x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნებელობა და განწყობა




განასხვავებენ ფსიქიკის მუშაობის ორ ძირითად დონეს:

განწყობის დონე–დამახასიათებელია ჩვეულებრივი, ყოველდღიური ქცევის მიმდინარეობისთვის;

ობიექტივაციის დონეზე– კი მხოლოდ მაშინ გვიხდება ასვლა, როცა ჩვენ წინაშე რაიმე მეტად თუ ნაკლებად რთული
ახალი ამოცანა დგება, რომელიც შესაბამისად ახალ გადაწყვეტას მოითხოვს. ამ შემთხვევაში იძულებული ვხდებით ობიექტივაციასა და აზროვნებას მივმართოთ და ამ გზით მიგნებული განწყობა
მოქმედ აქტუალურ განწყობად ვაქციოთ ნებელობის საშუალებით.

საბჭოთა ფსიქოლოგიის მკვლევარი იადოვი წერს, რომ შ.ნადირაშვილი მიუთიეთბს ფსიქიკური აქტივობის არა ორ დონეზე, როგორც დ.უზნაძე ფიქრობდა, არამედ ფსიქიკური აქტივობის რეგულაციის სამ თვისობრივად განსხვავებულ დონეზე.ფსიქიკური აქტივობის მესამე დონე უკვე პიროვნების სოციალურ ქცევას ეხება.ეს არის ნებელობითი აქტივობის დონე, რომელიც რეგულირდება ღირებულებითი ორიენტაციების, ზნეობრივი პრინციპების სისტემით, რომლებიც ფიქსირებული არიან ადამიანის თვითცნობიერებაში და მის ფსიქოლოგიურ ავტოპორტრეტში.

ნებელობის პროცესი არის ობიექტივაციის აქტის საფუძველზე სუბიექტის მიერ განხორციელებული ფსიქიკური აქტივობა,
რომლის საფუძველზეც პიროვნული, შინაგანი პრობლემა წყდება. პიროვნულ პრობლემას ამ შემთხვევაში მისი აქტუალური ქცევის მოთხოვნილებისა და შინაგან ფასულობათა სისტემის მოთხოვნების
ურთიერთობა ქმნიან. ისინი ორივენი აქტუალურ მდგომარეობაში არიან მოსული და თავისი შესატყვისი ქცევის აღძვრისთვის იძლევიან იმპულსებს. მაგალითად:სტუდენტს უნდა, რომ უყუროს საღამოს
ტელეგადაცემას, თუმცა ამავე დროს მას აქვს სამეცადინო სემინარის დავალებები. ორივე სახის „მოთხოვნილება“ იძლევა იმპულსებს, რომ პიროვნებამ განახორციელოს ისინი. ეს პიროვნების შინაგანი არათავსებადი მდგომარეობაა, რომელიც რეალური ქცევის შეფერხებას იწვევს. ამ დროს ადამიანი ობიექტივაციის აქტს მიმართავს და თავისი შინაგანი სინამდვილის გარკვევასა და რეორგანიზაციას ცდილობს. ნებელობის პროცესს, ისევე როგორც ყველა აქტიურ ფსიქიკურ
პროცესს, დასაწყისი, დეტერმინირებული მდგომარეობა და დასასრული აქვს. მის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების გადმოტანა რომელიმე ქცევის სასარგებლოდ, რაც მისი გადაწყვეტილების ფორმირებასა და ამოქმედებაში გამოიხატება. ყოველივე ამის შედეგად ნებელობითი პროცესის დახმარებით პიროვნება ისეთ ქცევას ახორციელებს, რომელიც უშუალო იმპულსებით ვერ შესრულდება. იგი გაშუალებულია პიროვნების სოციალური ღირებულებითი სისტემით და პიროვნების სანქცია
ადევს. პიროვნება ასეთ ქცევაზე თავის ავტორობას აცხადებს. მას თავის მიერ შესრულებულ საქმიანობად თვლის.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ინდივიდის იმპულსური ქცევის დამაბრკოლებელ მიზეზს რაიმე ფიზიკური საგანი არ წარმოადგენს. არამედ სოციალური მოთხოვნა, რომელსაც მას სოციალური გარემო უყენებს ან მისივე შეხედულება ამ სოციალური მოთხოვნების შესახებ. საგნობრივი ობიექტივაციის დროს სუბიექტი სინამდვილის საგნობრივი ვითარების გარკვევას ახდენს და ამისათვის აზროვნების პროცესს მიმართავს. აზროვნების ფუნქციას ამ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი მიმართების აღმოჩენა წარმოადგენს. ხოლო სოციალური ან მე–ს მოთხოვნათა ობიექტივაციის დროს ადამიანი საგნობრივი ვითარების გარკვევას არ მიმართავს. ამ შემთხვევაში მისი შინაგანი საქმიანობა მისი ქცევისა და ფასეულობათა სისტემის ურთიერთობის შეფასება –განსჯას ეხება, შეფასებითი
მსჯელობისა და ნებელობის პროცესების საფუძველზე იგი ისახავს ისეთი ქცევის აგებას, რომელიც არა მხოლოდ საგნობრივი სინამდვილისათვის, არამედ სოციალური მე–ს მოთხოვნებისადმი იქნება შესატყვისი.

ნებელობის პროცესი შეიძლება დაიყოს 4 პერიოდად. ამ პერიოდების განხილვის პარალელურად შეიძლება ასევე გამოიყოს ნებელობის ფუნქციები.

I პერიოდში ხდება იმპულსურ ქცევაში შინაგანი შეფერხების გაჩენა. იმპულსური ქცევის დამაბრკოლებელი მიზეზი თვითონ პიროვნებაშია. პიროვნების შინაგანი მოთხოვნები კონფლიქტში მოდიან მიმდინარე იმპულსური ქცევის მოთხოვნილებასთან. ამიტომაც აღმოცენდებიან შფოთვის, უხერხულობის, მიმიდინარე ქცევისადმი უკმაყოფილებისა და მსგავსი უსიამოვნო განცდები. როდესაც შინაგანი კონფლიქტის გამომხატველი უარყოფითი ემოციური განცდა ინტენსივობის გარკვეულ ხარისხს მიაღწევს, იგი უკვე ხელს უშლის ქცევის ნორმალურ მიმდინარეობას. პიროვნება
მოცემულ სიტუაციაში სხვაგვარი ქცევის საჭიროებას განიცდის. აქ ადამიანი იწყებს ნებელობით პროცესებს.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ნებელობითი აქტივობის აღმოცენების პირობები მაშინ ჩნდება, როდესაც სუბიექტს თავისი რეალური ქცევის შედეგების გაცნობიერება შეუძლია. თავისი ქცევის შედეგების გაცნობიერება კი მაშინ ხდება, როდესაც დროის მიმდინარეობიდან ამოერთვება და მომავალში იხედება. ამის შესაძლებლობას ობიექტივაციის აქტი იძლევა. ობიექტივაციის აქტის შედეგად ადამიანი უპირისპირდება რეალობას, რაც შესაძლებლობას იძლევა განცდილი, გაცნობიერებული იქნეს არა მხოლოდ აქტუალური
მოცემულობა, არამედ შესაძლებელი მოვლენებიც. სუბიექტი ახორციელებს დროისა და სივრცის ობიექტივაციასაც. ამით პიროვნება თავის შესაძლებელ აქტივობებს დროსა და სივრცეში გარკვეული
თანმიმდევრობით განალაგებს. აქედან გამომდინარეობს ნებელობის ძირითადი პირველადი დამახასიათებელი თვისებები: მე–სა და ქცევის ობიექტივაცია, რომლის დროსაც იწყება იმ წინააღმდეგობის
ბუნების გარკვევა, რაც იმპულსურ ქცევასა და პიროვნების სოციალურ–ღირებულებით მოთხოვნებს შორის აღმოცენდება.

რაც შეეხება ნებელობის ფუნქციას, ამ პერიოდში შეიძლება გამოიყოს: „ბლოკირების“ ფუნქცია ანუ როდესაც ნებელობის საშუალებით ხდება აწმყოს –იმპულსური ქცევის ბლოკირება მომავლის – შესაძლებელი ქცევის შედეგების გათვალისწინებით.


ნებელობის II პერიოდში ხდება შესაძლო ალტერნატიული ქცევების შეფასება შინაგანი და გარეგანი მოთხოვნების გამაწონასწორებელი მოდულის საფუძველზე. ამ მოთხოვნების სისტემის მიხედვით უნდა გამოინახოს ისეთი ქცევა, რომელიც ანგარიშს გაუწევს ინდივიდის მოთხოვნილებას, სოციალურ და მე–ს მოთხოვნებს და პიროვნებისთვის ყველაზე უფრო მისაღებად განიცდება. ესაა პიროვნულად მისაღები ქცევის ძიების პერიოდი. ასეთი აქტივობა
შესაძლებლობათა სამყაროში შეიძლება, რომელსაც მხოლოდ ცნობიერება სწვდება. ეს აქტივობა ჩვეულებრივი აზროვნების პროცესისგან განსხვავდება. ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შესაძლო ქცევათა მისაღებობა უნდა დადგინდეს, მნიშვნელოვნად განსხვავდება აზროვნების იმ კრიტერიუმებისგან, რომლითაც მოვლენათა ლოგიკურობა და ჭეშმარიტება მტკიცდება. ამ კრიტერიუმებით გამონახული ქცევა ლოგიკურობისა და სინამდვილესთან შესატყვისობის მოთხოვნებს უნდა ასრულებდეს. ქცევა, რომელიც ამ დროს პიროვნებამ უნდა მოძებნოს, ანგარიშს უნდა უწევდეს ინდივიდის მოთხოვნილებას, საგნობრივი სინამდვილის, სოციალურ და მე–ს მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი აზროვნებით მოძებნილ ქცევას მოტივს აძლევს. დ. უზნაძე ნებელობის პროცესში ასეთ თანმიმდევრობას ხედავს: ჯერ მიზანშეწონილი ქცევის დადგენა აზროვნების საშუალებით, შემდეგ მოტივაციის პროცესი და ბოლოს, გადაწყვეტის აქტი. მოტივაციის პროცესი შესაძლებელი ქცევებიდან ინტელექტუალურად შერჩეულ ქცევას ფსიქოლოგიურად მისაღებად სახეს აძლევს. მას პიროვნება მაღალი, ღირებულებითი ორიენტაციების მიხედვით მაღალ ფასს აწერს, ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ქცევად აქცევს და სუბიექტურ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ ამ ქცევის შესატყვისი განწყობა შექმნას, აღძრას.

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნებელობას აქვს „გაფილტვრის“ – გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მიზანშეწონილი ქცევის შერჩევის ფუნქცია.

ასევე ეს თავისთავად გულისხმობს ღირებულებების, ფასეულობების გაცნობიერების უნარს. ქცევის შესარჩევი კრიტერიუმებს სწორედ ღირებულებები განსაზღვრავენ.

ნებელობას ასევე აქვს „აღძვრის“ ფუნქცია – ინტელექტუალურად შერჩეული ქცევისათვის მოტივის მიცემის საშუალებით.

III პერიოდი – წარმოსახული და ერთ მთლიანობაში უნდა იქნეს განცდილი პიროვნულად მისაღები ქცევის შესრულებისათვის საჭირო პირობები, რომლის საფუძველზე იქმნება საჭირო ქცევის განწყობა. ეს აქტი პიროვნების მიერ გადაწყვეტილების მიღების სახით განიცდება. ამ დროს სუბიექტი იღებს შეწყნარებული ქცევის შემსრულებლის როლს.

იმპულსური ქცევის საფუძვლად მდებარე განწყობა აქტუალურად მოცემული შინაგანი და გარეგანი ფაქტორების საფუძველზე ფორმირდება. იმპულსური აქტივობის საფუძვლად მდებარე განწყობის ფაქტორებს სინამდვილე
თვითონ გვაწვდის. ნებელობითი ქცევის განწყობის მაფორმირებელი შინაგანი და გარეგანი ფაქტორები კი ასევე თავისთავად აქტუალურად არ არიან მოცემულნი. ისინი პიროვნებამ წარმოსახვისა და აზროვნების დახმარებით ცნობიერებაში ერთდროულად უნდა წარმოიდგინოს. შედეგად იქმნება განწყობა. განწყობის შექმნის ამ მომენტს პიროვნება გადაწყვეტილების აქტის სახით განიცდის. სუბიექტს აქამდე „არ უნდოდა“ თითქოს და აი ახლა უკვე „უნდა ნამდვილად“, რადგან განწყობა ნამდვილად მხოლოდ ახლა შეიქმნა. პიროვნება ნათლად განიცდის მის მიერ ფორმირებულ განწყობის შინაარსს და ტენდენციას. მის საფუძველზე აღმოცენებული ქცევა შეგნებულობით, მისაღებობით და ცნობიერებით ხასიათდება. აქ ჩანს ნებელობის „თვითაქტივობის“, „თვითრეგულაციის“ ფუნქცია.

IV პერიოდი – მიღებული ქცევის შესრულება, მის საწინაარმდეგოდ მიმართული იმპულსის უგულებელყოფა – ამ ეტაპზე აღმოცენებული განწყობის შესატყვისი ქცევის განხორციელება ხდება. სუბიექტი გადაწყვეტილების შესრულების პროცესში ბევრ ისეთ რამეს შეიძლება შეხვდეს, რაც მისი გადაწყვეტილების მეტად თუ ნაკლებად საწინააღმდეგო მოთხოვნილებებს უღვივებდეს. თუმცა ნებელობის მეშვეობით ადამიანს შესწევს ძალა თავის შეკავების და შემდგომი მისი ქცევა აღმოცენებული განწყობის შესატყვისად მიმდინარეობს. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლოა სუბიექტმა შეხვედრილ დაბრკოლებებს საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს. ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ ნებისყოფის სისუტეზე, ან შესაძლოა შესრულების პროცესში ზოგიერთმა ისეთმა გარემოებამ მიიქციოს სუბიექტის ყურადღება, რაც მას წინათ მხედველობაში არ მიუღია, ან შეიძლება ისიც მოხდეს, რომ თვითონ სუბიექტი შეიცვალოს: მას ახალი ინტერესები და ახალი მისწრაფებები გაუჩნდეს. მაშინ ძველ გადაწყვეტილებას, ახლა მისთვის შეუფერებლს, ძალა დაეკარგება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნებელობას აქვს, ზოგადად, „შენარჩუნების“ ფუნქცია ანუ დასახული მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა და ამ მიმართულებით აქტივობა ახასიათებს.


0
1603
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამ მაისურაძე
მარიამ მაისურაძე
1603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0