმოცენებული. ამიტომ ბავშვის ფსიქიკა იმთავითვე საგნობრივი სინამდვილისა და სოციალურ ურთიერთობათა შესატყვისად ვითარდება. ადამიანის ქცევა ბავშვობიდანვე სოციალური გარემოს დიდ ზეგავლენას განიცდის და მის ფსიქიკაში ისეთი ასპექტების განვითარება ხდება, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის სოციალურ აქტივობას. ბავშვის პირადი გამოცდილება სოციალური გამოცდილების სახით ფორმირდება გარკვეული ენობრივი სისტემის დონეზე. ადამიანის ფსიქიკურ აქტივობაში სოციალურ ურთიერთობათა გათვალისწინება, სოციალურ ფასეულობათა ანგარიშის გაწევა მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, როდესაც ადამიანი გრძნობად –საგნობრივი მონაცემების „იქით, მიღმა“ მათ მნიშვნელობას სწვდება. ამგვარი მნიშვნელობების გაგება, შესწავლა კი შესაძლებელი ხდება უფროსების მიერ სიმბოლური ენის სისტემის გამოყენებით. საგანთა შესაძლო მნიშვნელობები და საზრისები ბავშვების მშობლიურ ენაშია ფიქსირებული.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დისპოზიციური განწყობის
ჩამოყალიბების ერთ–ერთი გზაა მაგალითად მიბაძვა. მიბაძვის ტენდენცია, რომელიც ინდივიდებს გამოცდილების პროცესში უყალიბდებათ, როგორც ირკვევა, ყველაზე დიდ გავლენას თურმე ინდივიდის განწყობასა და განწყობათა სისტემაზე ახდენს.

ამ გზით ადამიანები სწავლობენ ქცევის წესებსა და რეგულირებას, აღზრდის რომელიმე მეთოდისა და საშუალების გამოყენების გარეშე. მიბაძვა არის, მაშასადამე, განწყობის სპონტანური ფორმირება. მართლაც განწყობათა უმრავლესობა ბავშვებს მიბაძვის გზით უყალიბდებათ. ბავშვები მათ და უნებურად მშობლებისგან იღებენ განწყობებს სინამდვილის, საზოგადოებისა და თავის თავის შესახებ.
როგორც წეღან აღვნიშნეთ, ადამიანები ერთმანეთის განწყობებს სწვდებიან ისეთი ლინგვისტური მახასიათებლების საფუძველზე, როგორიცაა წინადადების სიღრმე, ფრაზების სიგრძე ან წინადადების
გრამატიკული ფორმა. ენა არის არხი, რომლითაც შესაძლებელი ხდება განწყობათა სრულიად უნებური ტრანსპორტირება ადამიანებს შორის. ზოგჯერ ადამიანები პიროვნებების ისეთ განწყობებს ბაძავენ, რომლებიც სულაც არაა მოსაწონი, მისაბაძი, სოციალურად მისაღები.

განწყობის ფორმირების კიდევ ერთ გზას იდენტიფიკაცია წარმოადგენს. იდენტიფიკაცია არის ფსიქიკური აქტივობა, როდესაც ინდივიდი თავის თავს სხვა პიროვნებასთან აიგივებს. იდენტიფიკაციისას ადამიანი, როგორც წესი, ცნობიერად
ახდენს სხვისადმი მიბაძვას, გაიგივებას. იდენტიფიკაციის საფუძველზე განწყობათა ფორმირება ამა თუ იმ ხარისხით ყოველ ასაკობრივ დონეზე ხდება. მას განსაკუთრებით ხშირად აქვს ადგილი
ისეთ სიტუაციებში, სადაც ადამიანს თავისი საკუთარი პიროვნული განწყობების სისტემის საფუძველზე არ შეუძლია მოქმედება. ეს განსაკუთრებით ხდება გარდატეხის ასაკში, რაც მათ ეხმარებათ შინაგანი სამყაროს განვითარებაში, მე–ს ფორმირებაში.

ადამიანთა განწყობების მთლიანი სისტემის ფორმირებაზე არსებით გავლენას ახდენს სოციალური როლები. როლების მიღება და როლებთან იდენტიფიკაცია სოციალური განწყობის ჩამოყალიბების ერთ–ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს. ადამიანი შესაძლებელია ისე ასრულებდეს რომელიმე სოციალურ როლს, რომ იგი შინაგანად მიღებული არ ჰქონდეს. გარკვეული სოციალური როლის მიღება გულისხმობს იმ სოციალური მოლოდინების მიხედვით თავისი საქმიანობის წარმართვას, რომელიც საზოგადოებას აქვს როლის მიმღები სუბიექტის მიმართ. სოციალურ როლებთან დაკავშირებული მოლოდინების ქცევაში გათვალისწინება რთულა ცნობიერ აქტივობას გულისხმობს, რადგან იგი ორმხრივ: სოციალურ–ფსიქოლოგიურ აქტივობას წარმოადგენს. მასში წარმოდგენილია საზოგადოების მოლოდინები სუბიექტის მიმართ, სუბიექტის მოლოდინები
საზოგადოების მიმართ და სუბიექტის განცდა იმისა, რომ მოლოდინები საზოგადოების მიმართ გათვალისწინებულია. ცალმხრივი სოციალური მოლოდინები არ იწვევენ მის შესატყვის განწყობათა აქტივაციას.

ზემოთ ჩამოთვლილი განწყობის ჩამოყალიბების გზების გარდა მნიშვნელოვანია სოციალური განმტკიცების მოვლენა. განწყობა და მის საფუძველზე აღმოცენებული ქცევა შეიძლება გაფიქსირდეს ან უკუგდებულ იქნას სოციალური ზემოქმედებით იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულებას იჩენენ ამ ქცევის მიმართ სხვა ადამიანები, კოლექტივი.

როგორც ვხედავთ, პიროვნების დისპოზოციური განწყობა რთულ სოციალურ ვითარებაში ყალიბდება. იგი ძირითადად მიმდინარეობს არაცნობიერად, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა არაცნობიერი პროცესები შეფერხდეს და საჭირო გახდეს ნებელობის დახმარება და რთული ცნობიერი აქტივობა. მაგალითად როგორც წეღან ვახსენეთ, ეს სოციალური როლის მიღება– არ მიღებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დისპოზიციური განწყობისა და ქცევის მიმართებას, დისპოზიციური განწყობა, როგორც წარსული გამოცდილება
თავისთავად არ იწვევს ინდივიდის ქცევას. ამისათვის აუცილებელია ქცევის აქტუალური განწყობის აღმოცენება. დისპოზიციური განწყობის რეალიზაციის ფორმა შეიძლება იყოს სიტუაციური განწყობა.
ინდივიდი თავის ქცევას აქტუალურ განწყობად ქცეული ფიქსირებული განწყობის საფუძველზე ახორციელებს.

დ. კაცის აზრით, განწყობა 4 ძირითად ფუნქციას ასრულებს: სინამდვილესთან შეგუების, „მე“–ს დაცვის, პიროვნების
ღირებულებების გამოხატვისა და ცოდნის მიღება–ორგანიზაციის. განვიხილოთ უფრო დავწრილებით თითოეული მათგანი:

- სინამდვილესთან შეგუების ფუნქცია – განწყობა ადამიანს სინამდვილესთან შეგუებაში ეხმარება. გარემოსთან შეგუება მოითხოვს იმას, რომ ადამიანმა წარმატებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, მოიპოვოს საჭირო საგნები და მოვლენები და განერიდოს მავნე ზემოქმედებას. თავისი აქტივობის პროცესში ადამიანებს მრავალ ობიექტთან უხდებათ ურთიერთობა, ზოგიერთი მათგანი ხელს უწყობს, ზოგი კი –პირიქით, ხელს უშლის მათ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის მიმართულ ქცევაში.
ადამიანებს ექმნებათ დადებითი განწყობა იმ ობიექტების, ადამიანებისა და სოციალური ღირებულებების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნილებებს ან ხელს უწყობენ მათ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში. ამ პროცესის დამაბრკოლებელი, ხელისშემშლელი ობიექტების მიმართ ადამიანებს უარყოფითი განწყობა ექმნებათ. დ.კაცი მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ან ხელისშემშლელი საგნების მაგიერ ლაპარაკობს მოგება –წაგების და დაჯილდოება – დასჯის ტერმინებით;


- განწყობის მეორე არსებით ფუნქციას „მე“–ს დაცვა წარმოადგენს. ადამიანი არა მხოლოდ გარემოს ეგუება, არამედ თავისი შინაგანი სამყაროს მოწესრიგებაზეც ზრუნავს. ადამიანს ხშირად დიდ საფრთხეს თავისი შინაგანი კონფლიქტები უქმნიან. ზოგჯერ ადამიანს აქვს ისეთი ნიშნები, რომლებიც მას არ მოსწონს; განიცდის მისწრაფებებს, რომლებიც მისთვის მიუღებელია; უნდა იყოს პიროვნება, რომლის მიღწევისთვისაც არ ჰყოფნის შინაგანი ძალები. ამ შინაგანი სამყაროს მოსაწესრიგებლად შექმნილი პრობლემის მიზეზებს ეძებს და მიაწერს გარემოს და არა საკუთარ თავს. ეს ყველაფერი
არაცნობიერად ხდება. ადამიანებს შორის საკმაო განსხვავებაა არსებობს იმის და მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ შემდგომში გააცნობიერონ ის, რომ მათი განწყობები დაცვის მექანიზმის
მოქმედების საფუძველზე არიან აღმოცენებული. ზოგი მის და უნებურად სამუდამოდ ამჯობინებს ასეთ მდგომარეობაში იყოს. თვითმოტყუება ადამიანისთვის უცხო არაა;


-განწყობის ერთ–ერთ ფუნქციას ღირებულებების გამოხატვა წარმოადგენს. ადამიანის ერთ–ერთი თავისებურება ის არის, რომ მას აქვს თავისი თავის. თავისი შინაგანი სამყაროს გამოხატვის ძლიერი ტენდენცია. ამ გზით ხდება იმის ჩვენება და დამტკიცება თუ ვინ არის და რას წარმოადგენს პიროვნება. ეს მისწრაფება სრულიადაც არ მოითხოვს მატერიალურ ან მორალურ ჯილდოს, მოგებას ან სოციალურ აღიარებას. უბრალოდ ჩვენთვის სანუკვარი სამყაროს შეხედულებებისა და განწყობების გამოხატვით ვესწრაფით და ვიღებთ სიამოვნებას. ადამიანის ამ შინაგანი ფსიქოლოგიური ტენდენციის დაკმაყოფილების ფუნქციას ასრულებენ განწყობები. ამ გზით ხდება პიროვნების შემდგომი ჩამოყალიბება და განვითარება გარკვეული მიმართულებით. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს სოციალური გარემო, რადგან ძალიან ხშირად ფარულად, გარკვეული ზომით იგი სთავაზობს ადამიანს იმ პიროვნულ მოდელს, რომელსაც იგი იღებს და რომლის გამოხატვისა და განმტკიცებისთვის აქტივობს. ცხადია,
პიროვნების ის შინაგანი სამყარო, რომლის გამოხატვის ტენდენციაც მას გააჩნია, მთლიანად გარემოდან არ მოდის;



-სინამდვილესთან პიროვნების ურთიერთობის პროცესში განწყობის ერთ–ერთ სერიოზულ ფუნქციას ცოდნის შეძენა და მისი ორგანიზაცია წარმოადგენს. ადამიანები აშკარად ამჟღავნებენ სურვილს, გაერკვიონ
გარემოში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ის პრობლემები, რომლებსაც მათ ცხოვრება უყენებს საშუალებას იძლევიან გამოყენებულ იქნას მათი ეს ბუნებრივი ტენდენცია. გარდა ამისა ეს ცალკეული გამოცდილებანი, რომლებსაც ინდივიდი ირებს, გაერთიანებულ უნდა იქნას ერთ მთლიან პიროვნულ გამოცდილებად, რაც ცოდნის შეძენასა და ინტელექტუალურ აქტივობას მოითხოვს. განწყობები ეხმარებიან ადამიანებს სისტემაში მოიყვანონ თავიანთი გამოცდილება, შექმნან
მოქმედების სტანდარტული სისტემები, რომლებიც ადამიანს საშუალებას აძლევენ შეეგუოს სინამდვილეს.





0
1124
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მაისურაძე
მარიამ მაისურაძე
1124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0