x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ მუშაობს ჭიათურის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროგრამა

image

სასოფლო სამეურნეო ბარათების პროგრამა საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში ხარვეზებით მიმდინარეობს. განკუთვნილი შეღავათებით ყველამ ვერ ისარგებლა და ყანების დახვნა-გაფხვიერება ბევრ გლეხს საკუთარი ხარჯებით მოუწია. ჩვენ ჭიათურის სოფლებში პროგრამის მუშაობით დავინტერესდით.
“მთავრობამ რომ დაგვირიგა სასოფლო სამეურნეო ბარათები და სოფლებში ნახევარზე მეტი, ზოგგან კი სულ მოუხნავი დარჩა მიწა, არის ახლა ეს მოსაწონი? ჩვენთან მოვიდნენ ტრაქტორები, ზოგს დაუხნეს, ზოგს -არა, ჩემს მეზობელს რომ დაუხნეს, მე რაღა დავაშავე. სამართლიანია ეს? გვეუბნებიან მოვლენ ტრაქტორებიო და რაღა დროსია, ახლა უკვე კი უნდა ვთოხნიდეთ“- გვეუბნება ჭიათურის რაიონის სოფელ ბიღის მცხოვრები გელა, რომელმაც ვერ ისარგებლა გლეხებისთვის გამოყოფილი ბარათებით.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგრამის დაწყებამდე განმარტა, მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. კერძოდ: 0.25 ჰექტარზე მცირე
ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. 0.25 - ჰა-დან
1.25 ჰა ფართობის მიწის მესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ 2 სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათს: 1 ბარათი(კომბინირებული) - ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება და 2 ბარათი(ნომინალური) - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი 300 ლარის ღირებულებით.
სოფელში ამბობენ, რომ მიწების აზომვა არასწორად მოხდა. “წესით, ის მონაცემები, რაც ჩავაწერინეთ, თავად უნდა გადაემოწმებინათ. ზოგმა იცრუა და ზედმეტი ნაკვეთები მიიწერა, შესაბამისად, მას მეტი თანხა მოუვიდა ბარათზე“, -აცხადებენ ისინი.

მიწების აზომვის პრობლემას 14-მაისის პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა: “ ეს უნდა მომხდარიყო ადრეულ პერიოდში. მიწების აზომვა მოითხოვს გაცილებით მეტ დროს, ვიდრე სოფლი მეურნეობის სამინისტრომ დახარჯა. მიწების დიდი ნაწილი დარეგისტრირებული არ იყო. კადასტრი არ არსებობდა. კარდაკარ იარა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დიდი სამუშაოები ჩაატარა. თუმცა ეს ვერ იქნებოდა სრულყოფილი პროცესი, პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს ივანიშვილი.

“ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ოთხმა ტრაქტორმა მაინც იმუშავა
ჩვენს სოფელში. ასე იყო, თუ ისე კი ვისარგებლეთ პროგრამით, მაგრამ ჭიათურის სხვა სოფლებში, მაგალითად, ღვითორსა და ვაჭევში საერთოდ დაუხნავია ყანები. აი, თერჯოლლებმა ერთი ამბავი დააწიეს. ცხელ ხაზზე დარეკეს და მაშინვე გამოუშვეს მათთან ტექნიკა“, - ამბობენ ბიღელები.
“ჩვენ რა დავაშავეთ? ბევრგან მოხნეს და ისეთი ადგილები
დატოვეს, იმაზე ვერ იჩივლებ. არადა დავზარალდით.
2500 მეტრი მქონდა ტრაქტორით სახნავი, მაგას არ უნდა ვაუჩერი, მოვა პატარა ტრაქტორი და ისე დახნავთ, გადასახადები არაფერი არ იქნებაო. ვისაც 2500 მეტრზე მეტი სახნავი ჰქონდა, იმას კი მოუვიდა ბარათები, საიდანაც ზოგმა გამოიყენა, ზოგმა ვერა. მერე აღარ მოვიდნენ პატარა ტრაქტორები და კი დავრჩით ისე. რატომ უნდა იყოს ასე, რაც მაქვს მე დასახნავი იმისი მოეცათ“, - უკმაყოფილებას გამოთქვამს სოფელ ბიღის კიდევ ერთი მცხოვრები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას სიტყვებს,
რომელიც მან ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტმეტრში“ 9- მაისს გააკეთა, თითქოს გლეხებმა აბსოლუტურად უსასყიდლოდ დაამუშავეს ყანები, სოფელში ასე გამოეხმაურნენ.
“ დახვნის ფულს მეზობელს ვესესხე, სოციალური დახმარება
წინასწარ მაქვს აღებული და ჯერ არ დამერიცხება.
მეზობელი სოფლიდან გადმოვიდა ტრაქტორი და უნდა მოვასწრო, თორემ შეიძლება სულ ისე დავრჩე“; - გვეუბნება კიდევ ერთი უკმაყოფილო მცხოვრები.
“ვისაც არ ჰქონდა ვაუჩერი, იმათაც დახნეს მთავრობის
ტრაქტორებით და ფული გადაიხადეს. ის ეგ რა სისულელეა. რამდენიც აქვს დასახნავი ადამიანს, იმდენის უნდა მისცეს“ - ამბობს ჭითურის რაიონის სოფ. ბიღაში მცხოვრები მაია კვანტიძე.
თუ დახვნაში ერთეულებმა გადაიხადეს ფული, ყანების დაფარცხვა-გაფხვიერება თითქმის ყველა გლეხს საკუთარი ხარჯებით მოუხდა: “რომ არ დამეფარცხა, დასათესი მქონდა და გვიანდებოდა. 57 ლარის ბენზინი თუ უნდა მეყიდა, თავად დავხნავდი, რაღად მინდოდა მთავრობა. ისე კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ მოგვცემოდა საშუალება, გაგვენაღდებინა ბარათები და იმ ფულს როგორც გვინდოდა, ისე გამოვიყენებდით“, - ამბობს ნაზი ჩუბინიძე.
სოფლელები დახვნის ხარისხითაც უკმაყოფილოები არიან.
“ჩვენი დაქირავებული ტრაქტორისტი გვეუბნებოდა, მე როცა გიხნავდით, ერთ ამბავში იყავით, როცა რამე არ მოგწონდათ და ეს რას ჰგავს, რამდენი ხარვეზი დაუტოვებიათ და ხმას რატომ არ იღებთო“ - “აბა ჩვენ ვიხდიდეთ ფულს, თუ არ ვეტყოდი საყვედურს მერე ნახავდი. ახლა უფასოა, მთავრობა იხდის და იმიტომაც არ ვიღებთ ხმას-თქო ვუთხარით“, - გვეუბნება მაია კვანტიძე.
თუმცა იგი ხარვეზების მიუხედავად სოფელში სასოფლო-სამეურნეო
ბარათების დარიგებას დადებითად აფასებს.
“უკმაყოფილო კი არ ვარ, პირიქით მადლობელი ვარ, რომ
დავხანით ყანები. ვიყიდე სასუქი, ადრე ვინ გაძლევდა კაცო, ის სამი “პაჩკა“ სასუქი საქმეა. ვენახის შესაწამლი მანქანა, ფული რომ
მქონოდა, ადრეც ხომ ვიყიდდი. მაგრამ ვეღარ გაწვდი. მთავრობამ რა ქნას, იმან მოგვცა და მერე მაღაზიის ნოქარია, თუ გამგებელი, იმათმა უნდა მიხედონ საქმეს ადგილზე. რა ქნას ახლა, ბიძინას ბრალია ეგ? იმან თვითონ გამოყო თავისი ფული და ის დაგვირიგა. არცერთი კაცი არ გააკეთებს ამას. იმან იცის გლეხი კაცის ამბავი, რა შრომა უნდა მიწას და იმიტომ გადმოდო ფული ამ საქმისთვის. მაგრამ თავად კი ვერ გაჰყვება ამ ფულს და ყველა სოფელში თავად კი ვერ მივა. ქართველი კაცი მაინც გაუმაძღარია, ცხრაიმდენი რომ გამოეგზავნა, მაინც უკმაყოფილო იქნებოდა ხალხი. ეგ არის, არ უნდა დაჩენილიყო ყანები დაუხნავი. მე თუ დავხანი, სხვამ რა დააშავა.“ - აცხადებს მაია კვანტიძე.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენციისას გაირკვა, მთავრობა აღნიშნული პრობლემების საქმის კურსშია, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ამას პროგრამის მასშტაბურობით ხსნის: “ტექნიკის ნაკლებობის ცალკეული შემთხვევები იყო. ესენი აღმოფხვრილია და იფხვრება. ბარათების რაოდენობაც დავამატეთ, დაახლოებით 40, თუ 45 ათასი დავამატეთ. ახლა მესამე ნაწილს ითხოვენ გამგებლები. თუმცა ესენი უმეტესად ისევ ძველი გამგებლები არიან და მათი ნდობის ხარიხსი ნაკლებია. ამიტომ ბარათების დამატების მესამე ეტაპზე თავს ვიკავებთ. ეს პროცესი უნაკლოდ ვერ ჩაივლიდა, იმიტომ რომ ეს იყო მასშტაბური პროექტი. მე მგონი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კარგად გაართვა თავი. ის კითხვები და ხარვეზები რაც არსებობს კი ობიექტურია“, - აცხადებს ივანიშვილი.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0