x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ფილოსოფოსები ადამიანის შესახებ მსჯელობენ, ადამიანები კი ფილოსოფოსების შესახებ.
"ახლა კი დაე, ადამიანი კვლავ მიუბრუნდეს საკუთარ თავს და შეადაროს თავისი არსება ყოველივე არსებულს. დაე, შეიცნოს, რარიგ დაკარგულია სამყაროს ამ მივიწყებულსა და მიყრუებულ კუთხეში. ადამიანი მოქცეულია ორ – არარაობისა და უსასრულობის უფსკრულს შორის.
და მაინც რა არის ადამიანი? – არარაობა უსასრულობასთან შედარებით და ყველაფერი არარაობასთან შედარებით, ანუ რაღაც საშუალო ყველაფერსა და არაფერს შორის. მას არ შეუძლია არც ერთი უკიდურესობის შეცნობა, საგანთა დასაბამი და დასასრული მისთვის სამუდამოდ დაფარულია იდუმალების განუჭვრეტელი უკუნით. ის ერთნაირად უმწეოა შეიცნოს როგორც არარაობა, რომლისგანაც იშვა, ისე უსასრულობა, რომელშიც არის დანთქმული.
ადამიანი ეძებს მყარ საყრდენს, რომელსაც იგი მიენდობა, მაგრამ ვერ პოულობს, რამეთუ, ირგვლივ არაფერია ურყევი. ასეთია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და მაინც, სრულიად არაბუნებრივად ეჩვენება ჩვენს გრძნობებს. ჩვენ ხარბად მიველტვით მკვიდრ სამყოფელს, გვსურს ფეხქვეშ ვგრძნობდეთ მყარ ნიადაგს, რათა ცათაზიდული გოდოლი ავღმართოდ ზედ, მაგრამ საძირკველი ირღვევა.
მე არ ვიცი რაა სამყარო, არ ვიცი რა არის ჩემი სხეული, ჩემი გრძნობა, ჩემი სული და ჩემი არსების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს იმას, რასაც ვამბობ, რომელიც ცდილობს აზრით მიწვდეს და შეიცნოს ყველაფერი, შეიცნოს თავისი თავიც, მაგრამ უკეთ როდი იცნობს საკუთარ თავს, ვიდრე სხვა დანარჩენს. მე ვხედავ სამყაროს საშინელ სივრცეს, რომელშიც ვარ ჩაკეტილი. მე ვგრძნობ, რომ მიჯაჭვული ვარ ამ უვრცესი სამყაროს მხოლოდ ერთ კუნჭულს, მაგრამ არ ვიცი რად მხვდა წილად სწორედ ეს კუთხე და არა რომელიმე სხვა ადგილი, ან რად მებოძა სასიცოცხლოდ ერთი მსწრაფლწარმავალი წამი მარადისობის სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში. მარადისობისა, რომელიც წინ უსწრებს ჩემს დასაბამს და, რომელიც მოსდევს ჩემს დასასრულს.
მე ვერაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ უსასრულობის გარდა, რომელშიც ატომივით ვარ ჩაკარგული. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილია, რომელიც მხოლოდ წამით ევლინება უსასრულობას, რათა ამ წამის წახდომისთანავე უკვალოდ გაქრეს.
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე მოვკვდები, მაგრამ ყველაზე ნაკლებ ვიცნობ სწორედ ამ სიკვდილს, რომელსაც ვერ გავექცევი, ვერ ავიცილებ".ბლეზ პასკალი
"როგორც ლაგამი ვერ მოთოკავს აწყვეტილ ცხენს, ასევე ვერ მოთოკავს ინტელექტი და ცნობიერება ადამიანის ნებას". არტურ შოპენჰაუერი


"ადამიანად ყოფნა ნიშნავს იყო იმაზე მეტი ვიდრე ადამიანია, და თუ ადამიანი იმაზე მეტი არაა, ვიდრე ადამიანი, მაშინ იგი ნაკლებია, ვიდრე ადამიანი".აბრაჰამ ჰეშელი


"ღმერთი და მე, ჩვენ, ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ და ღმერთი ვერ განხორციელდება სულის გარეშე".მაისტერ ეკჰარტი


"ის, რადაც ვიცი ჩემი თავი არა ვარ სინამდვილეში თვით მე". კარლ იასპერსი



"ადამიანი თავად ქმნის თავის ღმერთს და თან მორალური გაგებით. ამგვარი რამ თვით უნდა შექმნას კიდეც, რათა მასში ეთაყვანებოდეს მას, რომელმაც თავად ის შექმნა".


"მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც საკუთარი ისე ნებისმიერი პიროვნების სახით, არასდროს გამოიყენო როგორც მხოლოდ საშუალება, არამედ როგორც მიზანი".


"ყოველი ადამიანი ინდივიდუალური, უნიკალური და შეუცვლელია თავისი ბუნებით".


"ადამიანის გარეშე ყველა ქმნილება უდაბნო იქნებოდა, რომელიც მოკლებულია საბოლოო მიზანს და უსარგებლოა". იმანუელ კანტი


"საოცრად მოუსვენარი, ჭეშმარიტად მერყევი და მარადცვალებადი არსებაა ადამიანი, იოლი არაა მასზე მტკიცე და ერთგვარი წარმოდგენის შექმნა". მონტენი


"გამოცანაა ღიმილი ყოველი ადამიანისა – არავის არ შეუძლია ზუსტად აღწეროს ინტერესის გამოხატულება, ენთუზიაზმი, ცხოვრების სიყვარული, სიძულვილი თუ ნარცისიზმი, რომელიც შეიძლება სხვა ადამიანის თვალებში, სიარულში, პოზასა და ინტონაციაში დავინახოთ".


"ადამიანი უკმაყოფილოა, უბედურია, დეზორიენტირებულია, შეცდომაშია შეყვანილი, სათამაშოა ბედის ხელში, სანამ თავის ადგილს იპოვიდეს ამ სამყაროში". ერიხ ფრომი


"შეიძულეთ ადამიანის საქმეები და არა თვითონ ადამიანი, ცოდვები და არა ცოდვილი. ეს ორი რამ სხვადასხვა რამეა. თუ თავად ადამიანს შევიძულებთ, სიძულვილისა და ზიზღის შხამი დაახრჩობს კაცთა მოდგმას". მაჰატმა განდი


"როდესაც ჩაუღრმავდები და შეიცნობ ქცევების მოტივებსა და პრინციპებს, სიკეთესა და ბოროტებაზე შეხედულებები (ზნეობრივი შემეცნება) სრულყოფის უმაღლეს საფეხურს მიაღწევს. ხოლო, როდესაც სიკეთესა და ბოროტებაზე შეხედულებები (ზნეობრივი შემეცნება) სრულყოფის უმაღლეს საფეხურს მიაღწევს, სურვილები ხალასი და წრფელი იქნება. ხოლო, როდესაც სურვილები ხალასი და წრფელია, გული ალალმართალი და პატიოსანია. ხოლო, როდესაც გული ალალმართალი და პატიოსანია, ადამიანიც უკეთესი ხდება. ხოლო, როდესაც ადამიანი უკეთესია, ოჯახშიც წესრიგი და სიმშვიდე სუფევს. ხოლო, როდესაც ოჯახში წესრიგი და სიმშვიდეა, ხალხის მართვა იოლია. ხოლო, როდესაც ხალხი ადვილად იმართება, მთელი სამყარო მშვიდობაში და თანხმობაში იცხოვრებს". კონფუცი


"ვინც სხვა შეიცნო – ჭკვიანია, ვინც საკუთარი თავი – ბრძენი". ლაო ძი


"ადამიანის ცხოვრების მეხუთედი თუ მესამედი, ან იქნებ ნახევარიც კი, არაცნობიერ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ჩვენი ბავშვობის პირველი ხანა არაცნობიერად გადის, ყოველ ღამით არაცნობიერში ვიძირებით და მხოლოდ განსაზღვრულ შუალედებში ვფლობთ მეტ-ნაკლებად ნათელ ცნობიერებას და კაცმა რომ თქვას, ისიც საკითხავია, თუ რამდენად ნათელია ეს ცნობიერება".


"ჩვენ ყველას მოგვსვლია – გვსურვებია ერთი, შეგვსრულებია მეორე, გამოგვსვლია მესამე. აქ აზროვნებაზე მეტად გრძნობა პრიორიტეტობს, ჩვენ გრძნობათა მიმართ ისე ავტომატურნი არა ვართ, როგორც აზროვნების, აღქმისა და წარმოდგენის მიმართ. გრძნობა გვევლინება როგორც უცხო ძალა... მე შემიძლია ნებისმიერ თემაზე ვიფიქრო, მაგრამ მე არ შემიძლია ჩემი ნების და მიუხედავად რაიმე გრძნობა ვიგრძნო!...
P.S. ეს რომ ასე ყოფილიყო, ცხოვრება ბევრად უფრო იოლი იქნებოდა. ჩვენ ძალგვიძს ახალი ცნებების ჩამოყალიბება, მაგრამ ახალი გრძნობების შექმნა კი, არა. ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ადამიანს ამოძრავებს რაღაც "არა მე", რასაც ფსიქოლოგიაში
"არაცნობიერს" უწოდებენ და რომლის წინაშეც ადამიანი უძლურია. თუმცა ეს არ ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისა და მოვალეობებისაგან" იუნგი


"სინდისის ხმა, რომელიც მხოლოდ ჩემგან მოდის (და არა რაიმე სხვა ძალისაგან, ვთქვათ ღმერთისაგან) იმ უცნაურობით ხასიათდება, რომ მე არ მემორჩილება და პირიქით, ჩემზე ბატონობს. იგი ჩემში, ჩემზე მაღალია". ჰაიდეგერი


"თუ მე არ ვდგევარ ჩემს თავთან, ვინ დადგება ჩემთან? თუ მე მხოლოდ ჩემთვის ვარ, ვინ ვარ მე? თუ არა ახლა, აბა, როდის?" თალმუდი


"თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლა ხომ არ გვაქცევს თავისუფლების მონებად? იქნებ სჯობდა ყოველ კაცს მთელი მეცადინეობა მიემართა საკუთარი თავის პოვნისაკენ? იქნებ სჯობდა მთელ ერსაც ეფიქრა ამაზე. ეს ხომ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ის თავისუფლება, რომელიც დღეს ყველა ქართველს პირზე აკერია, ვინაიდან თავისუფლებისათვის მებრძოლი მუდამ გარეთ იცქირება და ვიღაცისაგან გარედან მოელის მას. საკუთარი თავის მაძიებელი კი, თავისსავე სულში იმზირება მთელი ჩაღრმავებით. მარტოოდენ გარეთ მაცქერალი ვერც თავის თავს იპოვნის და ვერც თავისუფალი გახდება. თავისუფლების გარეთ მაძიებელი ვიღაცას მისსავე მსგავსს ეჯახება და ყოველი ასეთი დაჯახება კონფლიქტით და თავისუფლების დაკარგვით მთავრდება, ვიდრე პოვნით!" კარლო გოგსაძე


ფილოსოფია მეცნიერების სპეციფიკური დარგია. ე.წ. "მარადიული პრობლემების" წვდომისა და კვლევის პროცესში, იგი, რაღა თქმა უნდა, მიისწრაფვის დაადგინოს უცვლელი, მარადიული ღირებულებები, მაგრამ, იმავდროულად, მიზნად არ ისახავს მოიძიოს საყოველთაოდ მიღებული, ერთმნიშვნელოვანი პასუხები. შემოწმებული, მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტების არარსებობა სულაც არ არის ფილოსოფიის ნაკლი. მისთვის უფრო დამახასიათებელია ინტუიციაზე, ზეშთაგონებაზე, ლოგიკურ ანალიზზე დაფუძნებული ვარაუდები, მიხვედრები, რაც საშუალებას აძლევს ფილოსოფიას გაარღვიოს არსებული ცოდნის საზღვრები, გასცდეს მას და მოგვცეს განსხვავებული ახსნა ყოველივე იმისა, რაც ჯერ-ჯერობით მეცნიერულად დასაბუთებული არ არის. ამგვარად, ჭეშმარიტი ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი არ არის ერთგვაროვნება, თანმხვედრი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე. აღნიშნული ეხება ისეთ რთულ საკითხსაც, როგორიცაა ადამიანის პრობლემა.
"სახე და ხატი ღვთისა", "გონიერი არსება", "ბუნების გვირგვინი", "მოაზროვნე ცხოველი", "პოლიტიკური ცხოველი", "ცხოვრების ჩიხი", "ცხოვრების შეცდომა", "მორალური და თავისუფალი არსება" – აი, არასრული ჩამონათვალი იმ ეპითეტებისა, რითაც შეამკეს ადამიანი ფილოსოფიის არსებობის 2500 წლის განმავლობაში. და მაინც, რა არის ადამიანი? უნდა აღინიშნოს, რომ ფილოსოფიაში, ალბათ, არ არსებობს ამ კითხვაზე რთული კითხვა. ადამიანი ის საიდუმლოა, რომელიც "მარადიულ პრობლემათა" რიცხვს განეკუთვნება. ნიშანდობლივია, რომ ყოველთვის, როცა კი ადამიანი ყურადღების ცენტრში ექცეოდა, თავიდან იწყებოდა მისი არსის გარკვევა, წვდომა, შეფასება, თითქოსდა აქამდე არაფერი იცოდნენ მასზე. ეს, თავის მხრივ, მიუთითებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე – ფილოსოფიაში ადამიანზე რთული და წინააღმდეგობრივი "საგანი" არ არსებობს, რომლის წვდომისა და შეფასების დროს იკვეთება მრავალი პოზიცია – გულუბრყვილო, ოპტიმიზმით გამსჭვალული და პესიმიზმით აღსავსეც.

ადამიანმა თავისი თავის გაცნობიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაუჩნდა თვითცნობიერება. ამის ნათელი დასტურია პირველყოფილი მითები და რელიგიები. ადამიანის თვითშემეცნების ფილოსოფიური გააზრება გაცილებით გვიან მოხდა, რადგან ფილოსოფია, როგორც კულტურის დამოუკიდებელი ფორმა, ცივილიზაციის განვითარების გვიანდელ ხანას მიეკუთვნება. თვით ფილოსოფიის წიაღში ადამიანის პრობლემა გვიან დადგა. დასაწყისში იგი მიმართული იყო სამყაროს საიდულოებების ამოხსნაზე. სოფისტებმა პირველად, დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში, დაიწყეს მობრუნება ადამიანისაკენ. პროტაგორამ წამოაყენა თეზისი იმის თაობაზე, რომ ადამიანი არის ყველაფრის საზომი. მაგრამ ადამიანის საკითხი, როგორც ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა, სოკრატემ დასვა. მან დელფოს ტაძრის შესასვლელის წარწერა – "შეიცან თავი შენი" – აქცია ფილოსოფიური განსჯის ღერძად. ეს იყო გარდატეხის მომენტი. ამით დამთავრდა ძველბერძნული ფილოსოფიის ევოლუციის კოსმოლოგიური პერიოდი და დაიწყო ახალი ანთროპოლოგიური პერიოდი. ადამიანის არსის გარკვევა და დადგენა ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი თემა გახდა. ძნელია ადამიანური გონის ფსიქიკაზე, მისი ცხოვრების საზრისსა და მიმართულებაზე დაბეჯითებით, კატეგორიულად რაიმეს თქმა. ამ პრობლემის მოხსნა არ შეუძლია არც მეცნიერებას, არც კაცობრიობის მიერ დაგროვილ მრავალსაუკუნოვან ცოდნას და ზუსტ დაკვირვებებს; არც ზედმიწევნით გაანგარიშებულ თანამედროვე თეორიებს ძალუძთ ნათელი მოჰფინონ, ადამიანთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან, თუ იმანუელ კანტს დავესესხებით, "ყოველი ადამიანი ინდივიდუალური და შეუცვლელია თავისი ბუნებით".
ამ პრობლემის შესახებ ანტიკურ ფილოსოფიაში პოლარულად განსხვავებულ შეხედულებებს ვხვდებით. ჩინელი ფილოსოფოსი მენ-ძი ამბობდა, რომ ადამიანი დასაბამიდან არის კეთილი. ვაიძულოთ მას ჩაიდინოს ბოროტება – ეს ნიშნავს განვახორციელებინოთ თავისი ბუნების საწინააღმდეგო ქმედება. "ადამიანურობა – ეს არის ადამიანის გული". სუნ-ძი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი თქმით, "ადამიანს აქვს ბოროტი ბუნება". არისტოტელესათვის დასაშვებია არსებობდეს ადამიანი მონა, მეტყველი იარაღი, რომლის გათავისუფლება მან შემცვლელი იარაღის შექმნასთან დააკავშირა. მაისტერ ეკჰარტი ანტიკურობისათვის მკრეხელური ფორმულით გამოხატავს ადამიანის ადგილს სამყაროში – "ღმერთი და მე, ჩვენ ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ და ღმერთი ვერ განხორციელდება სულის გარეშე". ხმამაღლა ნათქვამი სიტყვებია, ეჭვი რომ არ ერეოდეს. თუმცა, არანაკლებია იმანუელ კანტის განცხადება: "ადამიანი თავად ქმნის თავის ღმერთს და თან მორალური გაგებით, ამგვარი რამ თვით უნდა შექმნას კიდეც, რათა მასში ეთაყვანებოდეს მას, რომელმაც თავად ის შექმნა". აქ საკითხი უფრო რთულად დგას. თუკი ამოდენა ნდობაა, მაშ რა საჭიროა "კატეგორიული იმპერატივი"? რას ნიშნავს კატეგორიული იმპერატივი და თავისუფლება ერთდროულად? ამ კითხვაზე პასუხს სცემს კაცობრიობის განვითარების გზა, სადაც ადამიანმა იმდენჯერ მოიპოვა ნდობა თავისი ადამიანობით, რამდენიც უნდობლობა თავისი არაადამიანურობით. ჩვენი სიცოცხლე ხომ მერყეობს ცხოველურ და ღვთაებრივ საწყისს შორის, მათ შორის, რაც უფრო დიდია, ვიდრე ადამიანური და რაც უფრო კნინია, ვიდრე ადამიანური. ჩვენს ქვევით წარმავლობა და ამაოებაა, ჩვენს ზევით – სულიერება და კეთილმსახურება. ადამიანი ხომ მუყაითიცაა, რომელიც სასწაულებს ახდენს და უზარმაცესიც, რომელიც გაწვდილი ხელით ელოდება მოწყალებას.
ადამიანის ორგვარ ბუნებას კარგად გამოხატავს კარლ იასპერსის ცნობილი სიტყვები – "ის, რადაც ვიცი ჩემი თავი, არა ვარ სინამდვილეში თვით მე". მართლაც და, რა არის "ცხოველური" და რა "წმინდა" სპეციფიკურ-პიროვნული ადამიანში. როგორია ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი, რა ადგილი უჭირავს ამ სამყაროში ერთი შეხედვით უძლურსა და პატარას, მაგრამ სინამდვილეში გრანდიოზული ძალებისა და უნარების მქონე არსებას, ძნელი ამოსაცნობია, უფრო მეტიც – ამოუცნობია. ცოცხალი ადამიანი არ არის რაღაც გაყინული სახე და ამიტომ არ შეიძლება იყოს აღწერილი როგორც ნივთი, საგანი. ფაქტობრივად შეიძლება ბევრი ითქვას ჩემზე, ჩემს ხასიათზე, ჩემს საერთო ცხოვრებისეულ ორიენტაციაზე; გამჭრიახმა გონებამ შეიძლება მიაღწიოს დიდ სიღრმეებს ჩემი ფსიქოლოგიური სტრუქტურის აღწერაში, მაგრამ მე მთლიანობაში, მთელი ჩემი ინდივიდუალობა, ჩემი თვითგამოხატულება, რომელიც იმდენად უნიკალურია, როგორც ჩემი თითების ანაბეჭდი, არასდროს შეიძლება იყოს სრულად შეცნობილი. ორი იდენტური ადამიანი არ არსებობს. არცერთი ქცევის აქტი არ შეიძლება იყოს აღწერილი ამომწურავი სახით. "გამოცანაა ღიმილი ყოველი ადამიანისა – არავის შეუძლია ზუსტად აღწეროს ინტერესის გამოხატულება, ენთუზიაზმი, ცხოვრების სიყვარული, სიძულვილი თუ ნარცისიზმი, რომელიც შეიძლება სხვა ადამიანის თვალებში, სიარულში, პოზასა და ინტონაციაში დავინახოთ" (ე. ფრომი).
სოკრატედან მოყოლებული, მთელი ფილოსოფიის ისტორიის მანძილზე არ შენელებულა ადამიანის რაობის კვლევა, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ პრობლემას კანტის ფილოსოფიაში მიეცა. კანტმა მთელი სიღრმით გააანალიზა ადამიანის თეორიული და პრაქტიკული უნარების შესაძლებლობანი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის არსებას მხოლოდ აუცილებლობა და თეორიული მოღვაწეობა არ განსაზღვრავს; ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, არის თავისუფალი ავტონომიური არსება. თავისუფლება არის ის, რითაც ადამიანი ახორციელებს ნამდვილ ყოფიერებას. ამდენად ადამიანად ყოფნის უპირველესი ნიშანია თავისუფლება. კანტის მიხედვით, თავისუფლება ნიშნავს კატეგორიული იმპერატივით ცხოვრებას. კატეგორიული იმპერატივი, წარმოადგენს ნებისყოფისა და გონების ისეთ ურთიერთობას, სადაც ნება გონების მოთხოვნებს ემორჩილება. გავიხსენოთ ეს მოთხოვნები – ადამიანი ყოველთვის მიზანია და არა საშუალება, ე. ი. სხვა ადამიანს ნუ გაიხდი შენი მიზნის მიღწევის საშუალებად; მოიქეცი ისე, რომ შენი ნებისყოფის მაქსიმას შეეძლოს გახდეს ამავე დროს საყოველთაო კანონმდებლობის პრინციპი. ამრიგად, ნებისყოფის მოვალეობაა დაიცვას გონების ის მოთხოვნები, რომელიც საზოგადოებისათვის მისაღებია. ამ შემთხვევაში თავისუფლება ასე განისაზღვრება: თავისუფლება არის გაცნობიერებული მორალური კანონი და მის საფუძველზე მოქმედება.
კანტის მიერ აღიარებული ნებისყოფის თავისუფლების კანონი, რომელიც გონების უპირატესობაზე იყო დამყარებული, ჰეგელმა კიდევ უფრო გააფართოვა. თუ კანტს გონების ცნებაში ტრანსცენდენტალური და იმანენტური გონება ჰქონდა გააზრებული, ჰეგელმა ის აბსოლუტური გონით შეცვალა. ჰეგელთან თავისუფლების ცნების განმარტება იგივე დარჩა, რაც კანტთან იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კანტთან კანონმდებელია ტრანსცენდენტალური გონი, ხოლო ჰეგელთან – აბსოლუტური გონი. ჰეგელთან თავისუფლება ნიშნავს აბსოლუტური გონის გაცნობიერებას და ამის საფუძველზე მოქმედებას. აქ უმაღლესი მიზანია აბსოლუტური გონი, რამაც ყველაფერი გამოავლინა სამყაროში და რითაც ყველაფერი ისევ მისკენ მიისწრაფვის. ასეთმა გაგებამ წარმოშვა მოთხოვნა – მიზანი ამართლებს საშუალებას, სადაც ადამიანი მიზნის ნაცვლად, საშუალებად გადაიქცა.
ირაციონალისტური ფილოსოფია, კანტისაგან განსხვავებით, ამტკიცებს, რომ გონებისა და ნებისყოფის ურთიერთობის გარკვევის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნებას, ნებისყოფის თავისუფლებას და არა გონებას. მათი აზრით, ადამიანის ნამდვილ თავისუფლებასთან მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება საქმე, რადგან გონება და ცნობიერება თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადამიანს, პირიქით, ის ბორკავს ადამიანის თავისუფლებას. ირაციონალიზმის წარმომადგენელი, გერმანელი ფილოსოფოსის არტურ შოპენჰაუერის (1788 – 1860 წწ.) მიხედვით, ნებისყოფის არაცნობიერი ძალა განსაზღვრავს ცნობიერებას და გონებას, ის იმორჩილებს ინტელექტს, რადგან არაცნობიერ სტიქიურ ძალასთან ჭიდილში ცნობიერება უძლურია. ამის ნათელსაყოფად შოპენჰაუერი ამბობს: "როგორც ლაგამი ვერ მოთოკავს აწყვეტილ ცხენს, ასევე ვერ მოთოკავს ინტელექტი და ცნობიერება ადამიანის ნებას. მისი აზრით, სამყაროში ყველაფერს მსოფლიო ნება მართავს და არა გონება. ამიტომ ადამიანი თავისუფალია მაშინ, როდესაც მოქმედებს და ცხოვრობს ნების კარნახით და არა გონების ამკრძალავი პრინციპებით. იგივე პოზიციას იცავს ფრიდრიხ ნიცშე. მისი აზრით, ადამიანს წარმართავს არაცნობიერი ძალა, რომელიც მას ძალაუფლების მოპოვებისაკენ მოუწოდებს. ნიცშე სიცოცხლის ფილოსოფიის წარმომადგენელია და როგორც უკვე ვიცით, მისთვის მიუღებელია კატეგორიული იმპერატივით ცხოვრება. მისი აზრით, კატეგორიული იმპერატივი მონად და მორჩილად ხდის ადამიანებს. მოთხოვნა "შენ უნდა!" ადამიანს ართმევს თავისუფლებას. ის კლავს ნამდვილ სიცოცხლეს. ამის საპირისპიროდ ნიცშე აყენებს თავის იმპერატივს "მე მსურს", რომელიც არაფრად აგდებს არსებულ ღირებულებებს და იბრძვის აბსოლუტური თავისუფლებისათვის. "მე მსურს" არის ზეკაცის იმპერატივი და უმაღლესი ღირებულება. ნიცშემ საზოგადოებას მოუწოდა იბრძოლოს საკუთარი თავისუფლების დამკვიდრებისთვის. მაგრამ მისი ზეკაცი გაურკვეველ ვითარებაში ვარდება, რადგან ღმერთს უარყოფს და ღმერთის ფუნქციებს კისრულობს. რაკი ეს ასეა, მაშინ ზეკაცმა ყველაფერზე თვითონ უნდა აგოს პასუხი. ასეთ ვითარებაში ადამიანის თავისუფლება ჩიხში შედის და გამოსავალს ვერ პოულობს. ეს არის ნიჰილისტური მსოფლმხედველობა, რომელიც საზოგადოებაში ანარქიას უშვებს.
გერმანელი ფილოსოფოსის ვილჰელმ დილთაის (1833 – 1911 წწ.) მიხედვით, ღმერთი აძლევს ადამიანს თავისუფლებას, არ ბოჭავს მის შემოქმედებას და არ ადგენს საბოლოო უცვლელ მიზანს. მისი აზრით, ადამიანის სიცოცხლის მიზანი თვითონ ადამიანშია, ის არ არის გარედან თავსმოხვეული იძულება. სიცოცხლის სწრაფვა ადამიანის შინაგანი იმპულსია. ვინაიდან ცხოვრება უსასრულოდ მრავალმხრივია თავის შესაძლებლობებით, ადამიანი ამ შესაძლებლობებს მისი შინაგანი თავისუფლების, მისი ინტუიციური ალღოს მიხედვით ირჩევს. დილთაის აზრით, ადამიანის სულიერ სამყაროს მეცნიერული ახსნის მეთოდებით ვერ შევიცნობთ. ადამიანის სულიერ მისწრაფებებს, ლტოლვებს და თავისუფლებას მხოლოდ გაგების უნარი წვდება. დილთაი ფილოსოფიის ამოცანად მიიჩნევს სიცოცხლის საიდუმლოების ამოხსნას. სულმა თავის თავში უნდა ჰპოვოს განხორციელების შესაძლებლობა და არა საბოლოო მიზანში. აქ თვითონ მოძრაობაა ღირებულება და არა საბოლოო მიზანი, რადგან სიცოცხლე ვერ ეგუება გაჩერებას და საზღვარს. ამიტომ, ადამიანის შემოქმედებითი თავისუფლება განუსაზღვრელია, მან თავისი თავი უნდა იპოვოს ისევ თავის თავში და ამით გახდეს თავისუფალი არსება.

ექსისტენციალიზმი სიცოცხლის ფილოსოფიის გაგრძელებაა. მას საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის დანიელმა ფილოსოფოსმა სორენ კირკეგორმა (1813 – 1855 წწ.), რომელიც დაუპირისპირდა ჰეგელის ფილოსოფიას. მისი აზრით, ჰეგელთან ლაპარაკია მხოლოდ
კაცობრიობაზე, სახელმწიფოზე და სხვა ზოგად პრობლემებზე, მაგრამ არაფერია მოცემული პიროვნების ონტოლოგიურ საწყისებზე. კირკეგორის მიხედვით, შეუძლებელია ლოგიკური აზროვნებით ამ საწყისების ძიება, რადგან ასეთ მსჯელობას პარადოქსამდე მივყავართ და აუხსნელი რჩება ადამიანის არსება. მისი აზრით, ადამიანი უნდა დაემყაროს ღმერთის რწმენას, მხოლოდ რწმენას შეუძლია იხსნას ადამიანი აუხსნელი პრობლემებისაგან, რომლებიც ადამიანში შიშსა და სასოწარკვეთას იწვევს. შიში არის ადამიანური ყოფიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ექსისტენცია, მის გარეშე არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ არსებობს, ის მუდამ თან სდევს ადამიანურ ცხოვრებას. შიშის განცდას მრავალი ვითარება იწვევს, მაგრამ ყველაზე მთავარია სიკვდილის შიში. ამიტომ ადამიანმა გამოსავალი რელიგიურ რწმენაში უნდა ჰპოვოს. კირკეგორმა ამით რელიგიურ ექსისტენციალიზმს ჩაუყარა საფუძველი.
რელიგიურ ექსისტენციალიზმს ავითარებს XX საუკუნის ფილოსოფოსი კარლ იასპერსი (1883 – 1969 წწ.). მისი აზრით, ადამიანი თავის სულიერ ყოფიერებაში ღრმად მაშინ იყურება, როდესაც იგი შიშსა და სასოწარკვეთაში ვარდება. სწორედ ამ დროს ხდება გამოუცნობი ექსისტენციების ხედვა და ადამიანი თავისუფლდება ყოველგვარი საზრუნავისაგან, რომელიც ტვირთად აწევს მას. ამ განცდაში ხდება ექსისტენციალური გაცისკროვნება, ადამიანი თავიდან იცილებს სხვა წარმოდგენებს და გადადის ღმერთის განცდაზე. ადამიანს მხოლოდ ღმერთის რწმენა აძლევს საშუალებას გავიდეს თავისი იმანენტური სამყაროდან ტრანსცენდენტურ სამყაროში და ეზიაროს ჭეშმარიტებას. რწმენა არის ადამიანის შინაგანი თავისუფლების გამომხატველი. ღმერთი და თავისუფლება განუყოფელია. ადამიანი თავისუფლებას ავლენს არჩევნის შესაძლებლობაში, რაც განპირობებულია შინაგანი ექსისტენციის კარნახით. მაგრამ ადამიანი თავისი ყოფიერებით კავშირს ამყარებს საზოგადოებრივ ყოფიერებასთან ანუ მუნყოფიერებასთან. თუ მოქმედება მუნყოფიერებით იქნება განპირობებული, მაშინ არავითარ თავისუფლებასთან არ გვექნება საქმე. იასპერსის მიხედვით, მუნყოფიერებაში მიზნის მისაღწევად ყველაფერი (მტრობა, ვერაგობა, სიცრუე... ) დასაშვებია, მაგრამ ექსისტენცია გამორიცხავს ასეთ მისწრაფებებს. ექსისტენცია ნიშნავს სიყვარულისკენ, ღვთაებრივისაკენ სწრაფვას. სწორედ ასეთი სწრაფვა აქცევს ადამიანს თავისუფალ არსებად. ღვთაებრივისაკენ სწრაფვა არის შიშის დაძლევისა და სიმშვიდის დამკვიდრების ერთადერთი გამოსავალი.
არარელიგიური ექსისტენციალიზმი ჩამოაყალიბა გერმანელმა ფილოსოფოსმა მარტინ ჰაიდეგერმა (1889 – 1976 წწ.). არარელიგიური არა ნიცშეს გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ ფილოსოფია უნდა ემყარებოდეს თავის თავს, ის თავისი თავიდან უნდა გამოვიდეს და არა სხვისგან, რადგან ადამიანი თავისუფლებას მხოლოდ საკუთარ ყოფიერებაზე მიმართული რეფლექსიის გზით აღწევს. მისი აზრით, რეფლექსიისა და საკუთარი ყოფიერების ღრმა განცდის საშუალებაა დრო. დრო არის ყოფიერებისა და მუნყოფიერების შემაკავშირებელი. საკუთარი ყოფიერებიდან მუნყოფიერებაში გასვლა და იქედან დაბრუნება საკუთარ თავში დროის განცდით შეიძლება. ამიტომ დრო არის ისტორიის ჰორიზონტი. ჰაიდეგერის აზრით, პიროვნული ყოფიერების ძირითადი ექსისტენციებია შიში, შეშფოთება, ზრუნვა და სხვა. ეს ექსისტენციები ყოველთვის თან ახლავს ადამიანის განწყობას. განწყობა არის პიროვნული ყოფიერების ფუნდამენტური ექსისტენციალი. ყოფიერებაზე მოძღვრებას ჰაიდეგერმა ფუნდამენტური ონტოლოგია უწოდა. საკუთარი თავი რომ იპოვოს, საჭიროა პიროვნება განერიდოს პრაქტიკულ და პრაგმატულ მეცნიერულ განწყობას, განიწმინდოს მისგან და გადავიდეს მისი არსებობის ძირითად ექსისტენციებზე. ადამიანი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ გააცნობიერებს თავის მოკვდაობას და წარმავლობას. მხოლოდ სიკვდილის შეცნობა იძლევა ნამდვილი სიცოცხლის გააზრების საშუალებას. სიცოცხლის გააზრება მხოლოდ გაგებით შეიძლება, მისი მეცნიერული ახსნა შეუძლებელია. ამიტომ გაგება ადამიანური ყოფიერების ძირითადი მახასიათებელია. პიროვნული თავისუფლების საზრისი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა აირჩიოს გზა მომავლისაკენ, ანუ აირჩიოს საკუთარი მომავალი.
ჰაიდეგერის მიხედვით, გაგება არც ფსიქოლოგიურია და არც ლოგიკური, ის არც გარედან მოდის და არც შიგნიდან, არამედ ის არის სამყაროში ყოფნის წესი. ადამიანი მაშინ ხდება პიროვნება, როცა ის გადაწყვეტილებას იღებს. გადაწყვეტილება კი ნიშნავს ნახტომს მომავალ ყოფნაში.
არარელიგიური და ათეისტური ექსისტენციალიზმის პოზიციაზე დგას ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ჟან პოლ სარტრიც (1905 –1980 წწ.). სარტრის ფილოსოფიის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების საკითხი. მისი აზრით, ადამიანი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან თავისუფალია. სწორედ თავისუფლებაა ადამიანისთვის ისეთი რამ, რომელიც მისგან მოითხოვს ყველაფერზე, ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას. ამიტომ მისთვის მიუღებელია რელიგიური ექსისტენციალიზმის ამოსავალი დებულება, რომლის მიხედვითაც ღმერთი არის ადამიანის თავისუფლების გარანტი, რომ ღმერთისკენ სწრაფვა არის ადამიანის თავისუფლების განხორციელება. თავისუფლების ასეთი გაგება, ადამიანს უხსნის პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებაზე და ეს პასუხისმგებლობა ღმერთზე გადადის.
სარტრის აზრით, ღმერთი რომ არსებობდეს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მომავლის განსაზღვრა, მაგრამ, რადგანაც ის არ არსებობს, მომავლის განსაზღვრა შეუძლებელია. ამიტომ ადამიანი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და თავადვე უნდა აგოს პასუხი მასზე. პასუხისმგებლობის გადატანა არც საზოგადოებაზე და არც ღმერთზე არ შეიძლება. არ არსებობს რაიმე სხვა ღირებულება, რომელიც ადამიანზე მაღლა დგას. ამდენად თავისუფლება ადამიანისთვის არის მძიმე ტვირთი, რადგან ყველაფერზე თვითონ უნდა აგოს პასუხი. სარტრის აზრით, ძალიან ძნელია იყო ადამიანი, რადგან "ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით". სარტრის მიხედვით, არ არსებობს ობიექტური და საყოველთაო ღირებულებები, არამედ ყველა ღირებულებას ადამიანი თვითონ ქმნის.

გაგრძელება იქნება ... .

4
4787
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოანეო
ნოანეო
4787
  
2013, 29 აპრილი, 18:21
ქალბატონო ია მე წყაროებში მითითებული მაქვს ეს ყველაფერი უბრალოდ რამოდენიმე ნაკვესი ჩემებურად დავალაგე. ძალიან მომეწონა აღნიშნული სახელმძღვანელო. მადლობა ავტორებს.
2013, 23 აპრილი, 19:59
უკაცრავად ავტორი თქვენ ბრძანდებით ამ სტატიისა ბატონო "ნოანეო"? მე კი გეტყოდით: აღნიშნული სტატია გახლავთ სახელმძღვანელოდან "ფილოსოფია" (არასპეციალური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის). ავტორები: ია ბერიძე, თამარ ფანცულაია. თბ.2010.
2013, 20 თებერვალი, 17:57
დიდი მადლობა
2013, 20 თებერვალი, 17:51
"ადამიანის ცხოვრების მეხუთედი თუ მესამედი, ან იქნებ ნახევარიც კი, არაცნობიერ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ჩვენი ბავშვობის პირველი ხანა არაცნობიერად გადის, ყოველ ღამით არაცნობიერში ვიძირებით და მხოლოდ განსაზღვრულ შუალედებში ვფლობთ მეტ-ნაკლებად ნათელ ცნობიერებას და კაცმა რომ თქვას, ისიც საკითხავია, თუ რამდენად ნათელია ეს ცნობიერება". ეს ძალიან მომეწონაა ...კარგი სტატიაა :) : ): )
0 1 4