x
image
worldsport.ge
„სიკვდილის ჯგუფი“ ახალგაზრდა წყალბურთელებმა წარმატებით გადალახეს
imageსაქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი შეხვედრა ჰოლანდიასთან, მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 10:9 დასრულდა. ზოგადად, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით განვლო ევროპის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფი, რომელშიც 4 თამაშიდან 3 მოგებით და ერთი ფრით, საბოლოო ჯამში, 10 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.
დღევანდელ მატჩში ყველაზე შედეგიანი ქართველი ანდრია ბითაძე იყო, რომელიც 3 გოლის ავტორი გახდა.
შესარჩევ ეტაპზე სულ 5 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, გერმანია, სლოვაკეთი, ჰოლანდია და მოლდოვა. ფინალურ ეტაპზე მათგან მხოლოდ 2 მოხვდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 10 ქულის მოპოვებით და პირველი ადგილის დაკავების შედეგად მიემგზავრება ევროპაში, გერმანია კი - 8 ქულით. შემდგომი ადგილები სლოვაკეთმა - 5 ქულით, ჰოლანდიამ - 4 ქულით და მოლდოვამ - 0 ქულით დაიკავეს და შესაბამისად გამოეთიშნენ ფინალურ ეტაპს.
შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ნაკრები სერბეთში მიემგზავრება ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებლად, რომელიც მალტაში ჩატარდება.image

დავით რურუა (საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი): „ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგება, მითუმეტეს ფინალურ ეტაპზე გადასვლა, დიდი ნაბიჯია. ძალიან სასიხარულო ამბავია მწვრთნელებისთვისაც, ბავშვებისთვისაც, მთელი ფედერაციისა და სრულიად საქართველოსთვის.
ახლა მზადების პერიოდი იწყება და ნაკრები სერბეთში გაემგზავრება. სერბეთში უმაღლეს დონეზეა წყალბურთი განვითარებული და იქ კარგად მოემზადებიან ბავშვები.
ფინალური თამაშები მალტაში გვექნება და იქაც ვეცდებით, რომ 8 გუნდში მოვხვდეთ. აქვე მინდა დავსძინო, რომ ამ ბიჭებში დიდ პერსპექტივას ვხედავ და გამოვყოფდი ოთხ მოთამაშეს, რომლებიც სამომავლოდ (საუბარია დაახლოებით ერთ-ორ წელიწადზე) ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან: ბითაძე, ჩახაია, ჩიკვაიძე და იმნაიშვილი. ეს მთელი ტურნირი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალგაზრდებზე გადატყდა და მშვენივრად გაართვეს თავი“.
იოან პოპოვიჩი (საქართველოს წყალბურთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი): „საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს, რომელიც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული. ეს ყველაფერი რამდენიმე წლის დაუღალავი შრომის შედეგია. ძალიან ძლიერი თაობა მოდის, ამას შედეგებიც ადასტურებს. მალე ეს ახალგაზრდები ეროვნულ ნაკრებს შეავსებენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში გვედგა მთელი ამ დროის განმავლობაში და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ შედეგამდე მისაღწევად. ევროპის ჩემპიონატამდე საკმაო დროა კარგად მოსამზადებლად, რათა იქიდანაც კარგი შედეგებით დავბრუნდეთ“.image

გიორგი გაბადაძე (ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი): „საკმაოდ რთული ქვეჯგუფი იყო, რომელიც შედგებოდა 5 გუნდისგან. დავიკავეთ პირველი ადგილი, რითაც ასევე მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ჰოლანდია, სლოვაკეთი გერმანია - საკმაოდ მაღალი დონის გუნდებია, არც ისე მარტივი იყო მათი დამარცხება. ფინალში ყველანაირად ვეცდებით ჩვენი სათქმელი ვთქვათ და საპრიზო ადგილით დავბრუნდეთ უკან“.
ანდრია ბითაძე (ახალგაზრდული ნაკრების წევრი): ყველაზე რთული ქვეჯგუფი გადავლახეთ, რომელიც ევროპაში - „სიკვდილის ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი. სამი წელი დაუღალავად ვშრომობდით ჩვენი მიზნის მისაღწევად, პირველი ადგილის მოსაპოვებლად, მით უმეტეს პირველ სერიოზულ ტურნირზე ჩვენს სპორტულ კარიერაში და ჩვენ ეს შევძელით. ძალიან სასიხარულო ამბავია ეს მთელი ქართული წყალბურთისთვის და ჩვენც ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასეთი შედეგებით გადავედით ფინალურ ეტაპზე“.


ეკა ლოლუა


ლაშა კუპრაშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0