x
image
worldsport.ge
“ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს

imageორშაბათს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე, ქალაქის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ქამუშაძე, კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ. გარეთ კი განაჩენს 600-მდე გულშემატკივარი ელოდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ნათათბირევს გაცხადდა – “ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს. ეს ამბავი ხვალ სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე ოფიციალურად დაფიქსირდება. მოგეხსენებათ, მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანხმობა დღემდე 11 კლუბს უკვე ნათქვამი ჰქონდა, მხოლოდ “ზესტაფონი” რჩებოდა და მისი პრობლემაც გადაწყდა.
მთავრობა და კლუბი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ – ინფრასტრუქტურას (ბაზა, სტადიონი, პერსონალი) მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, ხოლო უშუალოდ საფეხბურთო საქმეებს კერძო ინვესტორი (ამ შემთხვევაში ილია კოკაია) მიხედავს. თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ იანვრამდე მუნიციპალიტეტის დახმარება ვერ მოხერხდება. სამაგიეროდ, საკრებულომ კლუბის დავალიანება (2275 ლარი) დაფარა და სტადიონსა თუ ბაზაზე შუქისა და წყლის პრობლემა, არც ახლა და არც მომავალში აღარ იქნება.
ვიმედოვნებთ, ზესტაფონური დავიდარაბა ამით დამთავრდება და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ადრინდელ პოზიციას დაიბრუნებს. ფეხბურთელები ჯერ არ ვარჯიშობენ და შეკრების დაწყების თარიღიც უცნობია. მაგრამ ბოლო ამბებიდან გამომდინარე, გულშემატკივრებს ალბათ ცდა დიდ ხანს აღარ მოუწევთ.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0