x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93629
  • ვიდეო:342130
  • სურათი:455844
ვაცლავ ჰაველი – ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი პრეზიდენტი
"სულ უფრო ვრწმუნდები, რა აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება, რადგანაც გემოვნება პირველ რიგში განსაზღვრავს, რამდენს ილაპარაკებ, რამდენად ღირს რაღაცის თქმა ან შეკითხვის დასმა. გემოვნება განგასაზღვრინებს სად იხუმრო, სად ილაპარაკო სერიოზულად, როდის ილაპარაკო ქარაგმებით, როდის – პირდაპირ.... როდესაც გემოვნებაზე ვლაპარაკობ, ცხადია ვგულისხმობ გემოვნებას ყველაზე ფართო გაგებით და არა მხოლოდ ჰალსტუხის შესარჩევად საჭირო გემოვნებას". 1936 წლის ოქტომბერში, პრაღაში გაჩნდა პატარა ბიჭი. გახარებულ უფროს ჰაველს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მე–20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ჩეხი პოლიტიკოსის მამა გახდა. ჰაველები მდიდრები იყვნენ. ვაცლავის მამა პრაღის ყველა მაღალ წერტილზე განლაგებულ უბან "ბარანდოვს" ფლობდა. დედა კი ცნობილი ჟურნალისტის და ელჩის ქალიშვილი იყო. სხვათა შორის, 1920–40–იან წლებში ოჯახი საკმაოდ ინტესიურად იყო ჩაბმული ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში. ინტელიგენტი მშობლების წყალობით ვაცლავ ჰაველმა, მაჰათმა განდის მსგავსად, საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა მიიღო ოჯახში. თუმცა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო, მას ფორმალური განათლების მიღება აუკრძალეს. 50–იანი წლების დასაწყისში ჰაველმა ერთ–ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში, ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 4 წლის შემდეგ მისი სურვილი, სწავლა განეგრძო ჰუმანიტარული განხრით, იგივე პოლიტიკური მოსაზრებების გამო სურვილად დარჩა. ამიტომ იძულებული გახდა ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. თუმცა იქ მხოლოდ 2 წელი ისწავლა. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, თეატრში, სცენის ასისტენტად დაიწყო მუშაობა და პარალელურად პრაღის თეატრალურ აკადემიაში დრამის ლექციებს ესწრებოდა. გასაკვირია, მაგრამ ვაცლავ ჰაველმა ცოლად პროლეტარი ოლგა სპლიჩალოვა მოიყვანა. პირველად ჩეხოსლოვაკიაში მისი სახელი მაშინ გაჟღერდა, როცა თეატრ ბალუსტრადაში მისი პიესა "ბაღის წვეულება" დაიდგა. პიესა მოეწონათ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ავტორი გასცდა სოციალისტურ ჩარჩოებს. 1968 წელს, მისი პიესის "მემორანდუმის" ნიუ იორკის საჯარო თეატრში გამოჩენამ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა. სწორედ ამიტომ არ იწვევდა პრაღის უნივერსიტეტის რექტორატი ჰაველს აღფრთოვანებულ სტუდენტებთან შესახვედრად. სწორედ ამიტომ კიცხავდნენ კრიტიკოსები "ბურჟუა" ვაცლავს. თუმცა ეს ხელს სრულებით არ უშლიდა, ჩაეტარებინა ლიტერატურული საღამოები, მოესმინა ახალგაზრდების აზრი, ეწერა ჟურნალ "ტვარჟში", რომელიც სწორედ მისი სტატიების წყალობით გახდა პოპულარული. კომუნისტური მმართველობა იმ პერიოდში აღარ იყო ისეთი მკაცრი, მაგრამ ჟურნალის ბაზაზე არაკომუნისტი მწერლების გაერთიანების შექმნა უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა. ჟურნალი დაიხურა. იდგა 1968 წელი. პრაღაში რუსული ტანკები შევიდნენ. ვაცლავ ჰაველი მაშინ პირველი იყო, ვინც ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი, ვინც მოითხოვა წინ აღდგომოდნენ ამ უსამართლობას. "პრაღის გაზაფხული" ჩაახშეს. დისიდენტი ჰაველი კი 4 თვე ციხეში აყურყუტეს. აიკრძალა მისი პიესები. ციხიდან გამოსულმა ჰაველმა დისიდენტური ორგანიზაცია "ქარტია 77" დააარსა. პარალელურად წერას განაგრძობდა . მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთში, თუმცა ძალიან მალე ის ისევ დააპატიმრეს. ამჯერად 4 წლით. ამასობაში საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" დაიწყო. 88–ში ოპოზიციურმა მოძრაობამ ჩეხოსლოვაკიაში პიკს მიაღწია. მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა – ვაცლავ ჰაველი. მან შექმნა "სამოქალაქო ფორუმი" და განაცხადა, რომ მალე ყველა ერთად კომუნისტურ რეჟიმს დაამხობდნენ. 1989 წელს, მაშინ როცა ჩვენ ბარებით და ნიჩბებით დაგვხოცეს და ჩვენი დისიდენტები ხელისუფლებაში დაბინავდნენ, იქ, პრაღაში, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კომუნისტურ რეჟიმს ჰქონდა მცდელობა ჩაეხშო მათი პროტესტი, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს პირველ რიგში ამ საპროტესტო ტალღის ავტორის, ვაცლავ ჰაველის დამსახურება იყო. მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ეკლესიამაც. ეკლესია ჩვენს დისიდენტებსაც ედგა მხარში, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად და რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად განვითარდა. ჩვენთან 1989 წელს სისხლიანს ეძახიან, ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში კი "ხავედოვანი რევოლუციის" წლადაა ცნობილი. ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო. როდესაც სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჰაველმა თქვა, რომ ცუდია თუ სლოვაკებს მათთან ერთად ცხოვრება არ სურთ, მაგრამ თუკი ეს ნება ხალხმა რეფერენდუმით გამოხატა, რა გაეწყობა. ამის გამო ის ბევრმა გააკრიტიკა. ამერიკის მარიონეტს უწოდებდნენ, ლანძღავდნენ, ჩეხოსლოვაკიის დაშლაში სდებდნენ ბრალს. გავიდა რაღაც პერიოდი და ყველამ თქვა, რომ ჰაველი სწორად მოიქცა. სწორედ მისი წყალობით არ დაერია სამკვდრო–სასიცოცხლოდ ერთმანეთს ორი ერი. მან ხომ იცოდა. განათლებული კაცია ვაცლავ ჰაველი, მარტო პატრიოტი კი არა. გადასარევად იცოდა სლოვაკეთში ჰიტლერის ჩადებული ნაღმის შესახებ. მას მხოლოდ უნდა შეხებოდნენ. ჰაველი ყველაფერთან ერთად "განაღმვის" ოსტატიც აღმოჩნდა :–) "პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული ადამიანებში არსებული საუკეთესო თვისებების მობილიზება მოხდება თუ ცუდის. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების მოღვაწეობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე და მათი მოვალეობაა ადამიანებში გამოძებნონ და განავითარონ ყოველივე საუკეთესო. ზოგიერთებს გულუბრყვილო მეოცნებე ვგონივარ, მეოცნებე, რომელსაც, არათავსებადის, ანუ პოლიტიკის და ზნეობის შეთავსება სურს. ეს ძველი სიმღერაა!" "გულუბრყვილო მეოცნებე" 1993 წელს ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა. მისი მმართველობის 13 წლის მანძილზე, ქვეყანამ რადიკალური და რაც მთავარია დადებითი ცვლილებები განიცადა. 2003–ში წავიდა. წავიდა მშვიდად, მადლობით. და ამავდროულად მობოდიშებით – "მათ ვისაც იმედები გავუცრუე, გულწრფელად ვწუხვარ და მჯერა, რომ მაპატიებთ". მართალია ევროკავშირში ჩეხეთი 2004 წელს შევიდა, მაგრამ ეს მთლიანად მათი პირველი პრეზიდენტის დამსახურება იყო. ვაცლავ ჰაველმა მოახერხა ყველაზე მთავარი – არ აჰყვა პოსტკომუნისტური რეალობის გავრცელებულ ტენდენციებს, არც ფანატიკოსი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ ბელადად იქცა და არც პრაგმატულ ლიდერად. ჩეხოსლოვაკიის დაშლაც ღირსეულად მიიღო და ზნეობრივი პოლიტიკის ერთ–ერთი სიმბოლოც გახდა. "არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკაში იმარჯვებენ მხოლოდ უსულგულო ცინიკოსები, თავხედები და უტიფრები. ასეთ ადამიანებს პოლიტიკა მართლაც იზიდავს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ყველაზე მეტად პატიოსნება და კარგი აღზრდაფასდება". კარგად დავფიქრდეთ და დავიმახსოვროთ, როგორი აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება... მისი ყველაზე ფართო გაგებით. P.S. ჰო, და მისი გემოვნების მაჩვენებელი ერთი პატარა შტრიხიც – ფრენკ ზაპამ უარი უთხრა, თორემ ვაცლავ ჰაველმა მას ჩეხეთის კულტურის მინისტრობა შესთავაზა. ეს(ჰაველი) – რა გემოვნებიანი, ის(ზაპა) – რა ჭკვიანი. ამაზეც ღირს დაფიქრება :–)
0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო კალანდია
ნინო კალანდია
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0