x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თაღლითები (აფერისტები) - ვიქტორ ლუსტიგი - 1/10
image

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანი იყო ვიქტორ ლუსტიგი (victor lustig). ''ადამიანი, რომელმაც ეიფელის კოშკი გაყიდა'', სწორედ ამ სახელით არის იგი მსოფლიოში ცნობილი და ნამდვილად დამსახურებულად ''ლიდერობს'' მსოფლიოს საუკეთესო თაღლითების სიას.
ვიქტორი დაიბადა 1890 წელს ჩეხეთში. ამ ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება ''მიუძღვნა'' ხალხის მოტყუებას და აფიორებს. 20 წლის ასაკში მან შექმნა ფულის საბეჭდი მანქანა, რომელიც 100 $-იან კუპიურებს ბეჭდავდა. ეს საკმაოდ კარგი თანხა იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში და ხალხიც არ იშურებდა ფულს მის შესაძენად. საბეჭდ მანქანას ვიქტორი 30 000 $-ად ყიდდა და მყიდველებს უხსნიდა, რომ მანქანა ყოველ 6 საათში ბეჭდავდა ფულს. სინამდვილეში მანქანას მხოლოდ 12 საათის განმავლობაში შეეძლო მუშაობა, ამის შემდეგ კი იგი უბრალოდ ცარიელ ფურცლებს უშვებდა. სანამ მყიდველები ხვდებოდნენ, რომ ისინი უსინდისოდ მოატყუეს, ვიქტორი უკვე შორს იყო.
ვიქტორ ლუსტიგი მუდმივად ნოვატორულად აზროვნებდა და ყოველთვის ახალ აფიორებს იგონებდა. იგი ძალიან ჭკვიანი იყო, 5 ენაზე თავისუფლად საუბრობდა და 45 ფსევდონიმი ჰქონდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი 50-ჯერ დააპატიმრეს, თუმცა სამხილების უკმარისობის გამო ყოველთვის ათავისუფლებდნენ. პირველ მსოფლიო ომამდე ვიქტორი დაკავებული იყო ლატარიების ორგანიზებით ფეშენებელურ კრუიზებში. რათქმაუნდა, ლატარეას გამარჯვებული არ ჰყავდა გარდა თვითონ ვიქტორისა, რომელიც თავს იღბლიან ბიზნესმენად აჩვენებდა ხალხს და საკუთარი ლატარიის პრიზს თვითონ იგებდა ხოლმე. მეოცე საუკუნის ოციან წლებში იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ასობით ათასი დოლარი გამოიმუშავა ბანკების და კერძო პირთა მოტყუებით.
ვიქტორ ლუსტიგის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და სერიოზული აფიორა იყო მსოფლიოში ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს მოტყუება. ვიქტორმა მას თავი წარუდგინა როგორც გრაფ ვიქტორად, სთხოვა 50 000 $ და დაპირდა, რომ 3 კვირაში გაორმაგებულ თანხას დაუბრუნებდა. ალ კაპონეს სისასტიკის შესახებ ყველამ კარგად იცოდა და ამიტომაც არავის არ მოსვლია თავში აზრად, რომ ვინმე მის მოტყუებას გაბედავდა. ვიქტორმა თავი აქაც ''ისახელა'' და თანხის აღებისთანავე გაქრა. მიუხედავად განგსტერების დაუღალავი ძებნისა, ''გრაფის'' კვალს ვერავინ ვერსად მიაგნო.
imageვიქტორ ლუსტიგის ყველაზე გრანდიოზული აფიორა იყო ეიფელის კოშკის გაყიდვა. 1925 წლის მაისში იგი პარიზში ჩავიდა. გაზეთის კითხვისას იგი გადააწყდა სტატიას, სადაც საუბარი იყო პარიზის ზოგიერთი უძველესი შენობების გარემონტებისა და რესტავრირების აუცილებლობაზე. სწორედ ამ დროს დაებადა ვიქტორს იდეა ეიფელის კოშკის გაყიდვაზე. ეიფელის კოშკი 1889 წელს აშენდა პარიზული გამოფენისთვის. ჩანაფიქრში იგი დროებითი პროექტი იყო და 1909 წელს მას ადგილმდებარეობის შეცვლასაც უპირებდნენ, ხოლო 1925 წელს კოშკის მდგომარეობა არცთუ სახარბიელო იყო. ეს ყოველივე ლუსტიგს წისქვილზე ასხავდა წყალს. ვიქტორმა შექმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც იგი საფრანგეთის კომუნიკაციისა და ფოსტის მინისტრის მოადგილედ ასაღებდა თავს. მან წერილი გაუგზავნა ექვს პოტენციურ მყიდველს, რომლებიც მეტალის გადამამუშავებელი ფაბრიკების უფროსები იყვნენ. ვიქტორმა ბიზნესმენები ფეშენებელურ სასტუმროში დაპატიჟა და გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც ეიფელის კოშკი უნდა დაშლილიყო და შეღავათიან ფასში რომელიმე ფირმის საკუთრება უნდა გამხდარიყო. მან ასევე დაარწმუნა ბიზნესმენები, რომ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ეიფელის კოშკის დაშლის შესახებ, ჯობდა, რომ აუქციონი დახურული ხასიათის ყოფილიყო და გარიგების დეტალები გასაიდუმლოებული დარჩენილიყო. ვიქტორმა გარიგებისთვის აირჩია ბიზნესმენი ანდრე პუასონი, რომელსაც არ ჰყავდა გავლენიანი ნაცნობები და რომელსაც ბიზნესი ახალწამოწყებული ჰქონდა. ლუსტიგმა მოხიბლა პუასონი და მისი მეუღლე, დაარწმუნა გარიგების ორმხრივ სარგებლიანობაში და ნაწილებად ''გაყიდა'' ეიფელის კოშკი. ჩვენდა გასაკვირად და ვიქტორის საბედნიეროდ, არავის არ დაუწყია თაღლითის ძებნა, ხოლო ანდრე პუასონმა, იმის შიშით რომ იგი ბიზნესმენთა წრეში რეპუტაციას დაიღუპავდა, ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ვიქტორმა კვლავ გადაწყვიტა იგივე აფიორის გამეორება, თუმცა ამჯერად, ბოლო მომენტში, მას არ გაუმართლა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა პოლიციას შეატყობინა გარიგების შესახებ და ვიქტორიც დააპატიმრეს, თუმცა სამხილების სიმცირის გამო იგი მალევე გაათავისუფლეს.
1934 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიქტორ ლუსტიგი დააპატიმრეს ფულის გაყალბების ბრალდებით. სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე ვიქტორმა მოახერხა გაქცევა, თუმცა ზუსტად 27 დღეში იგი დააპატიმრეს. ლუსტიგმა აღიარა ბრალდება. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან 12 წელი გაატარა კალიფორნიის შტატში მდებარე ცნობლი ციხეში - ალკატრასში. 1947 წლის 12 მარტს ვიქტორ ლუსტიგი გარდაიცვალა პნევმანიით.















0
538
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა გაგიშვილი
ნიკა გაგიშვილი
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0