x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
SAMO is dead - Nobody saves idiots
ჟან მიშელ ბასკია – 1960–1988

მეოცე საუკუნის 70–იან წლებში, ნიუ იორკის ქუჩებში, კედლებზე უცნაური წარწერები გაჩნდა - SAMO saves idiots… SAMO as a neo art form… SAMO as an end to mind wash religion, nowhere politics, and bogus philosophy….

წარწერების ავტორს ღამ–ღამობით სკვერებში, სკამებზე ეძინა.

15 წლამდე ჟან მიშელ ბასკია მშობლების საყვარელი შვილი იყო, დამჯერი და ბეჯითი. წერა–კითხვა 4 წლისამ ისწავლა. 11 წლის ასაკში უკვე ფრანგულად და ესპანურად ლაპარაკობდა, ხატავდა. მამას ხშირად მოჰქონდა პატარა ჟან მიშელისთვის ფერადი ფანქრები. დედას მუზეუმებში დაყავდა. ხატვის გაკვეთილებზესიარულისას, მასწავლებლებმა ძალიან მალე აღმოაჩინეს პატარა შავკანიანი ბიჭის განსაკუთრებული ნიჭი. მშობლები შვილის ამ გატაცებას მაქსიმალური თანადგომით პასუხობდნენ. მოკლედ, ჰაიტელი ჟერარ და პუერტორიკოელი მატილდა ბასკიების ოჯახი მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდა.


ერთხელ, ქუჩაში მოთამაშე ჟან მიშელს მანქანა დაეჯახა და ბიჭი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოხვდა. დიდხანს წოლით თავმობეზრებულ ბასკიას დრო რომ უფრო ადვილადგაეყვანა, დედამ გასართობად ანატომიის წიგნი მოუტანა. იქ ნანახისქემები იმდენად ჩარჩა მის გონებაში, რომ მოგვიანებით, თავის ნამუშევრებში, ხშირად იყენებდა ანატომიურ ჩანახატებს. ამისედაც რთულ პერიოდს დაემთხვა მშობლების განქორწინებაც. ცოლ–ქმარმა შვილები გაიყო. მამამ გოგონები წაიყვანა, ჟან მიშელი დედასთან დარჩა.

ოჯახური იდილია დასრულდა.

ნელ–ნელა, სანიმუშო ბავშვი მეამბოხე მოზარდად გადაიქცა და ბოლოს სახლიდანაც გაიქცა. აი, ზუსტად მაშინ დაიბადა SAMO (Same Old Shit). გრაფიტით გატაცებული ბასკია და მისი მეგობარი ალ დიასი სწორედ ამ ფსევდონიმით ხატავდნენ ნიუ იორკის ქუჩებში, ყველგან, სადაც მოახერხებდნენ. მამამ გაქცეულ შვილს რამდენიმე კვირაში მიაგნო და უკან დააბრუნა. თუმცა ბეჯითი შვილი წარსულს რომ ჩაბარდა, ეს მისმა მშობლებმა ძალიან მალე დაინახეს. დამამთავრებელ წელს ბასკიამ სკოლა მიატოვა. განრისხებულმა ჟერარ ბასკიამ, ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა უკვე თავად გააძევა შვილი სახლიდან. მაგრამ ეს ჟან მიშელისთვის სულაც არ იყო სასჯელი, პირიქით, მიაჩნდა, რომ ძალიანაც კარგია სახლში მისვლა რომ აუკრძალეს. ახლა უკვე თავისუფლად შეეძლო ეხეტიალა სადაც უნდოდა და როცა უნდოდა, თან, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.მოგვიანებით ჯონ ლური იხსენებდა, როგორ ათევდა ღამეებს ბასკია მის სახლში, როგორ ხატავდა მაისურებზე, ქაღალდის ნაგლეჯებზე, ქუჩაში გადაყრილ სკამებზე, კარადებზე და ძველ მაცივრებზე. ხატავდა, იმისთვის, რომ გაეყიდა. რასაც ვერ ყიდდა, აგდებდა, ან იქვე ტოვებდა. როგორც ჯონ ლური ამბობს – მაშინ ბასკიამ ქარს მილიონები გაატანა. იმ პერიოდის ბევრი ნახატი რა თქმა უნდა უკვალოდ გაქრა, ნაგვის ბუნკერებში დაიდო ბინა, გადაყრილ ავეჯთან ერთად.

იდგა 70–იანი წლები. ძალიან საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული, მაგრამ უფულო. სხვათა შორის ამ პერიოდში ბასკიამ, ვინსენტ გალოსთან ერთდ მუსიკალური ჯგუფიც დააარსა – Gray. მათი მუსიკა ედი ბერტოლიოს დოკუმენტურ ფილმში, Downtown 81-შიც ისმის.

SAMO–მ ნიუ იორკის ქუჩებში მოგზაურობა 1979 წელს დაასრულა. ერთ მშვენიერ დილას, უცნაურ წარწერებს მიჩვეულმანჰეტენელებს, ერთ–ერთი შენობის კედელზე დასასრულის მიმანიშნებელი წარწერა დახვდათ – SAMO IS DEAD.

ბასკიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ჩარლი პარკერით და ჯიმი ჰენდრიქსით შთგონებული მხატვარი, გრაფიტიდან პატარა ბარათების მოხატვაზე გადავიდა. სწორედ მაშინ გაიცნო ენდი უორჰოლი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.

მიზანთროპი და უხასიათო პოპარტისტი სოჰოს ერთ–ერთ რესტორანში იჯდა, როცა მას ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა დათავისი ნამუშევრების დათვალიერება შესთავაზა. ბიჭს უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა და ხელში ქაღალდები ეჭირა. უორჰოლი ათვალიერებდა ამ ნაივურ ნახატებს და ხვდებოდა, რომ მის წინ ჯერ აღმოუჩენელი გენიოსი იდგა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების მოძულე, სნობი და ცინიკოსი უორჰოლი აბსოლუტურად შეიშალა ბასკიას შემოქმედებაზე და სიცოცხლის ბოლომდე მის ერთგულ მეგობრად დარჩა.

1982–ში ანინა ნოსეიმ (უორჰოლის რეკომენდაციით) ახალგაზრდა მხატვარს სამუშაოდ გალერეა დაუთმო. ჟან მიშელი ფაქტობრივად ამ გალერეაში ცხოვრობდა. უსმენდა ჯიმი ჰედრიქსს და ხატავდა“ Jimmy Best“-ს, ხატავდა ისე, როგორც თვითონ იცოდა. ხატავდა იმას, რასაც გრძნობდა. ხატავდა ჩარლი პარკერით შთაგონებული. მისი ცნობილი კოლაჟი CPRKR სწორედ ამ ჯაზმენ კაცს ეძღვნება. სათაურიც მისი სახელის და გვარის აბრევიატურაა.

მის ნახატებში ხშირად გვხვდება გვირგვინი. ეს მისი ერთგვარი ხელმოწერა იყო თავის ნამუშევრებზე. სიმბოლური მინიშნება იმისა, რომ მეფეა.

ბასკია ფართო წრეებისთვის ლარი გაგოსიანის გალერეაში გამართული ჯგუფური გამოფენის „Collaborative Projects Incorporated“–ის შემდეგ გახდა ცნობილი. მალე Artforum-მა რენე რიკარდის რეცენზია გამოაქვეყნა, სადაც მან ბასკიას „მანათობელი ბავშვი“ უწოდა. კოლექციონერებმა მისი შეძენა დაიწყეს. ახალგაზრდა ნეოექსპრესიონისტზე ევროპაშიც ალაპარაკდნენ. ეწყობოდა გამოფენები, იწერებოდა რეცენზიები...

წარმატება მოვიდა. მოვიდა ფულიც. და ფულთან ერთად ნარკოტიკებიც.

გაბრუებული ბასკია ხატავდა „ნილოსს“, ეგვიპტურ ნავებს, ნუბიას, საკუთარი ავტოავარიის სცენებს, ქუჩებს, ლამპიონებს, სახლებს, ხატავდა ქაღალდზე, ხეზე, ნაჭერზე, ხატავდა თავისი მეგობარი გოგონას კაბებზე.... მერე დაღლილ–დაქანცული, ქუჩებშიფეხშიშველი დაეხეტებოდა, ფიქრობდა დედაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ენახა. ღამის პიჟამოში გამოწყობილი სტუმრობდა ჯულიან შნაბელს, რომელმაც მოგვიანებით, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, ფილმი გადაიღო – „ბასკია“ სადაც ენდი უორჰოლის როლს, ასევე ჟან მიშელის მეგობარი, დევიდ ბოუი ასრულებს. ფილმი კი ისეთივე ნათელი და არაყალბია, როგორიც თვითონ ბასკია იყო.

ცოტა ხანს სპილოს ძვლის კუნძულებზეც ცხოვრობდა, მაგრამ მალე მობეზრდა და ისევ ნიუ იორკს დაუბრუნდა.

როცა უყურებ ბასკიას ნახატებს, ხვდები როგორ ივსები ენერგიით, ხედავ რა ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან ფერები, სიტყვები, ხაზები....უყურებ და გრძნობ, როგორი გულწრფელი იყო ის ადამიანი, რომელიც ასეთ გემოვნებიან და სინათლით გაჯერებულნახატებს ქმნიდა. თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია, მოძრაობს – მეგაპოლისი – ხმაურიანი, არეულ–დარეული, ჭრელი და დიდი ქალაქის ამ ორომტრიალში, სადღაც შორს, ჯიმი ჰენდრიქსი უკრავს. უცებ მანქანების ხმა წყდება. ისმის ჩარლი პარკერი, იწყება აფრიკა, ანტიკური სამყარო, სიმშვიდე, სითბო და ჰაერში სიძველის სუნი ტრიალებს. არაა აუცილებელი მხატვარი ან ხელოვნებათმცოდნე იყო, ეს რომ გაიგო. ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. იგრძნო და შეიყვარო.

1987 წელს, ენდი უორჰოლის გარდაცვალებამ, ბასკიას ჰეროინისგან ისედაც შერყეულ ფსიქიკას, კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა. ის არანორმალურად განიცდიდა მეგობრის სიკვდილს და ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

88–ში, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, მორალურად და ფიზიკურად განადგურებულმა ბასკიამ ჰეროინის უკანასკნელი დოზა მიიღო.

ის აგვისტოში გარდაიცვალა. ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ მისი SAMO და ზუსტად იმ ასაკში, როგორც მისი კერპი, ჯიმი ჰენდრიქსი.

გრაფიტის მეფემ მხოლოდ 27 წელი იცოცხლა. როცა მის ნახატებს ვათვალიერებ, სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა იმ დღეს, იმ ბარში არ შესულიყო უორჰოლი, არ ენახა პატარა შავკანიანი ბიჭი, უცნაური ვარცხნილობით, რომელიც მის წინ მორიდებულად იდგა და ხელში შედევრები ეჭირა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო იმ ფაქტის გამო ღირს უჟმური ენდის პატივისცემა, რომ მან მსოფლიოს ბასკია ანახა.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო კალანდია
ნინო კალანდია
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0