x
image
worldsport.ge
ჟერარდ სარაგოსა: “თავს უფლებას არ მივცემ, რომ დაცვითი სტილით ვითამაშოთ”

imageქუთაისის “ტორპედომ”, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული თასის 1/8-ფინალის პირველი მატჩისთვის, რომელშიც 25 სექტემბერს, შინ ცხინვალის „სპარტაკს“ დაუპირისპირდება, ერთ-ერთი დასკვნითი ვარჯიში გამართა. “ტორპედოელებს” მხოლოდ მერაბ გიგაური აკლდა, რომელიც ვარჯიშებს უახლოეს დღეებში განაახლებს.
მომავალი სათასო მატჩის წინ, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა ესპანელმა ჟერარდ სარაგოსამ, კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა: “კარგია, რომ საქართველოს თასზეც, რომელსაც იგივე მნიშვნელობას ვანიჭებ, რასაც ჩემპიონატს, შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და იმედია, მაისის ბოლოს, ორივე ასპარეზზე ჩვენს წარმატებულ გამოსვლას აღვნიშნავთ.
მთელს მსოფლიოში ასეა, რომ სათასო გათამაშება არის ერთგვარი ოცნება ისეთი გუნდებისთვის, რომლებსაც ჩემპიონატში დიდი მიზნები არ აქვთ. ამრიგად, ეს “სპარტაკისთვისაც” კარგი შანსია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, სულ სხვა “სპარტაკს” ვიხილავთ, ვიდრე 3 კვირის წინ, როცა ჩემპიონატში დავამარცხეთ.
რაც შეეხება დატვირთულ კალენდარს, ის მართლაც დამღლელია და ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზეც აისახება. თუმცა, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც ჯერ-ჯერობით, მარცხი არ უწვნევია. ჩვენთვის ყოველი მატჩი ახალი გამოცდაა და ძალიან სერიოზულად ვემზადებით, რომ მომავალ სირთულეებსაც გავუმკლავდეთ.
ძალიან გვიხარია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის გულშემატკივრები, “ტორპედოს” გასვლით თამაშებზეც დადიან. კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო მეტი ხალხი დაგვიდგება გვერდში, რადგან ძალიან გვჭირდება მათი თანადგომა.
კარგად მოგეხსენებათ, ჩემი სტრატეგია შეტევაა და თავს უფლებას არ მივცემ, რომ რომელიმე მატჩში ფეხბურთელები დაცვითი სტილით ვათამაშო. თასის თითოეულ ეტაპზე გვაქვს არა 90, არამედ, 180 წუთი. ამიტომ, დრო რაციონალურად უნდა განვსაზღვროთ.
ვიცი, რომ “ტორპედოს”, 12 წელია საქართველოს თასი არ მოუგია. გუნდის სახელით გპირდებით, რომ ძალას და ღონეს არ დავიშურებთ, 100 პროცენტით დავიხარჯებით იმისთვის, რომ თასი ქუთაისში ჩამოვიტანოთ, მაგრამ ძალიან დიდი გზა გვექნება საბოლოო შედეგამდე, ასე რომ, ჯერ პირველი ეტაპი უნდა გავიაროთ”.


ფოტო fctorpedo.ge
ლაშა თაბაგარი


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0