x
image
worldsport.ge
სამი ქართველის მსოფლიო წილი

imageთავისუფალი სტილით ჭიდაობაში, შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში, უკვე ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობაა ცნობილი. საპრიზო სამეულები საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსო, მაგრამ მთავარი იმედები ქართული გუნდის იმ წევრებზე მყარდება, რომლებიც ბუდაპეშტურ ხალიჩაზე დღეს უნდა გავიდნენ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) საქმეში რამდენიმე საათში ჩაებმებიან.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, საკმაოდ კარგი წილი ერგო – შეჯიბრებაში მეორე წრიდან, მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება პერუელ აბელ ხერალდ პასტორ ჰერერასთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი, სამხრეთკორეელი სეუნგ-ჩულ ლისა და კუბელი ალეხანდრო ტაბიერ ვალდესის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება.
და რაც მთავარია, მთავარ კონკურენტებს: რუს, აზერბაიჯანელ, უკრაინელ, თურქ და ირანელ მოჭიდავეებს, ხინჩეგაშვილი ფინალამდე არ შეხვდება.
ევროპის მოქმედი ჩემპიონ დავით მარსაგიშვილს, პირველ მეტოქედ ბულგარელი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (74 კილოგრამში, 2005 წელს) ნიკოლაი პასლარი ერგო. მოგებული, ებრაელ მიხეილ ცოცელაშვილსა და ამერიკელ კეით მაიკლ გავინს შორის უძლიერესს შეხვდება.
სატურნირო ბადეში, ქართველის მხარეს მოხვდა ირანელი ესან ლაშგარი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე, მარსაგიშვილის დარად, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე რუსეთის ნაკრების წევრი შამილ კუდიამაგომედოვი და თურქი სერდარ ბოკე. ბადის მეორე მხარეს კი, ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა), ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი) და მუსა მურთაზალიევი (სომხეთი) არიან.
ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი, პირველ წრეში დაისვენებს და მსოფლიოს პირველობას მერვედფინალით დაიწყებს, ინდოელ ჰიტენდერ ჰიტენდერთან შეხვედრით. ამ წყვილიდან გასული მძიმეწონოსნის სავარაუდო მეტოქეები არიან: ბელარუსის ნაკრების წევრი იუსუპ ჯალილოვი, რუმინელი დანიელ ჩინტოანუ და ბულგარელი დიმიტარ კუმჩევი.
სატურნირო ბადეში პეტრიაშვილის სიახლოვესაა რუსეთის ნაკრების უხვტიტულა ლიდერი ჰაჯიმურატ გაცალოვი – ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის და ოლიმპიური (2004) ჩემპიონი, ოღონდ გაცალოვს ყველა ეს ტიტული 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში აქვს მოგებული.
ქართულ-რუსული გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს. იქამდე კი, ჰაჯიმურატ გაცალოვს რამდენიმე მძიმე ბრძოლა ელის. თუნდაც ევროპის ვიცე-ჩემპიონ დანიელ ლიგეტისთან, რომელიც დღეს საკუთარ კედლებში იჭიდავებს.
ფინალის მეორე საგზურის მთავარი ფავორიტები კი, ევროპის თურქი ჩემპიონი ტაჰა აკგული და უკრაინის ნაკრების წევრი ფინალისტი ალან ზასეევი არიან. შეგახსენებთ, ევროპირველობაზე ოქრო-ვერცხლის შანსი, გენო პეტრიაშვილმა სწორედ ზასეევთან წაგებით დაკარგა.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0