x
image
მანჩო 777
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ტორტი "პრაღა"
image
საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო დიასახლისებო. ალბათ თქვენს უმეტესობას სმენია სახელგანთქმული ტორტის "პრაღის" შესახებ. ტორტი შეიქმნა მოსკოვის ცნობილი რესტორნის-"პრაღა" კონდიტერების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წლებში და მოსკოვში ითვლებოდა უპოპულარეს დესერტად. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტორტის რეცეპტმაც გარკვეული სახეცვლილება განიცადა. მაგრამ პრინციპი ერთი და იგივე დარჩა. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ამ ტორტის კლასიკური ვარიანტის რეცეპტი. შევეცდეები დაწვრილებით აგიხსნათ მისი მომზადების თანმიმდევრობა ისე, რომ ახალბედა დიასახლისებსაც გაუიოლდეთ ტორტის გამოცხობა. მაშ ასე, აიფარეთ წინსაფრები, მოიმზადეთ ინგრედიენტები და შევუდგეთ საქმეს.

მასალა ბისკვიტისათვის:

უ/ხ ფქვილი- 1, 5 ჩაის ჭიქა

კვერცხი დიდი ზომის-2 ცალი


შაქრის ფხვნილი- ნახევარი ჩაის ჭიქა

არაჟანი- 100 გრამი

შესქელებული რძე - ნახევარი ქილა(200 გრამი)

კაკაო შავი ფერის -4 სუფრის კოვზი

გამაფხვიერებელი- ნახევარი ჩაის კოვზი

მასალა კრემისათვის:

კარაქი- 200 გრამი

შესქელებული რძე-1 ქილა

კაკაო-4 სუფრის კოვზი

კვერცხის გული- 4 ცალი

მასალა შოკოლადის ჭიქურისათვის:

კარაქი- 50 გრამი

შაქარი- 40 გრამი

კაკაო- 3 სუფრის კოვზი

რძე- 2-3 სუფრის კოვზი

მომზადება:

მოვათავსოთ თასაში კვერცხები და შაქარი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ კარგად არ გათეთრდება გოგლიმოგლი და მოცულობაში ორჯერ არ მოიმატებს. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და გავაგრძელოთ თქვეფა, ოღონდ დაბალი სიჩქარით. დავასხათ შესქელებული რძე, ერთხელ ავურიოთ მიქსერით და გავაჩეროთ. პატარა თასზე დავყაროთ ფქვილი, დავამატოთ კაკაო და გამაფხვიერებელი, ავურიოთ კარგად და და ეს მასა ნელ -ნელი მორევით შევურიოთ ბისკვიტს ხის კოვზით ან სპეციალური სილიკონის სარევით.ცომი უნდა გამოვიდეს არაჟნის სისქის. ცომი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად და ცალკ-ცალკე გამოვაცხოთ ცხიმწასმულ პერგამენტიან ყალიბში( დაახლოებით 20 სმ დიამეტრის). ვაცხობთ 170 გრადუსზე დაახლოებით 10-15 წუთი.

კარგად გავაციოთ ფენები.

კრემისათვის ავიღოთ კარაქი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული, შესქელებული რძე და კაკაო. ჩვენი კრემი მზადაა.

წავუსვათ კრემი სამივე ბისკვიტს და გარედანაც ლამაზად შემოვლესოთ კრემით, დავდგათ ტორტი მაცივარში ერთი საათით.

ჭიქურისათვის საჭირო ინგრედიენტები მოვათავსოთ სქელძირიან პატარა ქვაბში და ინტენსიური მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, გამოვდგათ ცეცხლიდან და ოდნავ გავაგრილოთ. გადავასხათ თავზე კარგად გაციებულ ტორტს.

ტორტის გასალამაზებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ გახეხილი შოკოლადი, დაჭრილი ნიგოზი, შოკოლადის ფიგურები და სხვა. ეგ უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

იმედია ლამაზი და რაც მთავარია, გემრიელი ნუგბარი გამოგივიდათ და სასიამოვნოდ გააოცებთ ოჯახის წევრებს და სტუმრებს. დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად შემოგთავაზებთ ტორტის "პრაღა" ჩემეულ ვარიანტს.

მომავალ შეხვედრამდე, ჩემო კარგებო.


image

5
2643
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2643
  
2013, 21 სექტემბერი, 21:07
ძალიან მაინტერესებს თქვენეული რეცეპტი
2013, 20 სექტემბერი, 20:35
:) მიღებულია
2013, 20 სექტემბერი, 20:32
თავი დავიპატიჟე:))
2013, 20 სექტემბერი, 20:27
არც ეგაა რთული, მით უმეტეს ჩემთვის, სიამოვნებით გაგიმასპინძლდებით:)
2013, 20 სექტემბერი, 20:25
მირჩევნია თქვენ დაამზადოთ და გაგვიმასპინძლდე:))
0 1 5