x
image
worldsport.ge
შენ დაუკა: მღერიან კვარა და კარამბუ

imageჩვენი რუბრიკის – იცინიან ვარსკვლავები, გადავწყვიტე ჩემი უეფას ეგიდით ჩატარებული მატჩებისას მომხდარი იუმორისტული მასალებით გავამდიდრო. ამ ათიოდე წლის წინ ჩემი ძმაკაცი გია გორგოძე კარგა ხანს კამათობდა საკუთარ ვაჟთან, რომელსაც დათო ყიფიანის თამაში არ ენახა და უმტკიცებდა – თუ მაგარი იყო ყიფიანი, ტიტულები რატომ არ ჰქონდაო. ჰოდა, გაბრაზებულ გიას უთქვამს ფრთიანი ფრაზა – ტიტულები თუ გნებავს – კარამბუს მოკითხეთო... მართლაც ქრისტიან კარამბუ თუ კარემბუ მე მგონი ისე გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძირითადში ერთხელაც არ უთამაშია და შეცვლებზეც იშვიათად გამოჰყავდათ... ჰოდა, წარმოიდგინეთ რა მომივიდოდა, როცა 2010 წელს ბუდაპეშტში ფუტზალის ევროპის ჩემპიონატზე ჩასულს ლიფტში სწორედ კარამბუ შემეჩეხა, იმწამსვე გია გორგოძე გამახსენდა და ხარხარი ავტეხე... თუმცა ერთი შეხედვით ჯმუხი და პირქუში კარამბუ ძალიან ზრდილობიანი, კეთილი და უბრალო ბიჭი გამოდგა. ჯერ იყო და თავი გაიგიჟა – ლიფტში პირველი თქვენ შებრძანდითო, მერე კარგა ხანს მართვა ხელი, როცა გაიგო რომ უეფადან ვიყავი, რამდენიმე წუთში კი უკვე სადილზე რომ შევხვდით, ისე მორიდებულა მკითხა – ჩემს გვერდით ცარიელ ადგილზე – დაჯდომა თუ შეიძლებაო, დიდი სიმპათიაც გამიჩნდა. მერე უკვე მე გამოვიდე თავი, ჩამჩით სუპი გადავუღე და მოკლედ ისე დავძმაკაცდით, საღამოს მდინარე დუნაიზე მოტივტივე გემ-რესტორან "სფუნში" (კოვზი) ოფიციალურ ვახშამზე თითო ჭიქაც კი გადავკარით...
მეორე დილას კარამბუ ისევ საუზმეზე ვნახე და დაიჩივლა – თავი მტკივაო... არადა იმ ერთი ჭიქის მეტი არ დაულევია. ერთმა ჭიქამ როგორ დაგათრო ლომივით კაცი-მეთქი რომ ვკითხე, მითხრა – სასმელს არასოდეს ვეტანებოდი და ამის ბრალიაო.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ორგზის, ესპანეთის სუპერთასის და "ლა ლიგის" სამგზის, ევროპის სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასების გამარჯვებული, საბერძნეთის ორგზის ჩემპიონი (რას ერჩი გორგოძეს – მართალია კაცი!) კრისტიან კარამბუ უეფამ საკუთარ ელჩად მოავლინა უნგრეთში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ევროპის ჩემპიონატზე (თბილისში ამასწინათ შოთა და არჩილ არველაძეებს დააკისრა უეფამ ამგვარი მისია) და მანაც კეთილსინდისიერად შეასრულა მოვალეობები: ორივე ქალაქში – ბუდაპეშტშიც და დებრეცენშიც რამდენიმე საათს არიგა ავტოგრაფები, ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით კანგა ხანს კენწლა ბურთი ბუდაპეშტის გადაჭედილ "პაპ ლასლო" არენაზე თუ დებრეცენის "ფონიქს ჰოლში", უამრავი სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუც დაარიგა და ჩვენი მეგობრობაც უფრო გამყარდა. როცა მოიცალა და თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, გია გორგოძის ხათრით პირველად ის ვკითხე – დავით ყიფიანი და საქართველო თუ გაგიგონია-მეთქი.
- ყიფიანი არა და საქართველო კი გამიგონია, რამდენიმე კარგი მოთამაშე გყავთ, მაგრამ ახლა დაღლილი ვარ და ვერ ვიხსენებ, თანაც ამ ბოლო დროს იმდენი ახალი ქვეყანა გაჩნდა, ძნელია დამახსოვრება, გეოგრაფიაში კი არც ისეთი პროფესიონალი ვარ...
- ფეხბურთის შემდეგ რა საქმიანობას მიჰყევით ხელი?
- კომენტატორობას და ფეხბურთის ანალიზს ვაკეთებ, ასევე სხვადასხვა გადაცემებში ვმონაწილეობ.…
- თქვენი მეუღლე სლოვაკი სუპერმოდელი ანდრიანა სკლენარიკოვა რას საქმიანობს (მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ გაყრილები მ.კ.)?
- ამ ბოლო დროს სამოდელო საქმიანობა მიატოვა და სხვადასხვა ფილმებსა თუ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობს... ჩვენ ხან პარიზში ვცხოვრობთ, ხანაც ადრიანას სამშობლოში – ბრატისლავაში.
- ახალ კარამბუს თუ ზრდით?
-ერთი გოგონა გვყავს, 14 წლისაა და ფეხბურთი არ აინტერესებს.
- სამშობლოში თუ ჩადიხართ?
- კი, ძალიან ხშირად, მე ხომ ფრანგული პოლინეზიიდან ვარ და სამშობლოში, ახალ კალედონიაში ჩემი საფეხბურთო სკოლა დავაფუძნე და მიხარია, რომ უამრავი ბავშვი დავაყენე სწორ გზაზე. ახლა მალე მიწევს გამგზავრება, არადა ზიდანმა შემომთავაზა – შიდსის საწინააღმდეგოდ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა და რაკიღა სამშობლოში ჩასვლა დაგეგმილი მქონდა, სამწუხაროდ ზინედინისთვის უარის თქმამ მომიწია...
- უეფამ უნგრეთში ფუტზალის ელჩად მოგავლინათ და თავად ფუტზალი თუ გითამაშიათ?
- თამაშით არა, მაგრამ ჩვენი მწვრთნელები ხშირად გვავარჯიშებდნენ ფუტზალში წინასასეზონო პერიოდში – ამას იმით ხსნიდნენ, რომ ფუტზალში ხშირი და ახლო კონტაქტია და დაცვის ელემენტების დახვეწა კარგად შეიძლებაო. ისე, რომ მეთამაშა, ფუტზალშიც ძალიან მაგარი ვიქნებოდი...
- თქვენი სახელი და გვარი ფრანგულად სწორად როგორ წარმოითქმება?
- ქღისთიენ ქაღემბიუ.
... მოკლედ, ქღისთიენ კაღემბიუს კეთილ გულთან და კარგ ხასიათთან ერთად მუსიკის ჩინებული გრძნობაც აღმოაჩნდა – ერთ-ერთი მორიგი პრესკონფერენციის წინ გავეხუმრე – ახალი წესებით, ელჩები სიმღერით უნდა გამოვიდნენ ჟურნალისტებთან-მეთქი. წამოეგო ჩემს ხრიკზე: ამ ტურნირისთვის ჩემს მიერ დაწერილი სიმღერა "ივერიას" უკვდავი ბოშური მელოდიის თანხლებით უცებ დავამღერეთ, რომელიც გაოცებულ ჟურნალისტებს ისე მოეწონათ, რომ "ევროსპორტმა" იუთუბში, უნგრულმა ვებ-გვერდმა www.webcsatoma.hu-მ კი თავის გვერდზე განათავსა...


მამუკა კვარაცხელია

www.worldsport.ge

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0