x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამოკითხვა აჭარის რეგიონის დამსვენებლებში

აჭარის საველე პრაქტიკის ფარგლებში გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა სოციოლოგიური გამოკითხვა კითხვარების მეშვეობით, რომელიც ადგენდა ვიზიტორების კმაყოფილების დონეს აჭარის კურორტებზე დასვენების დროს. 25 სტუდენტიდან 7 რუსულენოვანი ვიყავით, შესაბამისად ჩვენთვის კითხვარები რუსულ ენაზე იყო, რათა ჩამოსული ტურისტებიც გამოგვეკითხა და მონაცემებში მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის აზრი არ დაფიქსირებულიყო. გავიყავით 13 ჯგუფად, ნახევარი ბათუმში წავიდა, ხოლო ნახევარი ქობულეთში დავრჩით. ქობულეთის და ბათუმის სანაპიროებიც პირობითად რამოდენიმე სექტორად დავყავით და საქმეს შევუდექით.

კითხვარი მოიცავდა სხვადასხვა სახის კითხვებს აჭარის რეგიონის, როგორც საკურორტო ზონის შესახებ. გამოიკვეთა საკმაოდ საინტერესო ტენდენციები. ქართველების გარდა, ტურისტები ძირითადად არიან მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის კი ჭარბობენ სომხები. ასევე ბევრია უკრაინელი და რუსი. ვიზიტის ხანგრძლივობა საშუალოდ 10 14 დღეა. ჩამოდიან როგორც ოჯახებით, ასევე მეგობრებთან ერთად. ტურისტების უმრავლესობამ აჭარაში ჩამოსასვლელად მატარებელი ან კერძო ავტომობილი გამოიყენა. უკრაინელ ტურისტებში კი ტრანსპორტის სახეობებიდან თვითმფრინავი ჭარბობს. ტურების აბსოლუტური უმრავლესობა ინდივიდუალურად იყო დაგეგმილი, მხოლოდ 2–3 ადამიანი შეგვხვდა, რომლებმაც დასვენების დასაგეგმად ტურისტულ კომპანიას მიმართა. რაც შეეხება დასვენებაზე დახარჯულ თანხას, აქ ცოტა გამიჭირდება კონკრეტული საშუალო თანხის დასახელება. დიაპაზონი საკმაოდ ფართო იყო – ჩემს შემთხვევაში 200$–დან – 2000$–მდე. ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ატრაქციებს შორის ტურისტებმა დაასახელეს დელფინარიუმი, "ციცინათელა", ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები. ხოლო იმედგაცრუებას და უსიამოვნებას ძირითადად აკავშირებენ სიბინძურესთან, ნაგავთან ქუჩაში და სანაგვე ყუთების სიმცირესთან. ასევე პასუხებში დაფიქსირდა გადასასვლელების არარსებობა გზებზე, დიდი ქვები პლაჟზე, ხურდა ფულის არარსებობა მაღაზიებში, იყო იმედგაცრუება ამინდშიც.

სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა. საინტერესო იყო შემდგომ პასუხების შედარება და მსჯელობა. გამოკითხვა დაგვეხმარა, უკეთ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი აზრი აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის შესახებ.

0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა სიხარულიძე
თეა სიხარულიძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0