x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იოანე პეტრიწი

imageიოანე პეტრიწი მე-11 საუკუნის დასასრულისა და მე-12 საუკუნის დასაწყისის ქართველი ნეოპლატონიკოსი, პოეტი და მთარგმნელია. განათლება მიღებული აქვს კონსტანტინეპოლის მანგანის აკადემიაში. თავისი ორიგინალური მსოფლმხედველობის გამო რენესანსოლოგიაში იგი აღიარებულია ისეთი დიდმნიშვნელოვანი მოვლენის საფუძველდამდებად, რასაც წარმოადგენდა აღმოსავლური (ქართული) რენესანსი მე-11 – მე-13 საუკუნეებში.ნაციონალური მუსიკალური ხელოვნების, მისი მრავალხმიანობის კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებული ღირებულების დოკუმენტადაა მიჩნეული მის მიერ ბერძნულიდან ქართულად გადმოღებული და კომენტირებული ნაშრომი "განმარტებანი პროკლესა დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის." ეს უკანასკნელი ფაქტიურად კომენტატორის საფარველს ამოფარებული ქართველი ფილოსოფოსის ნააზრევია.
თხზულებაში ("განმარტებანი") პეტრიწის ინტერესი მუსიკალური ხელოვნებისადმი განსაკუთრებულია. იგი სცნობს "ხელოვანი ღმერთის" იდეას, რომლის ანარეკლის მიხედვითაა აწყობილი და "ამუსიკალებული" მთელი სამყარო. ფილოსოფოსის რწმენით სწორედ მუსიკას სხვაზე უკეთ ძალუძს "ხედვა" და განცდა "ერთისა". "განმარტებანის" დასკვნით ნაწილში უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო დოგმატზე – წმინდა სამების ერთიანობაზე მსჯელობის დროს, ფილოსოფოსი მუსიკალურ ხელოვნებას მიმართავს როგორც უმთავრეს არგუმენტს, ნიმუშს თეოლოგიური დებულების თვალსაჩენად. პეტრიწი სამი ჰიპოსტასის – მამა, ძე, სულიწმინდას ერთიანობის საუკეთესო ანარეკლს ქართულ მრავალხმიანობაში – სამი განსხვავებული ხმის ერთდროულ ხმოვანებაში - "მორთულებაში" (ბერძნული ჰარმონიის შესატყვისი) ხედავს. ხსენებული ხმათა სახელწოდებები "მზახრი" (პირველი ხმა), "ჟირი"(მეორე ხმა) და "ბამი"(მესამე ხმა) ორიგინალური, ნაციონალურია. ისინი (ცნებები) ქართულ მრავახმიან სასიმღერო პრაქტიკაში დღემდე ცნობილი ხმათა სახელწოდებების შესატყვისია.
იოანე პეტრიწის ლექსიკაში დაფიქსირდა მეტად ღირებული მასალა მისი ეპოქის შესაბამისი ეროვნული მუსიკალური ტერმინოლოგიიდან, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მრავალხმიანობას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართველი ფილოსოფოსის მიერ მის თანამედროვე საფილოსოფოსო ლექსიკაში აღიარებული კატეგორიის - "ჰარმონიის" იგნორირების ფაქტი. "ჰარმონიის" სანაცვლოდ, რომელიც შუა საუკუნეების მუსიკალურ თეორიაში ერთხმიან, ლინეარულ მუსიკალურ დიალექტიკას აღნიშნავდა, ქართველმა ფილოსოფოსმა გამოიყენა ნაციონალური ლექსიკიდან წარმომავალი ცნებები, როგორიცაა: "ნართი", "რთვა", "მორთულება" და ა.შ. მუსიკალური დიალექტიკის გაგების თვალსაზრისით ბერძნული "ჰარმონიის" და შესაბამის ქართულ ცნებათა შინაარსი თვისობრივად განსხვავებულია. პეტრიწისეულ მუსიკალურ "ნართში" ღვთაებრივი წმინდა სამების მუსიკალური ანალოგია, - ანუ ვერტიკალში განხორციელებული სამი ხმის დიალექტიკური ერთიანობაა ნაგულისხმევი.
მე-11 საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ თხზულებაში მრავალხმად აზროვნების დამადასტურებელი მუსიკალური ტერმინოლოგიის დაფიქსირების ფაქტი, თუ უფრო ადრე არა, მე-11 საუკუნეში მაინც უდაოს ხდის მრავალხმად მღერის ხელოვნების არსებობას საქართველოში.

0
204
შეფასება არ არის
ავტორი:ქართული გალობა
ქართული გალობა
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0