x
image
worldsport.ge
მერვე წონა ბასილაშვილისაა

imageსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი ახალ წონით კატეგორიაში - 70 კილოგრამში დიმიტრი ბასილაშვილი გახდა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ვაკის ფალავანთა კლუბში სახელდახელოდ ჩატარებულ მინი-ტურნირს საქართველოს ჩემპიონატის სტატუსი მიენიჭა.
ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორები ახლახან, სპორტკომპლექს “არენაში” გამოვლინდნენ. მედლები ფილას მაშინდელი წესდების თანახმად, შვიდ წონით კატეგორიაში გათამაშდა. მას შემდეგ საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთი წონა დაამტკიცა და სწორედ ამ მერვე წონაში ქართული შიდა კონკურენციის პირველი ნომრის გამოსავლენად გაიმართა ტურნირი.
საქმეში 17 მოჭიდავე ჩაერთო და ფინალში დიმიტრი ბასილაშვილი და გიორგი ცუცქირიძე გავიდნენ. გადამწყვეტ ბრძოლაში ბასილაშვილმა 10-2 მოიგო. მესამე ადგილები თორნიეკე როსტიაშვილმა და ზურაბ იაკობაშვილმა დაიკავეს.
“ჩემპიონატი ახლახან დამტკიცებული ახალი წესებით, უმაღლეს დონეზე ჩატარდა. შეხვედრებს საქართველოს საუკეთესო მსაჯები მოემსახურნენ და საკმაოდ დაძაბული შიდა კონკურენციაც ვიხილეთ. ყველას კი დიმიტრი ბასილაშვილმა აჯობა და ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე წამსვლელი შემადგენლობის მთავარი კანდიდატიც გახდა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა.
ნაკრები ევროპირველობისთვის მზადებას 6 იანვრიდან დაიწყებს, ბაკურიანული შეკრებით, რომელშიც საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები ჩაერთვებიან და რომელზეც ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. თებერვლიდან მარტამდე კი გუნდი სავარაუდოდ კიდევ ორ შეკრებაზე გაემგზავრება და სამ საერთაშორისო ტურნირზეც გამოვა.
შეგახსენებთ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე ჩემპიონ-პრიზიორები რვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან: 57, 61, 65, 70, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში. ოლიმპიურ თამაშებზე კი მედლები მხოლოდ 6 წონაში: 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში გათამაშდება.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0